ინგო მაურერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია განათების დიზაინის სფეროში და არამხოლოდ. მისი ბრენდი – Ingo Maurer GmbH, რომელიც მაურერმა 1963 წელს დააარსა გერმანიაში (პირველად “Design M“-ის სახელით), 2019 წლიდან, მისი გარდაცვალების შემდგომ, დიზაინერ აქსელ შმიდის ხელმძღვანელობით განაგრძობს მუშაობას.
როგორც შმიდი აღნიშნავს, ინგო მაურერის გუნდი ორი ნაწილისგან შედგება: ერთი ნაწილი პროდუქტების განვითარებაზე მუშაობს, ხოლო მეორე – არქიტექტურულ თუ ურბანულ პროექტებსა და ინსტალაციებზე. მისი თქმით, პროექტების განსხვავებული მასშტაბი, უკიდურესად მარტივი პროტოტიპებიდან – სამოქალაქო ობიექტების განათების კონცეფციამდე თუ ლაით-შოუებამდე – ამ ბრენდისთვის მუშაობის მთავარი გამოწვევა და ხიბლია.
ინგო მაურერის ნამუშევრები მხოლოდ ფუნქციურ ობიექტებს არ წარმოადგენს – ისინი ცოცხალი ინტერპრეტაციაა სინათლის, ტექნოლოგიისა და ემოციის ურთიერთმიმართებისა. მაურერმა წლები დაუთმო იმის გამოძიებას, თუ როგორ შეუძლია განათებას არა მხოლოდ სივრცის გარდაქმნა, არამედ აზრის, განწყობისა და ოცნებების გამოხატვაც.
იგი ხშირად ამბობდა, რომ სინათლე არის ემოციის მატარებელი. ეს არ იყო უბრალოდ განცხადება – მისი თითოეული ნამუშევარი მიზნად ისახავდა მაყურებელში განცდის გამოწვევას. მაურერისთვის განათება არც მხოლოდ დეკორი იყო და არც ტექნიკური ელემენტი – მისთვის ეს იყო „მესამე მასალა“, რომელიც მუდმივად იცვლებოდა და გარდაიქმნებოდა.
დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ინგო მაურერისა და მისი გუნდის მიერ შესრულებულ ზოგიერთ ინსტალაციასა და პროექტს, რომლებშიც სინათლე სივრცის ემოციურ ცენტრში ექცევა და მას ჯადოსნურ სანახაობად გარდაქმნის.

გასულ წელს გაიხსნა მიუნხენის მეტროს სადგური Sendlinger Tor, რომლის ფერადოვან გადაწყვეტასა და განათების დიზაინზე ბრენდი 2016 წლიდან მუშაობდა. მეტროსადგურის ჩასასვლელი და პლატფორმები ყვითელ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი, ჭერისა და კედლის პანელებში LED სანათების ჩანართებით. მეტროსადგურისთვის ასევე შეიქმნა დიდი ზომის თეთრი, დისკისებრი სანათები, რომლებიც, ერთი მხრივ, სადგურის წრიულ სვეტებს გამოკვეთს და თითქოს კაპიტელებივით აბოლოებს მათ, მეორე მხრივ კი – ჭერისა და კედლის შავი პანელების ფონზე ლევიტაციის ეფექტს ქმნის.
რამდენიმე წლით ადრე ინგო მაურერმა, Allman Sattler Wappner Architekten-თან თანამშრომლობით, შექმნა განათების დიზაინი მიწისქვეშა ტრამვაის სადგურებისთვის კარლსრუეში.
თავად ინგო მაურერი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ხშირად საჯარო სივრცეებსა და სამოქალაქო ობიექტებზე უფრო აინტერესებდა მუშაობა, ვიდრე – კერძო დამკვეთებთან. და თითქოს, ამ პროექტის მაგალითზე მართლაც შეგვიძლია დავინახოთ, რამხელა ეფექტის მიღწევაა შესაძლებელი ამ მასშტაბის ობიექტზე მუშაობისას. ერთი მხრივ, ეს სტერილური სითეთრე ლაბორატორიასავით გარემოს უქმნის განათებას, ფონად იქცევა მისთვის და მთელ ყურადღებას მისკენ მიმართავს. მეორე მხრივ, განათება აქ თავისი ყველაზე უტილიტარული სახით არის წარმოდგენილი – ლედ-სანათები, სადენები, სასიგნალო ნათურები. ცირკულაციის კვანძებში განათების „ჭერზე“ წითელი, მწვანე და ლურჯი პროექტორების სისტემებია დამაგრებული, რაც მათ ქვეშ მგზავრების მოძრაობისას ცისარტყელა-ჩრდილებად იშლება.
კარლსრუეს ტრამვაის სადგურების დიზაინი ასოციაციას იწვევს ინგო მაურერის კიდევ ერთ საკულტო პროდუქტთან YaYaHo, რომლის პროტოტიპიც პირველად 1984 წელს წარადგინეს.

ესაა დაბალი ძაბვის ჰალოგენური სანათების ნაკრები, რომელიც კედლებს შორის გაჭიმულ ორ გვარლზე თავსდება საკიდების ბოლოებში დამაგრებული მეტალის სიმძიმეებით. მომხმარებელს შეუძლია სურვილისამებრ ცვალოს სანათების თანმიმდევრობა, მათ შორის მანძილი და სიმაღლე.

რკინიგზის სადგურებში ინგო მაურერის პირველი ნამუშევარი – მიუნხენის ვესტფრაიდჰოფის სადგური, ალბათ ყველაზე მეტად ცნობილი და დასამახსოვრებელია მის ინსტალაციებს შორის. აქაც, ინგო მაურერი უმარტივესი გეომეტრიითა და ძირითადი ფერების მკვეთრი ჟღერადობით იღებს მომნუსხველ შედეგს. ვესტფრაიდჰოფის სადგური შესანიშნავი მაგალითია ინგო მაურერის მიდგომისა სინათლესთან, როგორც „არარსებულ მასალასთან“.

სხვათა შორის, ასეთივე გუმბათოვანი სანათები ინგო მაურერმა გამოიყენა ფეხსაცმლის ბრენდ „კემპერის“ შოურუმის გაფორმებისას სოჰოში, ნიუ-იორკში. „XXL გუმბათები“ ამ შემთხვევაში „კემპერის“ სახასიათო წითელ ფერში იყო გადაწყვეტილი.

აღსანიშნავია, რომ ინგო მაურერმა არაერთ მოდის სახლთან თუ ბრენდთან იმუშავა მისი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე. 1998 წელს, როცა ქაღალდის სანათების ახალი ხაზის წარსადგენად ტოკიოში იყო ჩასული, მაურერმა იაპონელი დიზაინერი, ისი მიაკი გაიცნო. ამ შეხვედრიდან მალევე, მან გააფორმა პარიზში ბრენდის 2000 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება. მომდევნო წელს კი შეასრულა განათების კონცეფცია და ინსტალაცია-სანათი ბრენდის შოურუმისთვის ლონდონში.

2017 წელს, მილანის მოდის კვირეულზე ინგო მაურერმა წარმოადგინა ინსტალაცია „ფერაგამოს“ ახალი სუნამოსთვის Amo. ბოტიჩელის ტილოებიდან მოგროვილი ჭრელი ყვავილებით პალაცო მეცანოტეს ტრავერტინის ფასადი იყო განათებული.

2018 წელს ინგო მაურერმა იმუშავა სასტუმრო “წინანდლის მამული რადისონ ქოლექშენის” პროექტზე. საინტერესოა, რომ სასტუმროს ინტერიერში გამოყენებული სანათების ნაწილი სპეციალურად “წინანდლის მამული რადისონ ქოლექშენისთვის” შეიქმნა, რაც სასტუმროს სივრცეებს სახასიათო დეტალებად აქცევს.

ამას გარდა, “წინანდლის მამული რადისონ ქოლექშენში” არაერთი ცნობილი მოდელი გვხვდება ბრენდის კოლექციიდან.


ინგო მაურერის სანათებია გამოყენებული წინანდლის მამულის ტერიტორიაზე არსებულ მე-20 საუკუნის ქართული არქიტექტურის ინტერპრეტაციით შექმნილ აგურის ვილაშიც.
განათების პროექტის გარდა, ინგო მაურერს ეკუთვნის წინანდლის ისტორიული მარნის კამაროვანი ჭერის მოხატულობის ესკიზი. ჭერის ნახატი და მისი ფერადოვანი გადაწყვეტა შთაგონებულია გამოქვაბულის მხატვრობითა და ლასკოს მღვიმით, რომელიც ინგო მაურერმა ერთი წლით ადრე მოინახულა. მარნის გრძელი დარბაზის გასანათებლად, ჭერის „პრეისტორიულ“ გამოსახულებასთან თეთრი ფერის, მსუბუქი ქაღალდის ჭაღებია შეხამებული. ასეთი კონტრასტებითა და დამახასიათებელი იუმორით, ინგო მაურერი სასტუმროს ნაწილებს ცოცხალ და მრავალფეროვან სივრცეებად გარდაქმნის, ისე, რომ მათი ისტორიულ და არქიტექტურულ ღირებულებას კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს.

დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ ინგო მაურერის გუნდის მიერ შესრულებული ნამუშევრებიდან განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება ბრენდის მიერ 2023 წლის მილანის დიზაინის კვირეულის პარალელურად წარმოდგენილი ინსტალაცია Light – Floating Reflection [„სინათლე – ლივლივა ანარეკლი“]. ინსტალაცია მილანის ცენტრში, ისტორიულ პორტა ნუოვას თაღში იყო მოთავსებული და ორი ნაწილისგან შედგებოდა – თაღზე დამაგრებული ბადისგან, რომელზედაც ამრეკლი მასალისგან დამზადებული თხელი ფირფიტები ეკიდა და მის ქვეშ მოწყობილი 30-მეტრიანი პლატფორმისგან, რომელიც მკვეთრი კონტრასტული ფერების ფლუროსცენტული საღებავით იყო დამუშავებული. დღის განმავლობაში, ფერადოვანი ანარეკლი განათების შესაბამისად იცვლებოდა და მოძრავი, ცოცხალი სიხალისით შემოდიოდა ურბანულ სივრცეში.

ერთი შეხედვით, პორტა ნუოვას ინსტალაცია მოგვაგონებს ინგო მაურერის ადრინდელ, ზომით – უფრო მოკრძალებულ, მაგრამ არანაკლებ მომაჯადოებელ სანათს, საოცრად პოეტური სახელით, Lacrime del Pescatore [„მებადურის ცრემლები“].

სანათის სისტემა სამი სხვადასხვა ზომის ნეილონის ბადისგან, 385 ცალი მინის კრისტალისგან და ჰალოგენური ნათურისგან შედგება, რომელიც ბადეებისგან დამოუკიდებლად, მოპირდაპირე კედელზე მაგრდება და „ცრემლებში“ გავლილი ათინათებით მთელს სივრცეს სიზმრისეულ სანახაობად აქცევს.
ინგო მაურერი იხსენებს, რომ პროდუქტის შექმნა ვენეციის ლაგუნაზე ნანახმა, დილის მზეში აბრჭყვიალებულმა თევზსაჭერმა ბადეებმა შთააგონა. ასეთი სურათები ღრმა ბავშვობიდანაც მოჰყვებოდა მის მეხსიერებას. ბავშვობაში მისი ოჯახი შვეიცარიის საზღვართან, კონსტანცის ტბაში მდებარე კუნძულ რაიხენაუზე ცხოვრობდა. „გამიმართლა, რომ კუნძულზე გავიზარდე,“ – ჰყვება მაურერი ერთ-ერთ ინტერვიუში, „მამაჩემი მეთევზე იყო და მეც ხშირად ვიყავი ხოლმე ტბაზე მასთან ერთად. ვუყურებდი, საგნები მზეში როგორ დაცურავდნენ – ეს გამოცდილება წლების შემდეგ ჩემს ნამუშევრებში ავსახე“.
მოძრაობა, ცვლილება, ასევე – ინტერაქცია, სხვა ინსტალაციებისა თუ პროდუქტების მსგავსად, „მებადურის ცრემლების“ შემთხვევაშიც თითქოს ასრულებს კომპოზიციას. სივრცეში სანათის განთავსების რამდენიმე ვარიანტი არსებობს – ისინი შეიძლება დამაგრდეს ჭერზე ან დაფიქსირდეს კედელზე, ან – ჭერსა და კედლებს შორის. ხოლო მინის კრისტალები სათითაოდ იკიდება ბადეებზე სანათის მონტაჟისას.
მაურერის დიზაინი ინტუიციური იყო, თავისუფალი აკადემიური წესებისგან. ის მიჰყვებოდა ინსინქტს, შეგრძნებას და არა – ბიუჯეტს, ემოციას და არა სტანდარტულ ტექნიკურ მონაცემებს. მისი ცნობილი პროდუქტები, იძლევიან რა უამრავ შესაძლებლობას მათი გარდაქმნისა და მათით თამაშისთვის, მომხმარებელს საკუთარი ხელით შექმნის სიხარულსაც უზიარებენ.
ინგო მაურერის ნამუშევრები, მასშტაბის მიუხედავად, ნათელი მაგალითებია იმისა, თუ როგორი მნიშვნელოვანი ელემენტი შეიძლება იყოს სინათლე არქიტექტურაში და რამხელა გავლენას ახდენს ის ამა თუ იმ სივრცის აღქმასა და შეგრძნებაზე.
მაურერის მემკვიდრეობა დღესაც ცოცხალია. მისმა დიზაინებმა გზა გაუხსნა განათების დიზაინის ახალ მიმართულებებს, სადაც სინათლე აღიქმება როგორც მატერია, როგორც ემოციური ინსტრუმენტი და როგორც ისტორიის მთხრობელი.