in

არქიტექტორის ბინა, როგორც ცოცხალი კოლექცია — მარიამ გვაზავას ინტერიერი კეკელიძის ქუჩაზე

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ეს 105 კვადრატული მეტრის ბინა ერთი შეხედვითაც ცხადყოფს, რომ აქ სივრცე მხოლოდ საცხოვრებლად არ არის შექმნილი — ის პირადი ისტორიის, მოგონებებისა და მუდმივად ცვალებადი ნივთების ცოცხალი სცენაა. მარიამ გვაზავასთვის, სტუდია Material Editors-ის თანადამფუძნებლისთვის, ეს ინტერიერი არ არის დასრულებული კომპოზიცია; ის პროცესია, რომელიც ყოველდღიურად იცვლება და ივსება.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, ბინის ძიება მისთვის ხანგრძლივი და მიზანმიმართული პროცესი იყო. მარიამს სურდა ძველი სახლი — ისეთი, რომელსაც საკუთარი დროის შრეები ექნებოდა შენახული. სწორედ ამიტომ, როდესაც ეს ბინა პირველად ნახა, მაშინვე მიხვდა, რომ ის იყო სივრცე, რომელსაც ეძებდა. მუხისა და მაკაგონის პარკეტი, ძველი კარნიზები (რომლებიც მხოლოდ შემოსასვლელში იყო შემორჩენილი), გახსნილი გეგმარება, სამმხრივი განიავება და ხედები მთაწმინდაზე — ყველაფერი ზუსტად იმ წარმოდგენას ემთხვეოდა, რაც მანამდე ჰქონდა.

თუმცა, სივრცის საბოლოო სახე არსებული გეგმარების პირდაპირი გაგრძელება არ გამხდარა. ინტერიერი გადაკეთდა — სამზარეულოსა და დიდ ოთახს შორის მოხდა კედლის დემონტაჟი, დაემატა სტუმრისთვის სველი წერტილი, გაიზარდა მთავარი აბაზანა და სტუმრის საძინებელს ახალი შესასვლელი გაუჩნდა. ეს ცვლილებები სივრცეს არა მხოლოდ ფუნქციურად აუმჯობესებს, არამედ უფრო თავისუფალსა და მოქნილს ხდის.

მარიამის ინტერიერი განსაკუთრებულად საინტერესო სწორედ მისი შევსების პრინციპით ხდება. მისთვის მნიშვნელოვანია მემორაბილია — წიგნები, სანათები, მცენარეები, ვინილები, ნივთები, რომლებიც ისტორიას ატარებს. განსაკუთრებით ძვირფასია ბაბუსგან მიღებული არქივი — ფოტოაპარატები, წიგნები და ნახატები, რომლებიც ინტერიერის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ბინის „ფონი“ მაქსიმალურად ნეიტრალური ყოფილიყო — სივრცე, რომელიც არ კონკურირებს ნივთებთან, არამედ გამოკვეთს მათ.

ეს მიდგომა პირდაპირ უკავშირდება Material Editor-ის არქიტექტურულ ხელწერასაც — სუფთა გეომეტრიული ფორმები, მკაფიო ხაზები და მინიმალისტური სტრუქტურა. ბინაში თითქმის ყველა ელემენტი პარალელურ და მართობულ ხაზებში იკვეთება, რაც სივრცეს ლოგიკურ და თანმიმდევრულ რიტმს აძლევს. მასალების არჩევანიც ამავე პრინციპს ემორჩილება — ბუნებრივი და ამრეკლი ზედაპირები, უჟანგავი ფოლადი, ფანერა და ხე ინტერიერის მთავარ კომპონენტებად იქცევა.

“სტუდიაში ყოველთვის ვცდილობთ, ყველა ინტერიერში ძირითადად ჩვენი დიზაინით დამზადებული ავეჯი გამოვიყენოთ. სწორედ ამიტომ, ჩემს სახლშიც მხოლოდ სკამებია მაღაზიაში შეძენილი (ყოველთვის მინდოდა Wassily Chair და Marcel Breuer-ის სკამები მქონოდა), დანარჩენი კი ყველაფერი ხელნაკეთია. მგონია, რომ ყველა ასეთ ნივთთან რაღაც მოგონება ან ისტორია მაკავშირებს,” – გვიამბობს მარიამი

ტელევიზორის ქვეშ განთავსებული თარო, ვერტიკალური მოქარგული სანათი, მაკიაჟის კომოდი და საძინებლის ყავის მაგიდა — ეს ყველაფერი მარიამის შექმნილია. როგორც თავად ამბობს, ეს საქმიანობა ბოლო პერიოდში ჰობად ექცა. ინტერიერში ასევე ვხვდებით „Cord Brunch&Bar“-ისთვის შექმნილ სკამებს, რომლებიც მარიამს მეპატრონეებმა აჩუქეს.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სასადილო მაგიდა, რომელზეც სამმა სხვადასხვა ხელოსანმა იმუშავა და მასში გაერთიანებულია უჟანგავი ფოლადი მუხის გაშლად ზედაპირთან. ყავის მაგიდა გადამუშავებული და გაპრიალებული რკინისგან არის დამზადებული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მასალებისადმი ექსპერიმენტულ მიდგომას. სასადილო ზონის უკან მინა-ბლოკით შესრულებული კედელი კი ქმნის ილუზიას, თითქოს ოთახს ორმხრივი ბუნებრივი განათება აქვს — ეს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ფაქიზი ინტერვენციაა სივრცეში.

ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ემოციური ელემენტი განათებაა. მარიამისთვის სანათები არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ატმოსფერული ინსტრუმენტია. მთავარ სივრცეში დაახლოებით 12-მდე მაგიდისა და იატაკის სანათია, რომლებიც ჭერის განათებასთან ერთად, სხვადასხვა ფერში ანათებს და ყოველდღიურად განსხვავებულ განწყობას ქმნის. საძინებელშიც განათების რამდენიმე სცენარია — მათ შორის ნეპალში შეძენილი ქაღალდის სანათი, რომელიც უფრო დეკორატიული ობიექტია, ვიდრე სინათლის წყარო.

სივრცეში ხშირად გვხვდება მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მოტივები — როგორც ნახატებში, ისე ნივთებსა და ტექსტილში. ეს დეტალები ინტერიერს დამატებით სიმბოლურ ფენას სძენს.

საბოლოოდ, მარიამ გვაზავას ინტერიერი შეიძლება აღვიქვათ როგორც დინამიკური სისტემა — ნეიტრალური არქიტექტურული ჩარჩო, რომელშიც მთავარი როლი მუდმივად ცვლად, პირად და ემოციურად დატვირთულ ობიექტებს ენიჭება. შავ-თეთრი ტექსტურები, ე.წ. მიწიერი ტონები, ბუნებრივი მასალები და უჟანგავი ფოლადის ცივი ელეგანტურობა ქმნის ფონს, სადაც ფერადი დეტალები და ნივთები ცოცხლდებიან. ეს არის სივრცე, რომელიც არა მხოლოდ დიზაინის, არამედ ცხოვრების ანარეკლია — ღია, პერსონალური და მუდმივად განვითარებადი.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

“ჩვენი სურვილია, შევქმნათ არქიტექტურა, რომელიც ქალაქს დიდხანს დარჩება” – ინტერვიუ მედეა მაზანთან

როგორ მოვამზადოთ აივანი საგაზაფხულოდ