in

ინდივიდუალიზმი სივრცეში, როგორც სრულყოფილი ბალანსი – ინტერვიუ თაკო მენთეშაშვილთან

სივრცე და მისი დიზაინი ყველაზე გულწრფელად მაშინ „საუბრობს“, როცა ის კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის – არა მხოლოდ ფუნქციით, არამედ ხასიათითაც. ინტერიერი ამ შემთხვევაში ხდება ინტერპრეტაცია – ადამიანის ყოველდღიურობის, ჩვევების და იმ უხილავი დეტალებისა, რომლებიც საბოლოოდ, აცოცხლებს ინტერიერს და განსაზღვრავს, თუ როგორ ვგრძნობთ თავს გარემოში. სწორედ აქ იწყება დიზაინის ყველაზე საინტერესო ნაწილი – იქ, სადაც სივრცე ინდივიდუალობას იძენს.

ინტერიერის დიზაინერი, სტუდია NOM Design-ის დამფუძნებელი, თაკო მენთეშაშვილი გვიზიარებს საკუთარ მიდგომას, რომლის მიხედვითაც უნიკალური სივრცის შექმნა პირდაპირ კავშირშია ადამიანის იდენტობის სწორად წაკითხვასთან. მისთვის დიზაინის პროცესი არის დიალოგი დამკვეთის სურვილებსა და დიზაინერის ხედვას შორის, სადაც საბოლოო შედეგი სწორედ ამ თანხვედრის შედეგად ყალიბდება. ამიტომაც, მისი მთავარი შთაგონება თავად ადამიანია – მისი ცხოვრების სტილი, მოთხოვნები და ემოციური დამოკიდებულება სივრცის მიმართ.

ამგვარად, ესთეტიკასა და ფუნქციურობას შორის ბალანსი მის შემოქმედებაში არ არის ცალკეული მიზანი – ჰარმონია ბუნებრივად ჩნდება. როდესაც სივრცე სწორად პასუხობს ადამიანს, ის ერთდროულად ხდება როგორც ვიზუალურად გამართული, ისე პრაქტიკულად ეფექტური. სწორედ ამ ერთიანობაში ჩნდება ინტერიერი, რომელიც არ არის უბრალოდ ლამაზი ან მოხერხებული – ის არის ავთენტური.

თაკო, მოგვიყევით როგორ გაჩნდა თქვენი ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ და რა იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც დაგარწმუნათ, რომ ეს პროფესია თქვენთვისაა?

ინტერიერის დიზაინის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლისას გამიჩნდა. რთულია ერთი კონკრეტული გარდამტეხი მომენტის გამოყოფა, რადგან ეს უწყვეტი პროცესია. ეს არის სფერო, სადაც ფუნქციურობა და ესთეტიკა ერთიანდება, რაც ყოველდღიურად მაძლევს შთაგონებას.

გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ – რამ ჩამოაყალიბა თქვენი, როგორც ინტერიერის დიზაინერის, ხედვა და როგორ შეიცვალა ის კარიერის განმავლობაში? 

ჩემი გამოცდილება მნიშვნელოვნად უკავშირდება ორ არქიტექტურულ კომპანიას. „ინჟინრულ აზრში“ მუშაობისას მივიღე პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება როგორც არქიტექტურის, ისე რესტავრაციის მიმართულებით. ამას მოჰყვა მრავალწლიანი თანამშრომლობა კომპანია „დემარკთან“, სადაც ჩამოვყალიბდი, როგორც არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი. ეს გზა სავსე იყო უამრავი საინტერესო პროექტითა და გამოწვევით.

ინტერიერის დიზაინზე აქტიურად მუშაობა რამდენიმე წლის წინ, მეგობართან ერთად დავიწყე. Notte Design-ის სახელით  შევქმენით არაერთი საინტერესო საცხოვრებელი და კომერციული სივრცე. ამჟამად კი ჩემი დამოუკიდებელი სტუდიის, NOM Design-ის ფარგლებში ვმუშაობ. ეს პროექტი სრულად გამოხატავს ჩემს დღევანდელ ესთეტიკასა და მიდგომებს. რაც შეეხება ხედვას, ვფიქრობ, რომ ის წლებთან ერთად ვითარდება, ემატება პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.

რა ძირითადი პრინციპები უდევს საფუძვლად თქვენს დიზაინ-ფილოსოფიას – სად ეძებთ შთაგონებას თქვენი პროექტებისთვის და რა ღირებულებები განსაზღვრავს თქვენს შემოქმედებით პროცესს? 

მუშაობის პროცესში მთავარი საფუძველი თითოეული პროექტის მიმართ ინდივიდუალური და კომპლექსური მიდგომაა. ვთვლი, რომ სივრცე წარმატებული მაშინ იქმნება, როცა ფუნქციურობა და ესთეტიკა ერთიან სისტემად იქცევა. შთაგონებას ყველგან ვპოულობ: ყოველდღიურობაში, კოლეგებთან პროფესიულ დისკუსიებში, მოგზაურობასა და სხვადასხვა კულტურის აღმოჩენაში. მაგალითად, ჩემთვის დღემდე ინსპირაციის უშრეტი წყარო დევიდ ჩიპერფილდის მიერ რესტავრირებული ბერლინის Neues Museum-ია. ეს არის ადგილი, სადაც არქიტექტურა, რენოვაცია და ინტერიერის დიზაინი ერთ მთლიან, სინქრონულ ორგანიზმად აღიქმება. სწორედ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სურვილი, შევქმნა ადამიანის ინტერესებზე მორგებული, შინაარსით სავსე სივრცეები, რომლებიც უმტკივნეულოდ და ჰარმონიულად ჩაეწერება გარემოში.

როგორ ინარჩუნებთ ბალანსს ერთი მხრივ, სივრცის ესთეტიკასა და ფუნქციურობას შორის, ხოლო მეორე მხრივ, დამკვეთის მოთხოვნებსა და თქვენს ხელწერას შორის?

ფუნქციურობა და ესთეტიკა ერთმანეთისგან განუყოფელია. ჩვენი პროფესიული მოვალეობაც სწორედ ის არის, რომ ეს ორი კომპონენტი ისე გავაერთიანოთ, რომ მათ შორის ვიზუალური ან პრაქტიკული კონფლიქტი არ შეიქმნას. რაც შეეხება ხელწერასა და დამკვეთის სურვილებს შორის ბალანსს – ჩემი მიდგომა თითოეულ პროექტზე ინდივიდუალურია. სამუშაო პროცესი ყოველთვის დამკვეთის საჭიროებების გათვალისწინებაზეა დამყარებული, რაც თითოეულ პროექტს უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის. ვფიქრობ, სწორედ ძიება და დამკვეთის საჭიროებების ჩემს ხედვასთან შეჯერებაა ის, რაც საბოლოოდ, საინტერესო შედეგს გვაძლევს.

გაგვიზიარეთ, რა გამოწვევებს ხვდებით ყველაზე ხშირად ინტერიერის შექმნის პროცესში, იდეიდან განხორციელებამდე, და როგორ უმკლავდებით მათ?

მთავარი გამოწვევა იდეიდან განხორციელებამდე, ალბათ, საწყისი კონცეფციის ბოლომდე შენარჩუნებაა. ხშირად რეალიზაციის პროცესში ბევრი ტექნიკური ნიუანსი იჩენს თავს, რაც იდეის შეცვლას გაიძულებს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები ხარისხის და ესთეტიკის ხარჯზე არ მოხდეს. ამასთან, დიდ ყურადღებას ვაქცევ დეტალებს – იქნება ეს განათება თუ მასალების ჰარმონიული შეთანხმება. ამ გამოწვევებთან გამკლავება ჩემთვის  მხოლოდ პროცესში აქტიური ჩართულობით, შემსრულებლებთან მუდმივი კომუნიკაციითა და ყველა ეტაპზე დეტალური კონტროლით არის შესაძლებელი.

თქვენ მიერ შესრულებული პროექტებიდან რომელს გამოყოფდით? 

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, რადგან ყველა პროექტი ჩემთვის მნიშვნელოვანია და თითოეულში დიდ ენერგიას ვდებ. ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, მთავარი პრინციპი ჩანაფიქრისა და რეალობის მაქსიმალური თანხვედრაა.

სწორედ ამ კუთხით გამოვყოფდი პროექტს „ბატონები“ ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც  Notte Design-ის სახელით განხორციელდა. ეს ნამუშევარი იმით გამოირჩევა, რომ კონცეფცია ზუსტად განხორციელდა, რამაც როგორც დამკვეთის, ასევე ჩვენი  კმაყოფილება გამოიწვია. როცა ხედავ, რომ შენი საწყისი ხედვა უცვლელად ცოცხლდება სივრცეში და რეალურად იქცევა, ეს ყოველთვის დასამახსოვრებელი შედეგია.

როგორ შეაფასებდით ინტერიერის დიზაინის ტენდენციებს საქართველოში და როგორ ხედავთ ამ სფეროს მომავალს ჩვენს ქვეყანაში?

ვფიქრობ, ბოლო ათწლეულში საქართველოში ეს სფერო სწრაფად პროგრესირებს. საზოგადოებაში ამ მიმართულებით ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა – გაიხსნა უამრავი საინტერესო სივრცე და ადამიანებმა უფრო მეტად დააფასეს ჩვენი პროფესიის მნიშვნელობა. დღეს ბევრისთვის რთულია გადაწყვეტილების მიღება დიზაინერის გარეშე, რაც თვალსაწიერის გაფართოებითა და ხარისხის მოთხოვნებით არის გამოწვეული. ეს პროგრესი თითქმის ყველა ახალ ობიექტს ეტყობა. შედეგად, ვიღებთ მეტად დახვეწილ და გააზრებულ პროექტებს, რაც საბოლოოდ, არა მხოლოდ ჩვენს პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს, არამედ უკეთეს, უფრო ესთეტიკურ და კომფორტულ გარემოს ქმნის.

როგორ ფიქრობთ, დღეს, როდესაც ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ვატარებთ შიდა სივრცეებში, როგორ იცვლება ინტერიერის დიზაინერის როლი ამ სივრცეების შექმნაში?

მიდგომა ფუნდამენტურად შეიცვალა როგორც პროფესიონალების, ისე დამკვეთების მხრიდან. დღეს ინტერიერი მხოლოდ ესთეტიკაზე აღარ არის ორიენტირებული, აქცენტი სივრცისა და მოცემულობის სრულ გააზრებაზე გადავიდა. დღეს სამუშაო პროცესის თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია და არ რჩება ყურადღების მიღმა.

ვფიქრობ, ადამიანები ბევრად უფრო სენსიტიურები გახდნენ იმ გარემოს მიმართ, სადაც დროს ატარებენ. სივრცე მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ, დიზაინერის როლი დღეს ბევრად უფრო საპასუხისმგებლოა – ჩვენ აღარ ვქმნით უბრალოდ “ვიზუალს”, ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ყოველდღიურობასა და განწყობაზე.

თქვენი აზრით, რა არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ტრენდული, არამედ ინდივიდუალური და უნიკალური ინტერიერის შესაქმნელად?

ვფიქრობ, ინდივიდუალიზმს ყოველთვის კომპლექსური მიდგომა განაპირობებს. უნიკალური ინტერიერის შექმნა მხოლოდ დამკვეთსა და დიზაინერს შორის აქტიური კომუნიკაციითაა შესაძლებელი. დღეს ადამიანები უფრო მეტად პერსონალურ სტილს ანიჭებენ უპირატესობას და უკანა ფლანგზე გადააქვთ ტრენდები, რომლებიც ყურადღების ცენტრში, შესაძლოა, მხოლოდ ერთი ან ორი წელი იყოს.

ნებისმიერი სივრცე, რომელიც ადამიანის იდენტობას პასუხობს, თავისთავად უნიკალურია. დამკვეთის სურვილებისა და ჩვენი ხედვის შესაბამისობაში მოყვანა გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ რაღაც ავთენტური. ამიტომ, ჩემთვის მთავარი ინსპირაცია უნიკალური ინტერიერის შესაქმნელად ისევ და ისევ ადამიანია.

დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით საკუთარ თავს კარიერის დასაწყისში?

კარიერის დასაწყისშიც და ახლაც, საკუთარ თავსაც და ამ სფეროში ნებისმიერ ადამიანს ერთ რჩევას მივცემდი, რომელიც ენდი უორჰოლის ცნობილ სიტყვებს უკავშირდება:

„ნუ ფიქრობ იმაზე, ქმნი თუ არა ხელოვნებას, უბრალოდ გააკეთე. დაე, სხვებმა გადაწყვიტონ, კარგია ეს თუ ცუდი. სანამ ისინი ამაზე ფიქრობენ, შენ კიდევ უფრო მეტი შექმენი.“

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გაჩერდე, არ შეგეშინდეს შეცდომების და მუდმივად იყო ძიების პროცესში.

რბილი ინტერიერი “გამოძერწილი” ფორმებით

Georgian Objects – მარიამ წიკლაურის მიერ შექმნილი ქართული დიზაინის სივრცე