in

დიზაინი, როგორც სივრცის გადააზრების საშუალება – ინტერვიუ სანდრო კვირიკაძესთან

ფოტოგრაფი: მარი ნაკანი მამასახლისი

ზოგჯერ დიზაინერის პროფესიული ხედვა იმაზე ბევრად ადრე იწყებს ფორმირებას, ვიდრე ის საკუთარ თავს ამ სფეროში წარმოიდგენს. სანდრო კვირიკაძის შემთხვევაში ეს ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში, მის ყოველდღიურ გარემოსთან ურთიერთობაში გამოიკვეთა – ერთნაირი საბჭოთა კორპუსებისგან შემდგარ უბანში მისი დაკვირვებები გარემოს გარკვეულ აღქმად ჩამოყალიბდა, რაც დროთა განმავლობაში პროფესიულ ინტერესად იქცა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის აღმოჩენა იყო, რომლის მიხედვით, ნებისმიერი გარემო არ არის საბოლოო მოცემულობა – ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, გადავიაზროთ და ახლიდან წარმოვიდგინოთ იგი.

ამ მიდგომამ მოგვიანებით მისი დიზაინერული პრაქტიკის ერთ-ერთი მთავარი ხასიათიც განსაზღვრა. სანდროსთვის საინტერესო არ არის ერთი სტილის მიყოლა ან უკვე ნაცნობი ვიზუალური ფორმულის გამეორება. პირიქით, სხვადასხვა პროექტი მისთვის განსხვავებული შესაძლებლობაა სივრცის, მასალისა და ფორმის ახალი ურთიერთობის მოსაძებნად. ამავე დროს, სანდროსთვის მნიშვნელოვანი რჩება თავად სივრცის ისტორია და კონტექსტი – ის, რაც უკვე არსებობს და რასაც ახალი ინტერიერი შეიძლება დაეყრდნოს.

სწორედ ამიტომ, მისი ნამუშევრები ერთმანეთისგან შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს, თუმცა მათ შორის საერთო მაინც რჩება – ყურადღება იმაზე, თუ როგორ იქმნება სივრცის ხასიათი და რა რჩება ადამიანის მეხსიერებაში მისგან.  Homeis.ge-თან ინტერვიუში სანდრო კვირიკაძე გვიყვება სწორედ იმ ინტერესებსა და დაკვირვებებზე, რომლებმაც ბავშვობიდან განსაზღვრა მისი დამოკიდებულება გარემოსა და დიზაინის მიმართ, პროფესიული ხედვის ჩამოყალიბებაზე, სხვადასხვა პროექტში ექსპერიმენტის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება, სივრცემ ადამიანზე ვიზუალური შთაბეჭდილების მიღმა იმოქმედოს.

ფოტოგრაფი: გრიგორ სოკოლინსკი

სანდრო, მოგვიყევით, როდის დაინტერესდით დიზაინით და როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა ამ სფეროში?

ბავშვობიდან, ალბათ როგორც ყველაზე, ჩემზეც დიდ გავლენას ახდენდა გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი. ჩემი უბანი საბჭოთა კავშირის პერიოდის ტიპური, ერთმანეთის მსგავსი კორპუსებისგან შედგებოდა. ხშირად ვაკვირდებოდი მათ ფანჯრიდან და ყოველთვის მიჩნდებოდა კითხვა: რატომ იყო ყველა შენობა ერთნაირი და რატომ არ შეიძლებოდა, რომელიმე მათგანი სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყო? ვფიქრობდი, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი ვიზუალი, რომ ეს გარემო უფრო საინტერესო და განსხვავებული გამხდარიყო.

სახლში თითქმის ყოველთვის რემონტი მიმდინარეობდა. ჩემს მშობლებს ახალგარემონტებული სახლი მთლიანად დაუნგრევიათ და თავიდან დაუწყიათ მისი მოწყობა. ამიტომ ბავშვობიდანვე მიწევდა დაკვირვება, როგორ იცვლებოდა სივრცე, როგორ მუშაობდა სხვადასხვა მასალა და როგორ შეიძლებოდა ერთი და იგივე გარემოს სრულიად განსხვავებულად აღქმა.

მასალების მიმართ ჩემი განსაკუთრებული ინტერესი კი, ალბათ, მამაჩემის საქმიანობასაც უკავშირდება. ის საავიაციო ქარხანაში მუშაობდა, სადაც მეტალისგან ნებისმიერი რამ მზადდებოდა. სახლში ხშირად ჩნდებოდა ისეთი მეტალის დეტალები და ნივთები, რომლებსაც სხვაგან ვერ ვხვდებოდი. თუმცა მათი ფორმა, ზედაპირი და მასალა მამახსოვრდებოდა.

ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ასეთი მოგონება ალუმინის მაგიდას უკავშირდება. ბავშვობაში ნიკაპი ჩამოვარტყი და ეს შეხება იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ ალუმინი, ფაქტობრივად, სხეულით დამამახსოვრდა. ალბათ სწორედ ასეთი პატარა გამოცდილებებიდან დაიწყო ჩემთვის მასალის არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ფიზიკური აღქმაც. დროთა განმავლობაში დიზაინის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გამიღრმავდა. ყველაფერს ვაკვირდებოდი: შენობებს, ინტერიერებს, ავეჯს, სანათებს, ქუჩის დეტალებს, საგნებს და იმასაც კი, რასაც ვიდეოთამაშებში ვხედავდი. მაშინ ალბათ ჯერ კიდევ არ მქონდა გააზრებული, რომ ეს ყველაფერი დიზაინისადმი ინტერესს მიყალიბებდა, თუმცა სწორედ ამ დაკვირვებებიდან გაჩნდა სურვილი, არქიტექტურა მესწავლა.

ფოტოგრაფი: გრიგორ სოკოლინსკი

როგორ განვითარდა თქვენი პროფესიული გზა და რა პროექტებმა თუ გამოცდილებებმა ითამაშა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი თქვენი, როგორც დიზაინერის, ხედვის ჩამოყალიბებაში?

სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ჩემთვის ახალი ეტაპი დაიწყო. ვცდილობდი, აღმომეჩინა ის არტისტები და დიზაინერები, რომელთა ვიზუალი, იდეები და დამოკიდებულება ჩემთან უფრო ახლოს იყო. მაინტერესებდა არა მხოლოდ ის, თუ რას ქმნიდნენ ისინი, არამედ როგორ მიდიოდნენ ამ შედეგამდე და რა იდგა მათი გადაწყვეტილებების უკან.

ამ პერიოდში სულ უფრო მეტად მაინტერესებდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ადგილი დიზაინში. მივხვდი, რომ საკუთარი ხედვის ჩამოყალიბება ერთჯერადი პროცესი არ არის და ის მუდმივად იცვლება გამოცდილებასთან ერთად.

დღეს თითოეულ ახალ პროექტს ექსპერიმენტის შესაძლებლობად აღვიქვამ. ვტესტავ ახალ იდეებს, მასალებს, ფორმებსა და მიდგომებს. ზოგჯერ ეს ექსპერიმენტები საბოლოო შედეგამდე მიდის, ზოგჯერ კი შემდეგი პროექტისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებად რჩება. სწორედ ეს პროცესი ხდის მუშაობას ჩემთვის უფრო საინტერესოს და ცოცხალს.

ნელ-ნელა, ამ გამოცდილებების დაგროვებასთან ერთად, ყალიბდება ჩემი ხედვაც – ის დამოკიდებულება, რომლითაც სივრცესა და თითოეულ პროექტს ვუყურებ. თუმცა ეს ხედვა ჩემთვის დასრულებული ფორმულა არ არის – ყოველი ახალი პროექტი მას რაღაცას მატებს ან ცვლის.

თქვენი პროექტები ერთმანეთისგან განსხვავდება – სხვადასხვა სტილისტიკისა და ხასიათის მიუხედავად, რა არის ის საერთო პრინციპი, რომელიც თქვენს ნამუშევრებს აერთიანებს?

ზოგადად, სტილებს არ მივყვები და ჩემთვის თითოეული პროექტი ერთგვარ სათამაშო მოედანს ჰგავს, სადაც სხვადასხვა იდეისა და მიდგომის გამოცდა შემიძლია. თუმცა, ამ მრავალფეროვნების მიუხედავად, ვფიქრობ, ჩემს პროექტებში მაინც იკითხება ჩემი ხელწერა. ჩემი ხედვა დიზაინის მიმართ რეტრო ფუტურიზმია – ადგილი, სადაც თანამედროვე მასალები და ძვველი, დავიწყებული ფორმები ერთიანდებიან.

ეს ხელწერა კონკრეტულ სტილში კი არა, სივრცისადმი დამოკიდებულებაშია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის მასალა – მისი ბუნებრივი ხასიათი, ტექსტურა, წონა და ის, თუ როგორ იცვლება მისი აღქმა სინათლესა და სივრცეში. ვცდილობ, მასალას და ფორმას საკუთარი ენა ჰქონდეს და სივრცემ ზედმეტი დეკორაციის გარეშე შექმნას თავისი ატმოსფერო.

ჩემთვის დიზაინი, საბოლოოდ, უფრო მეტად სივრცის განცდას ეხება, ვიდრე კონკრეტული სტილის დემონსტრირებას. სწორედ ამ დამოკიდებულებაში ვხედავ ჩემს ხელწერას – თუ როგორ გამახსოვრდება ის ადგილი და როგორ გაგრძნობინებს თავს.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის თავად სივრცის შესაძლებლობების აღმოჩენა პროექტზე მუშაობისას? რამდენად ხშირად ხდება, რომ არსებული სივრცის თავისებურებანი კონცეფციის საწყისი იდეა ხდება?

ჩემთვის ყოველთვის თავად სივრცე განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს მისი დიზაინი. ამიტომ თითოეულ პროექტზე მუშაობისას აუცილებლად ვსწავლობ მის გარემოს – თუ რა ხდის ამ სივრცეს უნიკალურს. ავთენტურობა ჩემთვის დიზაინის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ვფიქრობ, საინტერესო მხოლოდ ის სივრცე ხდება, რომელიც საკუთარ გარემოსთან გულწრფელ ურთიერთობაშია. არქიტექტურაც ხომ, საბოლოოდ, იმ გარემოს ასახვისა და მასთან ურთიერთობის ფორმაა, რომელშიც ის არსებობს.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ინტერიერისა და მისი არქიტექტურული კონტექსტის კავშირი? როგორ მუშაობთ მაშინ, როდესაც სივრცეს უკვე აქვს საკუთარი ისტორია, ხასიათი ან გარემო, რომელსაც ახალი ინტერიერი უნდა მოერგოს?

თუ სივრცეს უკვე აქვს საკუთარი ძლიერი ხასიათი და ისტორია, ჩემთვის უფრო ორგანულია მისი გამოყენება და განვითარება, ვიდრე მისგან სრულიად ახალი გარემოს შექმნა. თითქმის ყველა პროექტში ვცდილობ შევინარჩუნო და დიზაინში შემოვიტანო ის მასალები, დეტალები და ფაქტურები, რომლებიც სივრცეს უკვე ახლავს. მაინტერესებს სივრცის გარდაქმნა ისე, რომ მისი არსი არ დაიკარგოს, მაგრამ ვიზუალურად სრულიად ახალი გამოცდილება შეიძინოს.

რამდენად განსხვავებულია საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებზე მუშაობის პროცესი? როგორ იცვლება თქვენი დიზაინერული მიდგომა მაშინ, როდესაც ინტერიერმა მხოლოდ ადამიანის ყოველდღიურობას კი არა, კონკრეტული ბრენდის ხასიათსაც უნდა უპასუხოს?

საცხოვრებელი სახლი თუ კომერციული ფართი, საბოლოოდ, ორივე ადამიანის გარემოა, სადაც კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა იცხოვრონ, იმუშაონ და დრო გაატარონ. ამიტომ ნებისმიერი პროექტი ჩემთვის ყოველთვის იწყება მთავარი კითხვით: თუ როგორ შეიძლება შეიქმნას სივრცე, რომელიც სწორედ იმ ადამიანებისთვის იქნება ბუნებრივი, კომფორტული და საინტერესო, ვისთანაც მას ყოველდღიურად ექნება შეხება?

როგორია თქვენთვის სწორი ბალანსი ფუნქციურობასა და დიზაინერულ ექსპერიმენტს შორის? სად გადის ზღვარი საინტერესო გადაწყვეტილებასა და ისეთ გადაწყვეტას შორის, რომელიც შეიძლება ყოველდღიურ გამოყენებას შეუშალოს ხელი?

ფუნქცია დიზაინს წარმოშობს. ჩემთვის, ძირითადად, არ არსებობს უფუნქციო და უბრალოდ დეკორატიული დეტალები. ჩემს პროექტებში ყველა დეტალს თავისი ფუნქცია და დატვირთვა აქვს, რაც, საბოლოოდ, საერთო განწყობას ქმნის.

ხშირად დამკვეთები ვერ ხედავენ დეტალის მნიშვნელობას, რადგან მისი აღქმა, სანამ კონცეფციაში არ დასრულდება, რთულია და თან დამატებით ხარჯსაც მოითხოვს. ეს კი ხშირად დამკვეთებში დისკომფორტს და დიზაინში დეტალების გაქრობას იწვევს. ამიტომ ყოველთვის ვესაუბრები იმ დეტალების მნიშვნელობაზე, რომლებიც დიზაინს ორგანულს ხდის. ჩემთვის სწორედ დეტალებში იქმნება სივრცის ხასიათი, რადგან, როგორც ამბობენ, ღმერთი დეტალებშია.

დიზაინის სფეროში ტრენდული ელემენტების მზარდი გავლენის პირობებში, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ პროექტს საკუთარი იდენტობა ჰქონდეს? როგორ ერიდებით ისეთი გადაწყვეტილებების გამოყენებას, რომლებიც მხოლოდ აქტუალურობის გამო შეიძლება აღმოჩნდეს ინტერიერში?

რა თქმა უნდა, ვეცნობი ტენდენციებს მუდმივად, მაგრამ არ მაინტერესებს რა არის აქტუალური.

ფოტოგრაფი: გრიგორ სოკოლინსკი

თქვენი გამოცდილებით, რა არის დღეს ინტერიერის დიზაინში ყველაზე საინტერესო გამოწვევა – განსაკუთრებით საქართველოს კონტექსტში? და სად ხედავთ სფეროს განვითარების ყველაზე დიდ შესაძლებლობას?

საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევა მასალების მწირი არჩევანი და მათი ტექნოლოგიური დამუშავების შესაძლებლობებია. პროექტების შესრულების დროს ეს ხშირად წინაღობას წარმოშობს და გვიხდება ალტერნატიული გამოსავლის მოფიქრება.

სფეროს ყველაზე დიდ განვითარებას პროდუქტის დიზაინში ვხედავ, რადგან ჩვენ გვყავს ძალიან კარგი და ნიჭიერი დიზაინერები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მსოფლიო დიზაინის ბაზარზე. საქართველოს შეუძლია გახდეს მსოფლიო რუკაზე საინტერესო ადგილი, სადაც დიზაინი კარგად ესმით. თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი საფეხურია გასავლელი.

დაბოლოს, რა არის ის საოცნებო პროექტი, რომელზეც სიამოვნებით იმუშავებდით? რატომ?

ბევრი რამის გაკეთება მინდა, მაგრამ კონკრეტული საოცნებო პროექტი, როგორც ასეთი, არ არსებობს. უფრო მაინტერესებს ისეთი სივრცეების შექმნა, რომლებსაც ბევრი ადამიანი ეხება და სადაც არქიტექტურას, სივრცესა და ატმოსფეროს ადამიანზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

სიამოვნებით ვიმუშავებდი ზღვისპირა პროექტზე, სადმე უფრო მკაცრ, უდაბნოსნაირ ტერიროტიის პროექტებზე. ჩემთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ისეთი პროექტები იქნება, რომლებიც მხოლოდ ფუნქციით ან მომსახურებით არ შემოიფარგლება და ადამიანში გარკვეულ განცდას, ემოციას ან მოგონებას ტოვებს. ჩემთვის ეს არის ყველაზე საინტერესო შესაძლებლობა – გავაკეთო ადამიანებსა და ბუნებაზე კონცენტრირებული უფრო ინტიმური პროექტები, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარსიხს ოდნავ მაინც შეცვლის.

სათიბი მინდვრებისგან აღმოცენებული “სათიბე” – დასახლება, რომელიც ოცნებას ჰგავს

არქიტექტორ ქვინსი ჯონსის განახლებული სახლი ლოს-ანჯელესში