Homeis.ge-ს ყოველწლიური „შეკრება“ წელს პირველად ორ-დღიანი იქნება და 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართება. საქართველოს ბანკის წარდგენით, ღონისძიების პირველი დღე უძრავ ქონებასა და დეველოპმენტს დაეთმობა, მეორე კი — არქიტექტურას.
სულ რამდენიმე ხნის წინ ორგანიზატორებმა „შეკრების“ გამომსვლელთა ვინაობა დაასახელეს. ტრადიციულად, ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია. აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებასა და ხედვებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები გაუზიარებენ.
31 ოქტომბერი — უძრავი ქონება და დეველოპმენტი
პირველ დღეს საუბარი შეეხება თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, მიმდინარე ტენდენციებს, ინდუსტრიაში არსებული სიტუაციის შეფასებას, არქიტექტურის როლს დეველოპმენტში და ა.შ. პროგრამა მოიცავს როგორც ინდივიდუალურ გამოსვლებს, ისე პანელურ დისკუსიასა და პროექტების წარდგენას.
- საბა ჩახვაშვილი — Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი. იკვლევს საქართველოს უძრავი ქონებისა და სამშენებლო სექტორს, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს, ფასების დინამიკასა და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მისი გამოსვლის თემაა: “თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება – რა ხდება ბაზარზე”
- ზურაბ ერისთავი — Eristavi Estates-ის დამფუძნებელი და Rentals-ის მმართველი პარტნიორი. უძრავი ქონების სექტორში 2003 წლიდან საქმიანობს. მისი გამოცდილება აერთიანებს საბროკერო მომსახურებას, ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო ინვესტორებთან თანამშრომლობას. „შეკრებაზე“ ის ისაუბრებს თემაზე: „უძრავი ქონების უხილავი წესები“.
- გიორგი გიორგაძე — „დომუს ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ასევე Tbilisi Outlet Village-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა დეველოპერულ პროექტებში მდგრადი განვითარების, ენერგოეფექტურობისა და მწვანე არქიტექტურის პრინციპების დანერგვა. გამოსვლის თემა: „მწვანე არქიტექტურის კონცეფცია — ტრენდი თუ მომავალი“.
- ეთუნა მუნჯიშვილი – უძრავი ქონების დეველოპმენტის საკონსულტაციო გუნდის ხელმძღვანელი, კოლიერს ჯორჯია. 10 წლიანი გამოცდილებით დეველოპერული პროექტების მიზანშეწონილობის შეფასებაში, საუკეთესო გამოყენების ანალიზში, ფუნქციური პროგრამების შემუშავებასა და გეგმარებითი დიზაინის გადახედვაში. პარალელურად, კემბრიჯის უნივერსიტეტში იკვლევს ტექნოლოგიების როლს უძრავი ქონების განვითარების გადაწყვეტილებების მიღებაში. ეთუნას გამოსვლის თემაა: „როგორ ზრდის ხარისხიანი გეგმარება უძრავი ქონების ღირებულებას?“
- ვეი იაპ ოოი (Wei Yap Ooi) — ავსტრალიელი არქიტექტორი, რომელსაც ავსტრალიაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მუშაობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. თბილისში დაფუძნებული Wei Yap Architects-ის მმართველი პარტნიორი, ავსტრალიის არქიტექტორთა ინსტიტუტის საერთაშორისო განყოფილების თავმჯდომარე და დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია. მისი საქმიანობა მოიცავს არქიტექტურას, ურბანულ დაგეგმარებასა და მრავალფუნქციური კომპლექსების განვითარებას.არქიტექტურული განათლება მიიღო ავსტრალიის ნიუკასლის უნივერსიტეტში, სადაც უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდა. მის მიღწევებს შორისაა არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განკუთვნილი ავსტრალიის არქიტექტორთა ინსტიტუტის სტუდენტური პრემია (2000) და „წლის ახალგაზრდა არქიტექტორის“ ჯილდო, რომელიც 2019 წელს APAC Eldercare Innovation Awards-ზე მიიღო.მნიშვნელოვან პროექტებს შორის, რომლებზეც მას უმუშავია, არის სინგაპურის Jurong Lake-ის გენერალური გეგმა, მელბურნის AAMI Park-ის სტადიონი, მელბურნის უნივერსიტეტის Eastern Learning Hub და მალაიზიის Sungei Penchala — მრავალფუნქციური კომპლექსი ხანდაზმულთა საცხოვრებლებით. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, იგი ასწავლიდა მელბურნის, RMIT-ისა და დიკინის უნივერსიტეტებში. ამჟამად საქართველოში მუშაობს Ave.New-ს პროექტზე.
- დავით კუპატაძე – არქიტექტურული ვიზუალური კომუნიკაციების – Render Studio-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მისი თაოსნობით სტუდია ქმნის არქიტექტურულ ვიზუალიზაციებს, ანიმაციასა და პროექტების ვიზუალურ პრეზენტაციებს მსხვილი საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. სტუდიის დამკვეთებს შორის არიან როგორც ქართული დეველოპერული კომპანიები, ისე მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული ბიუროები – Kengo Kuma & Associates, Zaha Hadid Architects, Snøhetta და Ricardo Bofill Taller de Arquitectura. 2026 წელს Render Studio მოხვდა Architizer Vision Awards-ის ფინალისტთა მოკლე სიაში ორ კატეგორიაში – Rendering: Atmosphere და Rendering: Environment. იგი ასევე მუშაობს ბრენდინგისა და ვიზუალური კომუნიკაციების მიმართულებით. იგი 10 წელია, რაც Silk Road Group-ის არტ–დირექტორია. ამ სფეროში აქვს საერთაშორისო გამოცდილება – უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა New Balance, Philip Morris და სხვები. მისი ნამუშევრები 9-ჯერ შეირჩა Behance-ის კურატორულ გალერეებში, მათ შორის პლატფორმის მთავარ, Best of Behance გალერეაში. არის კრეატიული სააგენტოს – Lost & Found-ის დამფუძნებელი და Cannes Young Lions Georgia-ს დიზაინის კონკურსების ჟიურის წევრი.
პირველი დღის ფარგლებში ასევე გაიმართება GT Deco-ს პანელური დისკუსიაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ:
- ვაჩე თავდიშვილი — GT Deco-ს მმართველი პარტნიორი. მისი საქმიანობა უკავშირდება საქართველოში პრემიუმ ავეჯისა და ინტერიერის საერთაშორისო ბრენდების განვითარებასა და თანამედროვე დიზაინის სტანდარტების დანერგვას.
- გიორგი ტუღუში — საერთაშორისო ლექტორი და ნეირომარკეტინგის ექსპერტი. მისი საქმიანობა აერთიანებს მარკეტინგს, მომხმარებლის ქცევის კვლევასა და ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. ლექციებს კითხულობს საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტებში.
- თემო ბიწაძე — „ალიანს ჯგუფის“ თანამფლობელი და კომერციული დირექტორი. მუშაობს კომპანიის ბიზნესის განვითარებასა და მრავალფუნქციური დეველოპერული პროექტების კომერციულ მიმართულებაზე, მათ შორის — „ალიანს ცენტროპოლისსა“ და „ალიანს რენესანსზე“.
1 ნოემბერი — არქიტექტურა
მეორე დღე სრულად მიეძღვნება არქიტექტურულ ნაწილს. გამომსვლელები ისაუბრებენ გამორჩეულ პროექტებზე, თბილისური სახლების ისტორიებზე, კულტურული იდენტობის თანამედროვე ინტერპრეტაციასა და არქიტექტურის სოციალურ მნიშვნელობაზე.
- გიორგი ქურდიანი — „გია და არჩილ ქურდიანების სტუდია დინასტიის“ შემოქმედებითი დირექტორი და არქიტექტორთა დინასტიის მეხუთე თაობის წარმომადგენელი. მის პროექტებს შორისაა საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმი, Art House, „დინამო არენას“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია. გამოსვლის თემაა: „რეკონსტრუქციის კვალი“.
- თამაზ გიორგაძე — არქიტექტორი, SG Architecture-ის დამფუძნებელი და დირექტორი. საპროექტო საქმიანობასთან ერთად მუშაობს არქიტექტურის თეორიისა და კრიტიკის მიმართულებით. იყო ჟურნალ „A+D. Georgian Project“-ის სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე და არის მრავალი სტატიის, პუბლიკაციისა და წიგნის ავტორი.
- თათია ღვინერია — ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და კულტურული მემკვიდრეობის კონსულტანტი. 2003 წლიდან ისტორიული დასახლებებისა და შენობების კვლევისა და დაცვის მიმართულებით მუშაობს. მონაწილეობდა თბილისის, ბათუმისა და ხადას ხეობის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმების, ასევე თბილისის ისტორიული სივრცეების რესტავრაციის კონცეფციების მომზადებაში. მისი გამოსვლის სათაურია: „რა საიდუმლოებებს ინახავს თბილისური სახლები?“
- ნიკოლოზ ჯაფარიძე — არქიტექტორი, Architects of Invention-ის ხელმძღვანელი ლონდონსა და თბილისში. მისი საერთაშორისო გამოცდილება ბრიტანულ კომპანიებში, KPF-სა და EPR Architects-ში მუშაობას მოიცავს. მის სახელს უკავშირდება თბილისის პროკურატურის, ლაზიკის მუნიციპალიტეტის, „Tatlin Apartments“-ისა და „Lisi Garden House“-ის პროექტები. გამოსვლის თემა: „არქიტექტურა ღარიბებისათვის“.
- დადუნა შათაშვილი — არქიტექტორი, ანტრეპრენერი, Artytechs-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანული დაგეგმარების სფეროში 25-წლიანი გამოცდილებით. მის პროექტებს შორისაა მესტიის ქორწინების სახლი, „სასტუმრო მუზეუმის“ რესტავრაცია-რეკონსტრუქცია და Old City Panorama. „შეკრებაზე“ ის ისაუბრებს თემაზე: „კულტურული იდენტობის თანამედროვე ინტერპრეტაცია არქიტექტურაში“.
- ლევან თეთრაძე — საქართველოს ბანკის ბიზნესდაკრედიტების მიმართულების Product Owner-ი. მუშაობს ბიზნესისთვის ფინანსური პროდუქტებისა და ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაზე. მისი გამოცდილება მოიცავს ფაქტორინგს, ვაჭრობის დაფინანსებასა და ელექტრონული საბანკო გარანტიების განვითარებას. ღონისძიების ფარგლებში ლევანი აუდიტორიას გააცნობს საბანკო პროდუქტს, რომელიც არქიტექტურის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის შეიქმნა.
- თომას ვილემაიტი (Thomas Willemeit) — გერმანელი არქიტექტორი და საერთაშორისო არქიტექტურული სტუდიის GRAFT-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც სტუდია 1998 წელს, ლოს-ანჯელესში, ლარს კრიუკებერგსა და ვოლფრამ პუცთან ერთად დააარსა. მისი საქმიანობა მოიცავს არქიტექტურას, ურბანულ დაგეგმარებასა და დიზაინს, განსაკუთრებული ყურადღებით ექსპერიმენტულ მიდგომებსა და სოციალურად მნიშვნელოვან პროექტებზე.მის მნიშვნელოვან საქმიანობას უკავშირდება GRAFT-ის SOLARKIOSK — მზის ენერგიაზე მომუშავე ინფრასტრუქტურა აფრიკის სოფლებისთვის, და Make It Right — ქარიშხალ „კატრინას“ შემდეგ ახალი ორლეანის საცხოვრებელი გარემოს აღდგენის ინიციატივა. GRAFT-ის პროექტმა SOLARKIOSK-მა მოიპოვა German Design Award (2014) და გერმანიის ეკოდიზაინის ფედერალური პრემია (2013). 2018 წელს ვილემაიტი ასევე იყო ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე გერმანიის პავილიონის გამოფენის, „Unbuilding Walls“, ერთ-ერთი კურატორი.
საქართველოში თომას ვილემაიტის სტუდია GRAFT-ი მონაწილეობს თბილისში „საქანელას“ მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარებაში და პასუხისმგებელია მის გენერალურ გეგმასა და არქიტექტურულ კონცეფციაზე.
ბილეთების გაყიდვა 15 ოქტომბერს დაიწყება.
კორპორაციულად შეძენის მსურველებმა მოგვწერეთ: sales@marketer.ge.
ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Render Group
ოქროს სპონსორები: GT Deco, Kolkhi Group
პარტნიორები: Ton, Archi, Caparol, Silk Road Group, The Telegraph Hotel, Signall, Gabuild, Baumer, 14/16 chairs & more, ELTEG • ელტეგი, Greenstone
მხარდამჭერები: Archtrade, Ma Architects, AMMA Design, Jambo, Lost & Found, Midea, Next Building Technologies, Dio
უძრავი ქონების მთავარი მზღვეველი: Aldagi





