in ,

ავეჯის რესტავრირება როგორც ძველი ნივთების მკურნალობა – ანნა სეკოვსკა-ლივნის ხელით გაცოცხლებული ნივთები

როდესაც ანნა სეკოვსკა-ლივნი (Anna Sekowska-Livny) საქართველოში პირველად ჩამოვიდა, ის და მისი მეუღლე ერიკი ამ ქვეყანაში მხოლოდ 3 თვით დარჩენას გეგმავდნენ, თუმცა მას შემდეგ 15 წელი გავიდა და წყვილი დღემდე აქ ცხოვრობს. ანნა პროფესიით სამართალმცოდნეა, მაგრამ როგორც თავად გვიამბობს, ეს საქმიანობა მას ყოველთვის მოსაწყენად მიაჩნდა.

“ბავშვობიდან მომწონდა ნივთების საკუთარი ხელით შექმნა, მაგრამ როცა განათლებული მშობლების დამჯერი შვილი ხარ, ხის ხელოსნობას არც კი განიხილავ მომავალი პროფესიის ჭრილში. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ სწორედ ამ საქმიანობით დავკავდებოდი საქართველოში.”

ანნა წარმოშობით პოლონელია, თუმცა დღეს იგი საქართველოს საკუთარ მეორე სამშობლოდ მიიჩნევს.

მახსოვს, 10 წლის წინ ოპერაცია დამჭირდა და პოლონეთში მომიწია 2 თვით წასვლა. ერთ დღეს ერიკი მოვიდა ჩემს სანახავად და მე მას ვუთხარი: “რა ბედნიერებაა, რომ ბოლოს და ბოლოს სახლში მივდივართ”. როცა გავაცნობიერე, თუ რა ვთქვი წამის წინ, თავად დავრჩი გაოცებული. დიახ, ეს ასეა, საქართველო ჩემი სახლია“.

ანნა, გვიამბეთ, როდის დაინტერესდით ავეჯის რესტავრაციით? როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

ზოგადად, გეგმების დაწყობა ჩემი ძლიერი მხარე არ არის. როდესაც პირველად წამოვიწყე ავეჯის შეკეთება საკუთარ სახლში, დაახლოებით 8 წლის წინ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩემი პროფესია გახდებოდა. მე უბრალოდ იმის კეთება დავიწყე, რაც მომწონდა. ეს ძირითადად პატარ-პატარა ნივთები იყო. მაშინ არც ადგილი, არც ინსტრუმენტები და არც საჭირო უნარები მქონდა დიდი პროექტების შესასრულებლად. ეს იყო ერთგვარი ცდისა და შეცდომების გზით შეძენილი ცოდნის მიღების პროცესი. პირველ ეტაპზე სკამების გადაკვრით დავიწყე და სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ საჭირო იყო ჩემი ხეზე მუშაობის უნარები გამეუმჯობესებინა, ვინაიდან ავეჯის უმრავლესობა სერიოზულ რესტავრაციას საჭიროებდა. ასე გავიარე ხის დამუშავების კურსი ედ ჩენდლერთან (Ed Chandler) ერთად და ამის შემდეგ უკვე სხვა ეტაპზე გადავედი.

როგორ შეიქმნა თქვენი სტუდია ASL works?

რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩემი სტუდიის შექმნა პანდემიის წყალობით მოხდა. ჩვენ გვქონდა საოფისე ფართი, რომელმაც “ლოქდაუნის” პერიოდში საკუთარი ფუნქცია დაკარგა. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ახალ რეალობაში შეუძლებელი იქნებოდა მისი გაქირავება ან გაყიდვა და სწორედ ამ დროს ერიკს გაუჩნდა იდეა, რომ ჩემი სახელოსნო, რომელიც მანამდე ჩვენი ბინის ტერასაზე მქონდა, ამ სივრცეში გადამეტანა. ვფიქრობ, იმ დროს ჩემს მეუღლეს მხოლოდ ჩემი “გამოძევება” სურდა აივნიდან, რომელიც, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელად მქონდა ქცეული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მისი მადლიერი ვარ! ახლა მე მაქვს გასაოცარი და ძალიან მყუდრო სახელოსნო, სადაც მთელ დღეს უბედნიერესად ვატარებ.

დღემდე ბევრს ვმუშაობ ავეჯის გადაკვრაზე, თუმცა ახლა მე მაქვს უფრო მეტი სივრცე და შესაბამისად, ბევრად მასშტაბური პროექტების კეთება შემიძლია. ძირითადად ეს არის სარესტავრაციო საქმე – კარადები, მაგიდები, კომოდები, ტუმბოები, ბუფეტები და სხვა უამრავი რამ. მომწონს, როცა ვხედავ, თუ როგორ გარდაიქმნება ძველი და უსიცოცხლო ავეჯი ლამაზ და კვლავ საჭირო ნივთებად.

რა თავისებურებები ახასიათებს თქვენს საქმიანობას? რა არის ავეჯის რესტავრირებაში მთავარი გამოწვევები?

პირველ რიგში, რესტავრაციას სჭირდება ბევრი სპეციალური ხელსაწყო, რომელთა ყიდვაც უბრალოდ შეუძლებელია საქართველოში. ეს ეხება ზოგიერთ მასალასაც. შესაბამისად, არის ბევრი რამ, რისი ყიდვა და ჩამოტანა მიხდება აშშ-დან ან ევროპიდან, მაგრამ თუ ესეც ვერ ხერხდება, მაშინ უკვე ჩემი იმპროვიზაციით უნდა ჩავანაცვლო საჭირო დეტალები. ეს ყველაფერი კი საკმაოდ დიდ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

ძალიან ხშირად, სარესტავრაციოდ მოტანილი ავეჯი იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მე მიწევს მისი სრულად დაშლა, შეკეთება და შემდეგ ისევ აწყობა. ეს კი საჭიროებს უდიდეს შრომას, დროს, სპეციალურ უნარებსა და ხელსაწყოებს. როდესაც ჩემს სამუშაოს ვაფასებ, ხშირად გამიგია: “ასე ძვირი? ამ ფასად ხომ ახლის შეძენა შემიძლია?!”. დიახ, ეს ასეც არის… ძველი ნივთების შეკეთება, ხშირ შემთხვევაში, უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ახლის ყიდვა, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ რესტავრირებით შენ იღებ უნიკალურ ნივთს, რომელიც მხოლოდ შენ გაქვს და მას ვერ ნახავ კიდევ სხვა 10 000 სახლში. ეს არის ერთგვარი სახელწერო ნივთი, რომლითაც შენ ამაყობ… როგორც ჩემმა ერთ-ერთმა დამკვეთმა დაახასიათა, ეს არის ის, რაც “საუბრის წამოწყების თემა შეიძლება გახდეს”.

მახსოვს, ჩემმა ერთმა ქართველმა მეგობარმა მითხრა: “ჩვენ, ქართველები, არ ვუფრთხილდებით ჩვენს დროსა და საქმეს, სწორედ ამიტომ, ვერ ვაფასებთ სხვის დროსა და შრომას.” ვფიქრობ, სწორედ ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი კომერციული გამოწვევა.

ალბათ გსმენიათ, არსებობს გავრცელებული ცრურწმენა, რომლის თანახმად, სხვისი ნაქონი ძველი ნივთები წინა მეპატრონეების “ენერგიისა” და “სულის” მატარებლად ითვლება, რაც ხშირად არც თუ ისე სასიამოვნო ზოგიერთი ადამიანისთვის. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

მე ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეა, მაგრამ ჩემთვის არაფერი არასასიამოვნო ამაში არ არის. ჩემი აზრით, ჩემ მიერ აღდგენილ ნივთებში ჩემი “ნაწილაკი” რჩება და ეს ერთგვარად ცვლის მის ენერგიას. ჩემი სახელოსნო “სამკურნალო ცენტრს” წააგავს – თითოეული ავეჯის ელემენტი იღებს უდიდეს სიყვარულსა და ყურადღებას. ჩემთან ყველა “პაციენტი” ინდივიდუალურ მკურნალობას გადის, რის შემდეგაც ბზინვარებასა და სიკაშკაშეს იბრუნებს. ასე რომ, თუ ვინმეს “ენერგია” ან “სული” რჩება ამ ნივთებში, ეს მხოლოდ ჩემი ენერგია და სულია.

გვჯერა, რომ თითოეული პროექტი თანაბრად მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვართ, რომ გაქვთ გამორჩეული ნამუშევრები. რომელ მათგანს გამოყოფდით?

დიახ, ჩემთვის თითოეული ნივთი განსაკუთრებულია, მაგრამ არ ვიქნებოდი ბოლომდე გულახდილი, თუ ვიტყვი, რომ საყვარელი ნამუშევარი არ მაქვს. პირველი, რომელსაც გამოვყოფდი, არის სავარძელი, რომელიც თავდაპირველად ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. მე ის სანაგვე ყუთთან ვიპოვე – ეს იყო გადასაგდებად გამზადებული ჩამოშლილი სავარძელი მოტეხილი ფეხით. რა თქმა უნდა, მე ის შემეცოდა და ჩემს თავშესაფარში წამოვიყვანე. ჩემი პირველი ინსტინქტი იყო მისი ფეხის შეცვლა სრულად, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ “პროთეზის” დამზადება უფრო კარგი იდეა იქნებოდა, რათა მთელი ისტორია შემონახულიყო. შედეგად, მე არამხოლოდ დავამატე ეს “პროთეზი”, არამედ სხვა ფერი გამოვიყენე მის შესაღებად, რომ ეს დეტალი უფრო გამოკვეთილი გამეხადა. ეს სავარძელი ახლა ჩემს მისაღებ ოთახს ამშვენებს.

მეორე ჩემთვის განსაკუთრებული პროექტი ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია. “წინა ცხოვრებაში” ის ქართული სუფრებისთვის განკუთვნილი კლასიკური მაგიდა იყო. მისი შეკეთების პროცესში მომივიდა იდეა, რომ მის ზედაპირზე იტალიური ეზოსთვის დამახასიათებელი სცენები დამეტანა. ამ პროექტში ჩემი მეგობარი მხატვარი, საშა კირიენკოვა (Sasha Kirienkova) შემომიერთდა. როდესაც ეს ნამუშევარი დასრულდება, “თბილისური მაგიდა” ნამდვილად ჩემი ფავორიტების სიაში იქნება.

ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი ბინა თქვენი ხელით შექმნილი ნამუშევრებით არის დაკომპლექტებული. რა გრძნობაა, როდესაც შენი ნამუშევრებით ტკბობა შეგიძლია ყოველ დღე?

არ ვარ ეგოისტი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის დავიტოვო. ასე რომ, ეს არის ბინა, რომელსაც ვაქირავებ. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ აქ თითქმის ყველაფერი ჩემი ხელით არის შექმნილი, უდიდესი უპირატესობაა გაყიდვების კუთხით. ჩემთვის კი წარმოუდგენელი სიამოვნებაა აქ მოსვლა. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ეს ნივთები ჩემი შექმნილია. ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა.

გეხმარებოდათ თუ არა პროფესიონალი დიზაინერი ამ ბინის ინტერიერის მოწყობის პროცესში?

არასდროს ვსარგებლობ პროფესიონალი დიზაინერების მომსახურებით. მე ჩემი საკუთარი სტილი მაქვს, რომელიც რთულია ასახსნელად. ჩემი მთავარი მიზანია ისეთი დასამახსოვრებელი სივრცეების შექმნა, რომელშიც მე თავადაც “სახლში” ვიგრძნობ თავს და არა ტიპური “გასაქირავებელი ბინის” მოწყობა. მძულს ყველა ის სტანდარტული გასაქირავებელი ფართები, რომლებშიც იაფფასიანი მინიმალური რაოდენობის ავეჯი და დიდი ზომის ტელევიზორი გვხვდება მხოლოდ. მე ვცდილობ კომფორტული და მყუდრო სახლების შექმნას. ამიტომაც ხშირად ვიყენებ უცხო ფერებსა და ძველებურ ავეჯს. გარდა ესთეტიკურობისა, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია კომფორტი – აქ იგულისხმება მაღალი ხარისხის მატრასები, ბალიშები და ა.შ.

როგორ დაახასიათებდით თქვენი ბინის სტილს?

საკმაოდ რთული შეკითხვაა… ვფიქრობ, ჩემი სტილს განსაზღვრავს კონტრასტები, უჩვეულო ფერთა შეხამება და რეტრო მიმართულება თანამედროვე დეტალებით.

პროექტის ავტორი: ანნა სეკოვსკა-ლივნი 

ფოტოგრაფი: Tatiana Melnik

აპარტამენტი ანტრესოლით პოლონეთში

შპალერის ტრენდები, რომლებსაც 2022 წელს უნდა ველოდეთ