in

ბინა მზიურის პარკთან ზომიერებისა და სისადავის სინთეზით – სტუდია Due-ს ნამუშევარი

პროექტი, სახელწოდებით “His Apartment”, ინტერიერის დიზაინ სტუდია Due-ს ეკუთვნის და ის „მზიურის რეზიდენსში“ მდებარეობს. ბინის საერთო ფართობი 120 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ის საინტერესო ადგილმდებარეობით გამოირჩევა. სწორედ მიმზიდველი ხედი და ვიტრაჟებს მიღმა გადაშლილი მზიურის პარკი აღმოჩნდა ის გამორჩეული დეტალი, რომლის საფუძველზეც დიზაინერებმა მთელი სახლის ხასიათი და კონცეფცია შექმნეს.

ინტერიერი მინიმალიზმითა და სისადავით ხასიათდება, რომელშიც ნაცრისფერი ტონალობა და შავი აქცენტები ჭარბობს. როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, ფერები და ფაქტურა ფანჯრიდან დანახული პეიზაჟის ინსპირაციით შექმნეს და პალიტრა დედამიწის ტონალობით შეადგინეს: ცისფერი, ყავისფერი, მწვანე ფერები თუ ხის ავეჯი ურბანული სულისკვეთებით შედარებით გაამკაცრეს, თუმცა მაქსიმალურად შეინარჩუნეს კომფორტული და მოსასვენებლად იდეალური საცხოვრებელი ელფერი.

განსაკუთრებულ ყურადღებას მისაღები ოთახი იქცევს, რომელიც მოსასვენებელი სივრცის დანიშნულებასაც ითავსებს და თავის მხრივ, ორ ნაწილად იყოფა. მის ერთ მხარეს გაერთიანებული სასადილო და სამზარეულოა წარმოდგენილი. სივრცეები ზონირებულია, თუმცა საერთო ფერთა გამისა და მასალების დამსახურებით, ერთიანობას ინარჩუნებს. მუქი ფერის იატაკი და ამავე ტონალობის ხის ავეჯი ერთმანეთთან ჰარმონიულ შეთანხმებას იძლევა. კონტრასტის შესაქმნელად კი მისაღებ ოთახში ღია ფერის ავეჯია გამოყენებული, რაც აბალანსებს მუქ ფერთა გამას და ამით განსხვავებული ხასიათი მიიღება.

კედლები სხვადასხვა აქსესუარებითა თუ დიზაინ ობიექტებით გადატვირთული არ არის, რაც ინტერიერს სადა და დახვეწილ იერს სძენს. ყურადღებას იქცევს ცენტრალურ ნაწილში განთავსებული დაბალი, ყავისფერი მაგიდა და სკამი, რომელთაც სივრცეში თანამედროვე და მდიდრული აქცენტები შემოაქვთ.

რაც შეეხება სამზარეულო/სასადილო სივრცეს, აქ შავი ფერის ავეჯი ჭარბობს, რაც სასადილო მაგიდისა და სკამების სახით არის წარმოდგენილი. აღნიშნულ ავეჯს მკაცრი განწყობა შემოაქვს ინტერიერში, მაგრამ ამასთანავე, ინარჩუნებს კლასიკურ და დახვეწილ სტილს.

ამ ზონის გასანეიტრალებლად და ოთახში თბილი ატმოსფეროს მისაღწევად, სამზარეულოს ავეჯში ღია მონაცრისფრო-მომწვანო გრადაციას ვხვდებით, რაც სივრცეს მეტ სიმსუბუქესა და სირბილეს ანიჭებს და ოთახს უფრო მომხიბვლელსა და მიმზიდველს ხდის.

ბინაში განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება განათებას და სანათების დიზაინს, რომლებშიც შავი ფერი სჭარბობს და ავეჯის ვიზუალს ეხმიანება. მინიმალისტური სანათები საინტერესოა იმითაც, რომ ისინი ერთდროულად აერთიანებენ და ყოფენ სივრცეებს. მათ ვიზუალში ერთიანი ხასიათია შენარჩუნებული, თუმცა განსხვავებული აქცენტები იქმნება.

მისაღებისა და სასადილოს გაერთიანებულ ოთახში განთავსებული დიდი ზომის მცენარე ყურადღებას მაშინვე იპყრობს და სახლის გამორჩეულ ელემენტად აღიქმება. გარდა იმისა, რომ მას სივრცეში ბუნების დეტალები შემოაქვს და სიცოცხლისა და სიჯანსაღის შეგრძნებებს წარმოშობს, ის ასევე ტიხრის ფუნქციას ითავსებს და ამ ორ ზონას ერთმანეთისგან მიჯნავს.

ბუნების ელემენტის კიდევ ერთი დეტალი ცნობილი დიზაინერის, მარსელ ვანდერსის ჭაღის მეშვეობით იქმნება, რომელიც Flos skygarden-ის სახელითაა ცნობილი. ფუნქციურთან ერთად, მას დეკორატიული დანიშნულებაც აქვს და ვანდერსის ძველი სახლის ორნამენტიანი ჭერის ფორმებს იმეორებს.

საძინებელ ოთახებში მუქი ნაცრისფერი და ყავისფერი ტონალობა ჭარბობს, კედლების ფერი კი საწოლის გადასაფარებლებთან ჰარმონიულ კომბინაციას ქმნის და ერთიანობის განცდას ბადებს. აქაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ოთახის მცენარე და მინიმალისტური სანათები.
მცირე ზომის აბაზანა დახვეწილობითა დეტალების აქცენტირებით ხასიათდება. სივრცე ორ ნაწილად არის გაყოფილი, სადაც სველ წერტილსა და საშხაპე ზონას ვხვდებით. ოთახი ნაცრისფერ ფერებშია გადაწყვეტილი და განსხვავებული ხასიათის შესაქმნელად აქაც გამწვანება გამოიყენება.

საერთო ჯამში, მოცემული ინტერიერი ერთიანობისა და ჰარმონიულობის განცდას ბადებს, რაც ფერების გადათამაშებითა და ავეჯისა და სანათების დიზაინის შეხამებით მიიღწევა. გამორჩეულ ხაზს კი ოთახებში არსებული მცენარეები ქმნის, რომლებსაც სიხალისე და სიფერადე შემოაქვს ბინაში. სივრცე მაქსიმალურადაა ათვისებული და სწორი გეგმარების შედეგად კომფორტული საცხოვრებელი გარემო მიიღება, რომლის განსაკუთრებულ ხიბლს მის თვალწინ გადაშლილი ბუნების პეიზაჟში წარმოადგენს. პროექტის დიზაინერების აზრით, His Apartment-ი სადად მოწყობილ გარემოში აბსოლუტური სისავსის შეგრძნებას ტოვებს და ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი ბინაში თავისებური სიმყუდროვის შექმნა ზომიერებისა და სისადავის სინთეზით.

დიზაინ სტუდია: Due

სანათები: VIBIA, FLOS, MUUTO (სანათები)

ავეჯი: DITRE ITALIA , NOVAMOBILI, NICOLINE, EFORMA 

ფოტოგრაფი: დიტო თედიაშვილი

კომფორტის საიდუმლო — 10 აქტუალური სკანდინავიური ტენდენცია

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხიანი ცენტრალური კარი – 4 უმთავრესი მახასიათებელი