in

სახლი როგორც გალერეა – ელენე კაპანაძის ზღაპრული ინტერიერი

ელენე კაპანაძე პროფესიით ხელოვნებათმცოდნე და თანამედროვე ხელოვნების გალერეა The Why Not Gallery-ის თანადამფუძნებელია. სახლი, რომელშიც ის საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სოლოლაკში მდებარეობს და ის 400 კვადრატული მეტრის მქონე განსაკუთრებული სტილის ინტერიერით გამოირჩევა.

Tbc Insurance
Tbc Insurance
ფოტოგრაფი: სერა ძნელაძე

როგორც ელენე გვიამბობს, ბინა დიდი ხნის მანძილზე იყო დაკეტილი, ვინაიდან ის მანამდე საზღვარგარეთ ცხოვრობდა. როდესაც წყვილმა თბილისში გადმოსვლა გადაწყვიტა, სახლში ძირითადი სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებული იყო, ამიტომ გეგმარების შეცვლაზე ან სხვა კარდინალურ ცვლილებებზე არც უფიქრიათ. თავდაპირველად სახლს მხოლოდ ორი ბინადარი ჰყავდა – ელენე და მისი მეუღლე. შესაბამისად, ბინა საკმაოდ დიდი იყო ახალდაქორწინებული წყვილისთვის და ამიტომ ფართი საკუთარი სურვილების შესაბამისად, სრულიად უპრობლემოდ აითვისეს.

ინტერიერის შექმნა არ იყო ჩვენთვის გააზრებული პროცესი… ანუ ეს არ იყო რაიმე კონკრეტულად დასახული ამოცანის შესრულება. ჩვენ უბრალოდ მოვაწყვეთ ბინა ისე, რომ ის სასიამოვნო საცხოვრებელი ყოფილიყო ჩვენთვის. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ინტერიერი უფრო ნივთებმა, პატარა დეტალებმა და ხელოვნების ნიმუშებმა შექმნეს,” – გვიამბობს ელენე

ელენეს პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ თანამედროვე ქართული ხელოვნება მის ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. ეს რა თქმა უნდა, მის ინტერიერსაც ეტყობა.

სახლში ბევრი ნამუშევარი გვაქვს, ძირითადად ახალგაზრდა ხელოვანების მიერ შესრულებული. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ახალი თაობა მოდის და ისინი ფანტასტიკურ ნამუშევრებს ქმნიან. ჩვენს გალერეას აქვს ასევე სასაჩუქრე მაღაზია, სადაც ვთანამშრომლობთ ხელოვანებთან და მათთან ერთად ვქმნით სხვადასხვა ნივთებს, ძირითადად სახლის დეკორატიულ აქსესუარებს. ჩემს ინტერიერში ბევრი ნივთი სწორედ ამ გალერეის სასაჩუქრე მაღაზიიდანაა. განსაკუთრებით მომწონს ხალიჩები და შპალერი, რასაც მომხმარებელსაც ვთავაზობთ.

თუმცა, როგორც ელენე გვიამბობს, მის მიერ შერჩეული სახლის დეკორის ელემენტები ზოგჯერ არაერთგვაროვან რეაქციებსაც იწვევს ოჯახის წევრებში.

“მახსოვს, როდესაც ფანტასტიკური ხელოვანის, ანდრო დადიანის 2 მეტრიანი თაბაშირის ხელის ქანდაკება ‘ნიჩვრიტი” მოვიტანე სახლში, თავიდან ბავშვები ძალიან შეშინდნენ, ტიროდნენ, არ მოგვწონს და წაიღეო. მერე სადაც დავდგით, იმ ადგილას აღარ გადიოდნენ და კედელთან ჩაკუზულები უყურებდნენ ხოლმე შორიდან. ამ თემაზე ძალიან ბევრი სასაცილო ვიდეო მაქვს გადაღებული.”

“ჩვენი სახლის ინტერიერი ჩემთვის, პირველ რიგში, კომფორტულია, შემდეგ კი საინტერესო. მე ყოველთვის ასეთი ინტერიერები მომწონდა – ბევრი დეტალით, ფერითა და ნივთით. ისეთი, სადაც იგრძნობა მასში მცხოვრები ადამიანების ხასიათი და ინტერესები. აქ ყველა კუთხე ძვირფასია ჩემთვის. თუმცა, მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენი სახლი ძალიან მიყვარს, არის ის, რომ აქ თავისუფლად შემიძლია მოვახდინო იმ იდეების რეალიზება, რაც წლების განმავლობაში გამჩენია და ოდესმე ჩამინიშნავს.”

 

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ირინა სალმინას კერამიკით შექმნილი სპონტანური ექსპერიმენტი

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები არქიტექტურის დარგში