in ,

ირინა სალმინას კერამიკით შექმნილი სპონტანური ექსპერიმენტი

კერამიკა რეალური შტრიხებით – ასე შეიძლება ეწოდოს ირინა სალმინას კერამიკული სტუდიის ნამუშევრებს, რომელთა ხასიათიც საკმაოდ განსხვავებულია ტრადიციული კერამიკული ნაკეთობებისგან. ირინას ნამუშევრები ფორმებით თამაშს გვაგონებს და ალბათ ასეცაა… როგორც თავად ამბობს, მას ძალიან უყვარს ექსპერიმენტები და ამ პროცესში მუდმივადაა ჩართული.

– გაგვეცანით – ვინ არის ირინა სალმინა?

ეს ის კითხვაა, რომელსაც წინ მივყავარ მთელი ცხოვრება. ყოველთვის მაინტერესებდა საკუთარი თავის გაცნობა. უპირველეს ყოვლისა, ბუნებით მოაზროვნე და მკვლევარი ვარ. აუცილებელია გავიგო საკითხის არსი. მაინტერესებს ახლის სწავლა, გამოცდილების მიღება და ამ პროცესში ვცდილობ, საზღვრებს გავცდე. სწორედ ამიტომ, დავიწყე საკუთარი თავის გამოწვევა სხვადასხვა მიმართულებით. ყოველთვის ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო. ერთი მხრივ, მე ვარ ადამიანი, რომელიც ფიქრობს სტრუქტურებითა და ალგორითმებით, თუმცა, ამავდროულად, მე ვარ საკმაოდ სპონტანური, კრეატიული პიროვნება, რომელიც ენდობა თავის ინტუიციას და ესაჭიროება საკუთარი თავის წარმოჩენა. ზუსტად ამაშია დილემა – უნდა მომეძებნა ის სფერო ან ინტერესი, სადაც  ჩემი პიროვნების ორივე მხარე შეძლებდა წარმატებულ თანაარსებობას, და შედეგად მომიტანდა ინტელექტუალურ და კრეატიულ კმაყოფილებას. ჩემთვის ყველაზე მძიმეა სტაგნაცია, ხოლო თვითგანვითარება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

– როგორი იყო თქვენი ბავშვობა და რა გატაცებები გქონდათ იმ დროს?

მქონდა არაჩვეულებრივი ბავშვობა და მყავდა მოსიყვარულე ოჯახი. 90-იანი წლების სირთულეების მიუხედავად, ოჯახში იდეალური გარემო იყო. ყოველთვის მაინტერესებდა სხვადასხვა საკითხები და პატარაობიდანვე მქონდა სწავლისკენ მისწრაფება. ჩემი მშობლები ყოველთვის მხარს უჭერდნენ ჩემს განვითარებას. ისინი მაძლევდნენ შესანიშნავ მაგალითს, ხოლო მე ვაკვირდებოდი და მონაწილეობას ვიღებდი მათ საქმიანობაში. დედამ კერვა და ქსოვა მასწავლა, ხოლო მამამ დარჩილვა; ძალიან მომწონდა ორივე საქმე. აგრეთვე მაინტერესებდა ცეკვა, ენები და მათემატიკა. მთელი ბავშვობა მსურდა, გავმხდარიყავი მოცეკვავე. ცეკვისას სხეულის ენა  იქცა მნიშვნელოვანი ენერგიის წყაროდ.

– რა პროფესიის ხართ და როგორ აღმოჩნდით კერამიკის სფეროში?

2006 წელს დავამთავრე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტი და მივიღე ბაკალავრის ხარისხი. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს მუშაობა დავიწყე საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიაში, სადაც გავაგრძელე სწავლა, გავხდი სერტიფიცირებული Cisco ინჟინერი და ვმუშაობდი კომპიუტერულ ქსელებზე. საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში შვიდ წლიანი კარიერის შემდგომ, ვმუშაობდი სხვადასხვა სფეროში და თანდათან ვხვდებოდი, რომ მხოლოდ ტექნიკური კარიერა არ იყო ჩემთვის საკმარისი. ცხოვრების აზრის ძიების პროცესში, 2013 წელს დავინტერესდი კერამიკით. მაშინ დავდიოდი სახელოსნო „თიხის ოფისში“  Clay Office თბილისში. კერამიკის ხელოვნებამ იმდენად გამიტაცა, რომ წამოვედი სამსახურიდან და დავიწყე საკუთარი ბიზნესი, რათა მქონოდა უფრო მეტი თავისუფალი დრო. მივხვდი, რომ წესების დარღვევა და ექსპერიმენტები ყველაზე მიმზიდველია ჩემთვის და რომ ამგვარ ექსპერიმენტებსა და ჩემს საინჟინრო განათლებას შორის არსებობს პირდაპირი კავშირი.

– გვიამბეთ კერამიკაში პირველი ნაბიჯების და დროსთან ერთად თქვენი განვითარების შესახებ..

2017 წელს, შემოქმედებითი თავისუფლების მიღწევის მიზნით, გავხსენი ჩემი სტუდია „მესს სერამიკს“ Mess Ceramics, რაშიც ჩავდე ყველაფერი და საქმე დავიწყე ნულიდან.  სტუდიაში ვმუშაობდი სრული დატვირთვით თითქმის ორი წლის განმავლობაში, რათა შემესისხლხორცებინა პროცესი. ვატარებდი ექსპერიმენტებს და ვსწავლობდი ცდებისა და შეცდომების ხარჯზე; ვიკვლევდი მასალების თვისებებს, ვამუშავებდი ფილების შექმნის სხვადასხვა ტექნიკას და დავიწყე ფილებით კომპოზიციების შექმნა. კომპლექსური ამოცანები მეტად შთამაგონებელია ჩემთვის, ვიდრე მარტივი. ჩემი კომპოზიციები გართულდნენ და გახდნენ 3 განზომილებიანი კედლის სკულპტურები.  ვატარებდი ექსპერიმენტებს, თითქოსდა ეს იყო საიდუმლო, რომელიც აუცილებლად უნდა გამეგო  და ამ გზით მივაგენი ჩემი შემოქმედებითი გამოხატულების გამოსახვას. ამ შემოქმედებითი პროცესის დროს ვაწყდებოდი შინაგან გამოწვევას: ბრძოლას ხელოვანსა და ინჟინერს შორის. აღნიშნულმა გაორებამ ზეგავლენა მოახდინა ჩემს მხატვრულ მიდგომებზე. მსურდა, შემექმნა უჩვეულო ზედაპირი ჩემი ნამუშევრებისთვის – ამ იდეამ არ მომასვენა. დავიწყე ექსპერიმენტი ხავერდოვანი ტექსტურით. ძალიან მალე შევიმუშავე სკულპტურების შექმნის და ზედაპირების დეკორირების საკუთარი ტექნიკა. რამდენიმე თვეში კი შევქმენი „ნიჟარების“ (Shells) კოლექცია.

– გვიამბეთ თქვენი კერამიკული მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მომენტების შესახებაც..

2018 წელს, ბათუმში ჩავატარე ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა „მშვენიერი ეროზია“ Beautiful Erosion, სადაც წარმოდგენილი იყო „ნიჟარები“. რამოდენიმე ნამუშევარი გამოფენილი იყო სახელოსნოების ფესტივალზე International Festival of Crafts Workshops რაბათის ციხეში.

2019 წელი დატვირთული იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებებით – მივიღე მონაწილება დიზაინ ჯორჯიას გამოფენაში თბილისში, შესარჩევ კონკურსში საერთაშორისო კერამიკის შეჯიბრზე International Ceramic Competition Journées de la Céramique d’Art de Carthage (JCAC) ტუნისში, შესარჩევ კონკურსში პრესტიჟულ საერთაშორისო კერამიკის ფესტივალზე (International Cluj Ceramics Biennale) რუმინეთში და პირველი ადგილი მივიღე საუკეთესო მხატვრული კერამიკისთვის საერთაშორისო კერამიკის სიმპოზიუმზე ტუნისში (9th International Ceramic Symposium).

2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის მოგვევლინა დიდი გარდატეხის წლად და, რა თქმა უნდა, ეს ასე აღმოჩნდა ჩემთვისაც და ჩემი შემოქმედებისთვისაც. ეს წელი სავსე იყო ახალი გამოწყვევებით, კვლევებით და მოულოდნელი აღმოჩენებით.

2021 წელს, ერთ-ერთი ჩემი ნამუშევარი წარდგენილი იქნა მარტინსონის პრემიაზე (Martinsons Award) ლატვიის კერამიკის მესამე გამოფენაზე 3rd Latvia Ceramics Biennale. გამოფენა კვლავაც მიმდინარეობს და გაიმართება 17 ოქტომბრამდე დაუგავპილსის მარკ როტკოს ხელოვნების ცენტრში (Mark Rothko Art Center).

– გვიამბეთ თქვენი მუშაობის სტილზე

როგორც წესი, ნამუშევარს არ ვგეგმავ დასაწყისიდან დასასრულამდე, ვინაიდან ეს მზღუდავს. იდეას ვამუშავებ შემოქმედებითი გზით და  ექსპერიმენტების შედეგად, რაც მაძლევს იმპროვიზაციის და ახლის, მოულოდნელის აღმოჩენის თავისუფლებას. მოცემული მომენტისთვის გამაჩნია ორი სამუშაო მიმართულება: ცალკეული სკულპტურული ნამუშევრები ან კომპოზიციები, და სხვადასხვა მასშტაბის კედლის სკულპტურული ობიექტები და ინსტალაციები. თითოეული ნამუშევარი უნიკალურია.

– როგორ დაახასიათებდით თქვენს ნამუშევრებს?

ვმუშაობ ბუნებრივი და გეომეტრიული ფორმებით, ვცდილობ, გავაცოცხლო ისინი პლასტიკაში. მე უფრო მეტად ვიხრები ერთფეროვნებისკენ, თუმცა, ზოგჯერ ვატარებ ექსპერიმენტებს ფერებით და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ დეტალებს, უჩვეულო ზედაპირებს და ტექსტურებს, ვთამაშობ ჩრდილებით. მსურს მაყურებლისთვის შევქმნა მდიდარი ვიზუალური გამოცდილება უთვალავი დეტალით, რომლის შენიშვნა და დანახვა შესაძლებელია სხვადასხვა რაკურსით. ვფიქრობ, რომ ჩემი ნამუშევრები ჰარმონიულად შეერწყმება როგორც თანამედროვე საცხოვრებელს, ასევე საჯარო სივრცეს.

– გაქვთ შესრულებული რაიმე პროექტი სივრცის დეკორირებისთვის? 

ჩემი პირველი პროექტი იყო თბილისის სასტუმრო მონოგრაფის (Monograph Hotel) საჯარო სივრცის დეკორირება, სადაც შემიკვეთეს კედლის ინსტალაციის და სკულპტურის შექმნა. ეს იყო ფრიად საინტერესო გამოცდილება. ასევე, დავიწყე კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის შესრულება საჯარო სივრცისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, პროექტი შეჩერდა პანდემიური სიტუაციის გამო.

– საიდან მოდის თქვენი შთაგონება?

შთაგონების ყველაზე მძლავრი წყაროა ბუნაბა: ჩვენს ირგვლივ არსებული ბუნება და საგნების ბუნება. შთაგონება ყველგანაა, შიგნითაც და გარეთაც. მიყვარს დაკვირვება, საგნის არსის აღმოჩენა, რაც შემდგომ ხდება ჩემი კვლევის ობიექტი. ყველაფერი შესაძლოა იქცეს საგნად – პირველ რიგში, ჩემი საკუთარი გამოცდილება, გამოსახულებები და ემოციები, ჩემი ქვეცნობიერი; თავად შემოქმედებითი პროცესი, ფიზიკური თუ სულიერი; მასალა, რომლითაც ვმუშაობ – თავისუფლება, რომელსაც იგი იძლევა და შეზღუდვები, რომლების გადალახვა რთული, მაგრამ უსაშველოდ საინტერესოა. სპონტანური ექსპერიმენტი ქმნის არაპროგნოზირებად თავგადასავალს, რომელშიც მე ვცხოვრობ.

– რას საქმიანობთ ამჟამად და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

პანდემიამ სრულიად ამოატრიალა მსოფლიო. კოვიდ-19-მა რიგი საკითხები გადაიყვანა მოლოდინის რეჟიმში. სწორედ ამიტომ, მე მომიწია რამდენიმე პროექტის გადავადება. თუმცა, კარანტინის პერიოდმა მისცა იმპულსი ჩემს, როგორც ხელოვანის, ღრმა ტრანსფორმაციას. ვაგრძელებ ჩემს ექსპერიმენტებს თიხით. დავიწყე განსხვავებული მასალების გამოყენება, შევქმენი რამდენიმე ნამუშევარი, რომლებიც შევლენ ჩემი მომავალი პერსონალური გამოფენის ექსპოზიციაში. სექტემბრის ბოლოს გავემგზავრები თურქეთში, კერძოდ კი კურორტ კუშადასში, სადაც მიწვეული ვარ მეჰმეტ ნური გოგჩენის მე-8 კერამიკულ სიმპოზიუმში (8th Mehmet Nuri Gocen Ceramics Symposium) მონაწილეობის მისაღებად.

ტრადიციული მეთოდით აგებული თანამედროვე სახლი პორტუგალიაში

სახლი როგორც გალერეა – ელენე კაპანაძის ზღაპრული ინტერიერი