in

ეკლექტური ბინა ვერაზე – ირმა გოგიაშვილის ინტერიერი

ირმა გოგიაშვილის მიერ შესრულებული პროექტებიდან ერთ-ერთს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. დღეს კი ჩვენი რესპონდენტის ახლად შექმნილ ინტერიერზე გიამბობთ.

ირმა 18 წელი სან-ფრანცისკოსა და ბერკლიში, კალიფორნიაში ცხოვრობდა. მაგისტრატურის საფეხური საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, მონტერეის საერთაშორისო მეცნიერებათა ინსტიტუტში დაამთავრა. მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ფინანსების, მდგრადი განვითარებისა და განათლების პროექტებზე. საქართველოში 2018 წელს დაბრუნდა და, პროფესიული საქმიანობის გარდა, სამოქალაქო აქტივიზმშიც ჩაერთო. როგორც თავად ამბობს, ძალიან უყვარს მოგზაურობა და ხშირად საკმაოდ შორეულ ქვეყნებსაც სტუმრობს. ამასთან, მისი საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება ხელოვნებას. აღსანიშნავია, რომ ირმას ოჯახის წევრები და მეგობრები ძირითადად ხელოვანები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ირმას დიზაინის მიმართულებით აკადემიური განათლება არ მიუღია, დიზაინს ყოველთვის თავად, პროფესიონალის ჩარევის გარეშე, გამოცდილი ხელოსნების გუნდთან ერთად ქმნის. სწორედ ასე განახორციელა 3 პროექტი, ეს ბინა კი სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა.

ბინა, რომლის საერთო ფართობი 56 მ2-ია, ვერაზე მდებარეობს. მეპატრონემ, რომელიც შენობის ადგილმდებარეობითა და სიძველით მოიხიბლა, ის ერთი წლის წინ შეიძინა. მფლობელის თქმით, ბინა არცთუ ისე კარგ მდგომარეობაში იყიდა, ისევე, როგორც ყველა ის პროექტი, რომლებზეც აქამდე იმუშავა

„მართალია, ეს ბინა უფრო პატარაა, ვიდრე წინა პროექტები, მაგრამ მუშაობის პროცესში მაინც შემხვდა გარკვეული სირთულეები. ბინა ძალიან ბნელი იყო, უამრავი ნაკლი ჰქონდა: შუშაბანდი – შესაკეთებელი, გაყვანილობა – გამოსაცვლელი, ხის იატაკი კი ლამინატგადაკრული იყო. ზოგადად, ძველ ბინებზე მუშაობა ყოველთვის მოულოდნელობებითაა სავსე. აღმოჩნდა, რომ წინა მეპატრონეს სარდაფი უკანონოდ ჰქონდა მიშენებული, რაც მეზობლების უკმაყოფილებას იწვევდა. მოგვიწია, მიშენება მოგვენგრია“, – გვიყვება ირმა.

ბინაში განთავსდა საძინებელი, მისაღები, სტუდიოს ტიპის სამზარეულო და პატარა აბაზანა. აქვეა აივანი, რომელიც შიდა ეზოს გადაჰყურებს.

ავეჯი და კარები ძირითადად ხისგანაა დამზადებული, ღია ხისფერი იატაკი კი სივრცეს მეტ სითბოსა და მყუდროებას სძენს. კედლებზე გამოყენებულია თეთრი ფერი, რომელსაც ინტერიერში სინათლე და სისადავე შემოაქვს. სითეთრე დაბალანსებულია აქსესუარებით, ავეჯითა და დიზაინ ობიექტებით.

აბაზანაში გვხვდება ცისფერი აქცენტები, რომლებიც ოთახს ფერადოვნებასა და სიხალისეს ჰმატებს. მიუხედავად იმისა, რომ სივრცე ძალიან პატარაა, აქ ყველა ფუნქციური ზონაა წარმოდგენილი.

 

პროექტის ავტორი აღნიშნავს, რომ პატარა სივრცისა და მცირე ბიუჯეტის მიუხედავად, საბოლოოდ, საკმაოდ საინტერესო ინტერიერი გამოვიდა.

„პატარა სივრცეზე მუშაობა რთულია, მით უმეტეს, შეზღუდული ფინანსებით. თუმცა, პროცესი მაინც საინტერესოა, რადგან მუდმივად რაღაცის გამოგონება და პრობლემის გადაჭრის გზის მოფიქრება გიწევს. თავიდანვე ვიცოდი, როგორ უნდა გარდამესახა სივრცე. სამწუხაროდ, მცირე ბიუჯეტის გამო, ანტრესოლების განთავსება ვერ მოვახერხე, თუმცა, გამოსავალი მაინც ვიპოვე: ჭერი ავამაღლე და ჭერის ფანჯრები დავამონტაჟე, რამაც სივრცე ბევრად მოცულობითი გახადა“, – აღნიშნავს ბინის მფლობელი.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, მის მიერ შექმნილი და გარდაქმნილი სივრცეები აღმოსავლური და დასავლური კულტურების სინთეზით იქმნება, რადგან მსოფლიოს ყველა კულტურა და ტრადიცია აინტერესებს. ამგვარად აისახება ინტერიერში მისი მოგზაურობისადმი სიყვარული. როგორც წესი, ირმას პროექტები ხელოვნების ნიმუშებითაა დატვირთული: მინიმალისტური სტილის ინტერიერიც კი ნახატებითა და საინტერესო ნივთებითაა გაფორმებული.

„ზოგადად, ვცდილობ, ყველა სივრცე გავაცოცხლო, საკუთარი სული ჩავბერო: ნახატებით, სკულპტურებით (ძალიან მიყვარს მერაბ გუგუნაშვილის შემოქმედება), მოგზაურობიდან ჩამოტანილი შთაბეჭდილებებითა და ნივთებით გავაფორმო.  მიზიდავს ფენ-შუი – ძველი ჩინური მიმდინარეობა/ფილოსოფია, რომელიც ენერგიის/ელემენტების ძალებს იყენებს იმისათვის, რომ ჰარმონიული სივრცეები შექმნას. ძალიან მომწონს ტრადიციული იაპონური ფილოსოფია და ესთეტიკა – ვაბი-საბი, რომლის მთავარი პრინციპი ცვალებადობა, არასრულყოფილების აღიარება და სილამაზის დაფასებაა. მგონია, რომ ამ სახლშიც მსგავსი ატმოსფერო იგრძნობა“.

ამ ეტაპზე აღნიშნული ბინა ქირავდება. დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ლიკა ჯორჯიაშვილი

#რაშენდება: „Hilside Estate“-ი საგურამოს მიმდებარედ

ინტერიერის 7 ფერი, რომლებიც არ მოგბეზრდებათ