in ,

ხუდადოვის ტყეში “მწვანე სკოლად” გარდაქმნილი საბჭოთა ნაგებობის ამბავი

Alliance Group
Alliance Group

ცოტა ხნის წინ ხუდადოვის ტყეში “მწვანე სკოლის” ახალი ფილიალი გაიხსნა. ესაა სივრცე, რომელიც ერთგვარად საკუთარ სახელს ამართლებს – ის ხომ პირდაპირი მნიშვნელობით სიმწვანეშია ჩაფლული. აღსანიშნავია, რომ სკოლისთვის ახალი შენობა არ აგებულა – იგი უკვე აშენებულ, ძველ შენობაში გაიხსნა, რომელსაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

შენობა რეკონსტრუქციამდე
რეკონსტრუქციის პროცესი
პროექტი რეკონსტრუქციის შემდგომ

“ამ კონკრეტულ ადგილას, შეიძლება ითქვას, შემთხვევით აღმოვჩნდით. ჩვენმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს, გვენახა ეს ადგილი ხუდადოვის ტყეში და გადაგვეწყვიტა, გამოდგებოდა თუ არა ტერიტორია და შენობა სკოლისათვის. რაკი ტერიტორია რეკრეაციულ ზონაშია და აქ არანაირი მშენებლობა არ შეიძლებოდა, საჭირო იყო იმის ნახვა, შენობა სკოლისათვის გამოდგებოდა, თუ – არა. გარემო იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ თითქმის მაშინვე გადავწყვიტეთ აქ სკოლის გაკეთება,” – ამბობს ბაკურ სულაკაური, “მწვანე სკოლის” გენერალური დირექტორი.

როგორც ბაკურ სულაკაური გვიამბობს, თანამედროვე მიდგომების თანახმად, ბუნების წიაღში, გამწვანებულ სივრცეში გატარებული დრო მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, ამიტომ ბუნებასთან სიახლოვის იდეა არჩევანის გაკეთებისას გადამწყვეტი იყო.

შენობა ძველ საბჭოთა ნაგებობას წარმოადგენდა, უსახური ფასადითა და უცნაურად დატიხრული შიდა სივრცეებით. საბედნიეროდ, ის კარკასულად იყო ნაშენები და შეიძლებოდა, შიდა ტიხრების მთლიანად მოშლა და სასურველი გეგმარების შექმნა.

“ჩვენი ამოცანა იყო დიდი, ნათელი საკლასო ოთახების გაკეთება.”

მთავარი აქცენტი მაინც გარე სივრცეებსა და ფასადზე გაკეთდა. პირველ რიგში, დასუფთავდა, გადაიბელა და გაისხლა ტყე-პარკი. მოეწყო მორწყვის სისტემები და გაზონები. ყველაფერი დაიგეგმა ისე, რომ ერთდროულად რამდენიმე ასეულ ბავშვს შეეძლოს გარე სივრცეში ისე ყოფნა, რომ სიმჭიდროვე ვერ იგრძნონ და თითოეულს შეეძლოს როგორც სირბილი და სეირნობა, ისე – ბუნების წიაღში განმარტოება. შესაბამისად, მოეწყო რამდენიმე სივრცე, სადაც ერთდროულად სხვადასხვა გაკვეთილის ჩატარებაც შესაძლებელია.

“დიზაინერთან ჩვენი მოთხოვნა ერთადერთი იყო – ბუნებრივი მასალების გამოყენება. კერძოდ, ხე და ქვა.”

“იმის გამო, რომ სკოლა სასექტემბროდ მზად უნდა ყოფილიყო, ხოლო ყოფილმა მფლობელმა შენობა აპრილში დაცალა, ძალიან შეზღუდული გრაფიკით ვმუშაობდით – 4 თვეში აბსოლუტურად ყველაფერი უნდა დაგვესრულებინა. ერთი შეხედვით, ეს შეუძლებელი ამოცანა ჩანდა, რადგან გარე სივრცე რამდენიმე ჰექტარს მოიცავდა, ხოლო შენობაში სარემონტო იყო 2500 კვ.მ. თუმცა, ეს ამოცანა წარმატებით გადაიჭრა და თითქმის ყველაფერი ისე მოესწრო, როგორც დიზაინერმა ჩაიფიქრა,”- ბაკურ სულაკაური 

შენობის რეკონსტრუქციის დეტალების შესახებ დიზაინერ ელენე სხვიტარიძეს გავესაუბრეთ:

– როგორი იყო შენობა მანამ, სანამ მისი რეკონსტრუქცია დაიწყებოდა და როგორი იყო მისი გარდაქმნის გეგმა? 

შენობა რეკონსტრუქციამდე საბჭოთა პერიოდის არქიტექტურის ნათელი მაგალითი იყო. მარტივად რომ აღვწეროთ: დიდი მოცულობის კუბიკი ბევრი პატარა ფანჯრითა და უსახური ფასადით. ჩვენი მიზანი მოცემული მასიური ნაგებობის  „შემსუბუქება“ და საინტერესო იერსახის შექმნა იყო. რაც მთავარია, ეს ყველაფერი შენობის კონსტრუქციის ხელშეუხებლად უნდა მომხდარიყო.

რეკონსტრუქციამდე
რეკონსტრუქციის შემდგომ

მთავარი იდეა ფასადის ვიზუალური „დეფორმაციიდან“ დაიწყო, აქცენტი სხვადასხვა მასალასა და მათ სწორ განლაგებაზე გაკეთდა. ამ ხერხით შევძელით ახალი გეომეტრიული ფორმების გამოყოფა, რაც პირველ რიგში, თავდაპირველ მასიურ იერსახეს უკანა ფლანგზე აყენებს და ყურადღება რამდენიმე შედარებით მცირე ზომის აქცენტირებულ ფორმაზე გადააქვს. დამატებითი დეკორატიული ხაზოვანი განათების საშუალებით ახალ მოცულობას მეტი სიმსუბუქე შევძინეთ და, რაც მთავარია, ხაზი გავუსვით ბუნებრივ მასალებს, რაც, პირველ რიგში, სკოლის დასახელებიდან და შემდგომში, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, პირდაპირ ეხმიანებოდა მწვანე სკოლის დამფუძნებლის თავდაპირველ – ბუნებასთან სიახლოვის იდეას.

– დამკვეთის სურვილი იყო, რომ რეკონსტრუქციის პროცესში გამოგეყენებინათ ბუნებრივი მასალები. რაზე შეაჩერეთ ამ მხრივ არჩევანი?

დიახ, დამკვეთის თხოვნით, აქცენტი ბუნებრივ მასალებზე გაკეთდა. ამ შემთხვევაში 2 ძირითადი მასალა გვაქვს წარმოდგენილი – ბაზალტი და ხე (შერეულად მეტალის პატარა დეტალები) .

უნდა ითქვას, რომ უფრო მეტი აქცენტი ხის მასალაზე გაკეთდა. შევარჩიეთ ძალიან „დამჯდარი“, ზუსტად ის ხის ტონი, რაც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული და ზუსტად ის სისქე, რაც გვჭირდებოდა. ასეთ პატარა დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა დიდ მოცულობასთან გვაქვს საქმე. ზემოხსენებული ორი მასალა ერთმანეთთან მიმართებაში საკმაოდ კონტრასტულია, შესაბამისად, მათი ფორმატი და წყობაც ფასადზე, თუ დავაკვირდებით, განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ახალ გეომეტრიასა და ჩვენს მთავარ იდეას თავდაპირველი მასიური მოცულობის დაყოფასთან დაკავშირებით.

– როგორ გარდაიქმნა სივრცე საბოლოო ჯამში? როგორია განახლებული შენობის ინტერიერი? 

რაც შეეხება ინტერიერს, ამ ნაწილში აშკარაა მეტი სისადავე და ფერების აქცენტური გამოჩენა. ფუნქციიდან გამომდინარე, ინტერიერში არ ფიგურირებს ბევრი ავეჯი თუ სხვა გადატვირთული დეკორაცია.

რეკონსტრუქციამდე
რეკონსტრუქციის შემდგომ

შემოსასვლელ სივრცეში 2 ძირითადი აქცენტი გვხვდება:

  1. ბუნებრივი მცენარეებით დატვირთული მოსასვენებელი ზონა
  2. სივრცე, სადაც სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ამ გადაწყვეტით მოსწავლეები თავიანთ წვლილს შეიტანენ ინტერიერის მოწყობაში;

ეს მწვანე სკოლის უკვე დანერგილ პრაქტიკასაც ეხმიანება და მეტი პასუხისმგებლობისკენაც მოუწოდებს მოსწავლეებს.

ინტერიერის ამ ნაწილში ასევე ვხვდებით ფასადიდან „შემოჭრილ ხის დეტალს“, რაც ერთგვარ კავშირს ქმნის ექსტერიერსა და ინტერიერს შორის.

საბოლოო ჯამში, მწვანე სკოლის შენობა და შემოგარენი მართლაც ამართლებს მისივე კონცეფციას. ხუდადოვის ტყეში შეიქმნა ადგილი, სადაც ბავშვებს განათლების მიღების შესაძლებლობასთან ერთად, ექნებათ საშუალება, მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ მწვანე გარემოსთან და სწავლის პროცესი ბევრად უფრო სასიამოვნო გახადონ.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

ხალხური არქიტექტურით შექმნილი “ბუდე” ნამიბიაში – Porky Hefer Design-ის ნამუშევარი

რონ არადი – ექსტრავაგანტული ფორმების დიზაინერი