დიზაინისა და განათების სფეროში მოღვაწე ქართული სტუდია Shre Studio საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი წარმატებით წარსდგა — სტუდიის პროდუქტი, სლაიდური სანათი Moono, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში – LIT Lighting Design Awards 2025 – გამარჯვებულად დასახელდა.

Moono კონკურსზე წარმოდგენილი იყო 62 სხვადასხვა ქვეყნის 1000-ზე მეტ პროექტს შორის. ჟიურიმ სანათი შეაფასა, როგორც ინოვაციური, ფუნქციური და ესთეტიკურად გამორჩეული დიზაინის მაგალითი — ნათელი დასტური იმისა, რომ Moono მომავალზე ორიენტირებული პროდუქტი და თანამედროვე განათების დიზაინის ღირსეული წარმომადგენელია.

Moono-ს მთავარი იდეაა სინათლის მოქნილად მორგებაა მფლობელის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. სლაიდური მექანიზმი საშუალებას აძლევს მომხმარებელს, თავად განსაზღვროს განათების ინტენსივობა და მიმართულება, რაც სანათს ცოცხალ, სივრცესთან აქტიური კომუნიკაციის უნარის მქონე ობიექტად გარდაქმნის. დიზაინში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ვიზუალურ მინიმალიზმსა და ტექნიკურ დახვეწილობას, რაც Moono-ს თანამედროვე ინტერიერის ბუნებრივ თანამონაწილედ აქცევს.


LIT Lighting Design Awards ყოველწლიური კონკურსია, რომელიც გამოირჩევა განათების სფეროში ყველაზე ინოვაციური პროდუქტებისა და დიზაინის გადაწყვეტილებების აღმოჩენითა და წარმოჩენით. კონკურსის მისიაა, მხარი დაუჭიროს დიზაინერებს, ინჟინრებსა და ბრენდებს, რომლებიც გვთავაზობენ ახალ ხედვას განათების საშუალებების ფორმისა და ფუნქციური შესაძლებლობების მხრივ.
ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ SHRE Studio-თვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, რადგან წარმატება ამ მასშტაბის კონკურსში ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ დიზაინს უკვე თამამად შეუძლია მსოფლიო დონეზე კონკურენციის გაწევა და საკუთარი ადგილის დამკვიდრება განათების თანამედროვე ინდუსტრიაში.





