in

2023 წლის ორიგინალური ნაძვის ხეები თბილისური ინტერიერებიდან

ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია, ის ამ დღის განსაკუთრებული სიმბოლოა, რომელსაც ინტერიერში სადღესასწაულო განწყობა, საზეიმო ხასიათი, ამაღელვებელი ემოციები და სურვილების ასრულების რწმენა შემოაქვს. ნაძვის ხე თითოეულ ოჯახის წევრს აერთიანებს და სასიამოვნო შეგრძნებებს ბადებს, სწორედ ამიტომ, ადამიანები ყოველ წელიწადს გამორჩეულად რთავენ მას, ცდილობენ განსხვავებული შტრიხები შეიტანონ მის გაფორმებაში და უფრო დასამახსოვრებელი, შთამბეჭდავი გახადონ.

დღევანდელ სტატიაში ჩვენ თავი მოვუყარეთ ორიგინალურ ნაძვის ხეებს თბილისური ინტერიერებიდან, რომლებმაც წელს ჩვენი ყურადღება განსაკუთრებულად მიიპყრო. თითოეული მათგანი გამოირჩევა დახვეწილი სტილით, საინტერესო დიზაინითა და რაც მთავარია, ინდივიდუალიზმით, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მათ და შთაგონების წყაროდ აქცევს ნებისმიერი მნახველისთვის.

ნინი ჩიქოვანის ამერიკული ნაძვის ხე

ნინი ჩიქოვანი თამაშობანას თანადამფუძნებელი და გამომცემელია. როგორც თავად გვიამბობს, ახალი წელი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი დღეა, რომლისთვის მზადებას ფაქტობრივად, ოქტომბრიდან იწყებს. მეტიც, ზაფხულის ბოლოს ხანდახან იმდენად ენატრება საახალწლო განწყობა, რომ საახალწლო მუსიკასაც კი რთავს ვრთავ ხოლმე.

ყოველ წელს ვადგენ შესაფერის “ფლეილისტებს”, საჩუქრების მოგროვებას რამდენიმე თვით ადრე ვიწყებ, სულ არაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ სადაც არ უნდა ვიმოგზაურო (და რა დროსაც), ყოველი მოგზაურობიდან სამახსოვროდ აუცილებლად ჩამომაქვს ნაძვის ხის სათამაშო,” – გვიამბობს ნინი

ვინაიდან ნაძვის ხე ახალი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, ბუნებრივიცაა, რომ ამ უკანასკნელს ნამდვილად გამორჩეული ადგილი უჭირავს ნინის ცხოვრებაში. როგორც ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ, ის ნაძვის ხეს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის პირველ უქმეებზე რთავს მთელი ოჯახის შემადგენლობით და ნათლისღების დღესასწაულამდე აგრძელებს მისი სითბოთი და სილამაზით ტკბობას.

ჩემი ნაძვის ხე არის ხელოვნური, რასაც თავისი ბევრი დადებითი მხარე აქვს (განსაკუთრებით ბავშვებიანი ოჯახისთვის). ის გამოვიწერე ამერიკიდან და ცალკე დიდი ისტორიაა, როგორ ვღელავდი მის მშვიდობიან ჩამოსვლაზე, რადგან ნათურები შიგნითვე აქვს ჩამონტაჟებული და მეშინოდა, არ დამსხვრეოდა. როდესაც ვარჩევდი ჩემი ოცნების ნაძვის ხეს, ზუსტად ასეთი წარმომედგინა – ნამდვილს რომ ჰგავს, ძალიან ფუმფულა რომ არ არის და შორიდან რომ შეხედავ, ჯადოსნურად რომ გამოიყურება. ხო და დიდი კვლევის შედეგად, ზუსტად ასეთ ნაძვის ხეს მივაგენი. როგორც კი ეს ნაძვი დიდ ოთახში იდგმება, ეს სივრცე სულ სხვანაირად ცოცხლდება. საღამოობით ყველანი ნაძვის ხის გარშემო ვსხდებით, აქ ვუყურებთ ფილმებს, ვლაპარაკობთ, ვტკბებით. მეტსაც გეტყვით, ყველა რომ იძინებს, ჩამოვდივარ ხოლმე აქ, ვჯდები მარტო და ვუყურებ და ვუყურებ. მოკლედ, ეს ნაძვის ხე ჩემი ნამდვილი გრძელვადიანი ინვესტიცია იყო ბედნიერებაში.”

რაც შეეხება სათამაშოებს, ყველა სათამაშოს, რომელიც ნინის ნაძვის ხეზე ხვდება, საკუთარი ისტორია გააჩნია. უმეტესობა მათგანი სხვადასხვა მოგზაურობებიდან არის ჩამოტანილი, ბევრი საჩუქარია (ვინაიდან ყველამ იცის, რომ ზუსტად ნაძვის ხის სათამაშო აბედნიერებს ჩვენს რესპონდენტს ყველაზე ძალიან), ბევრიც ძველებურია (სხვადასხვა ბაზრობაზე და მეორად მაღაზიაში ნაპოვნი), ზოგი ნინის შვილების გაკეთებულია, ზოგიც კი თავად ნინის შექმნილია. როგორც ნინი აფასებს, “ეს ნაძვის ხე სიყვარულის ზეიმია თავისი სათამაშოებიანად.”

ანი პირველის ექსტერიერის და ინტერიერის ნაძვის ხეები

ღონისძიებების ორგანიზატორი ანი პირველი გვიყვება, რომ ახალი წელი ბავშვობიდან მისთვის გამორჩეული დღესასწაულია. სახლშიც ყოველთვის ის რთავდა ნაძვის ხეს და განსაკუთრებით უყვარს ეს პროცესი, რომელიც მისთვის  ჯადოსნურის მოლოდინთან არის დაკავშირებული.

მისი საახალწლო დეკორი წელს გამორჩეულია, რადგან სახლის ექსტერიერსა და ინტერიერს ორი სხვადასხვა ნაძვის ხე ამშვენებს. ანი ყოველთვის ბუნებრივ ნაძვს ანიჭებდა უპირატესობას, რომელსაც ქოთანში ათავსებდა და საახალწლოდ რთავდა, დღესასწაულის გასვლის შემდეგ კი ეზოში რგავდა. მან წელსაც ახალი ბუნებრივი ნაძვის ხე შეიძინა, თუმცა ის თავიდანვე ეზოში განათავსა და განათებებით მორთო.

რაც შეეხება ინტერიერის ნაძვის ხეს, სახლში ანიმ აქცენტი მხოლოდ ოქროსფერი სათამაშოებისგან აწყობილ ნაძვის ხეზე გააკეთა, რომელიც ორიგინალური სტილითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, ნაძვის ხისა და სათამაშოების შერჩევისას ის უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებს. მისთვის ყველაზე ლამაზი და საყვარელი დეკორი კი დღემდე მაკნატუნას ნაძვის ხეა.

მარიამ კუხალაშვილის ბუნებრივი ნაძვის ხე ოქროსფერი წვიმებით

მარიამ კუხალაშვილი მოდის ინდუსტრიის სფეროში მოღვაწეობს. მისთვის ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, რომლისთვისაც ის გამორჩეულად ემზადება. უკვე ორი წელია, რაც მარიამი ბუნებრივ ნაძვის ხეს იყენებს და მის გაფორმებაზე რამდენიმე თვით ადრე იწყებს ფიქრს.

დიზაინერი მას მინიმალისტურად აფორმებს, რადგან თვლის, რომ ბუნებრივი ნაძვის ხე ისედაც იმდენად ლამაზია, ზედმეტი არაფერი სჭირდება. როგორც მარიამისგან ვიგებთ, ის ძირითადად იყენებს განათებასა და ოქროსფერ წვიმებს, წელს კი რამდენიმე ძალიან ნაზი, გრძელი სათამაშოც შემატა დეკორს და ამ გზით განსაკუთრებული შტრიხები შეიტანა საახალწლო მორთულობაში.

როგორც ჩვენთან საუბრიდან ირკვევა, მარიამი განსაკუთრებულად უდგება ნაძვის ხის არჩევასა და მორთვას. იგი ყოველთვის მარტო უძღვება ამ პროცესს და ოჯახის წევრების მოსვლასა და რეაქციას ელოდება, განსაკუთრებით კი მისი შვილის შეფასებას.

როგორც კი ნაძვის ხეს ვდგამ, სულ სხვანაირი სიმყუდროვე ისადგურებს სახლში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვფიქრობ, წლევანდელი ნაძვის ხე ცოტა დიდია ჩემი სახლისთვის, თუმცა არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ის იმდენად ლამაზია, რომ შემიძლია უბრალოდ ვიჯდე და განუწყვეტლივ ვუყურო მას. ის იმდენად მამშვიდებს, მთელი წელი რომც დავტოვო, არ მომბეზრდება არასდროს. რაც მთავარია, დღესასწაულის შემდეგ, შესაძლებელია ბუნებრივი ნაძვის ეზოში გადარგვა და ეს ძალიან კარგი ტრადიციაა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ უკვე ვფიქრობ მომავალი წლის ნაძვის ხის გაფორმებაზე,” – მარიამ კუხალაშვილი

ქეთუნა ყრუაშვილის ჯადოსნური ნაძვის ხე

ინტერიერის დიზაინერის, ქეთუნა ყრუაშვილის ნაძვის ხე კიდევ ერთი გამორჩეული ობიექტია ჩვენს სიაში.

ძალიან მიყვარს წინა საშობაო განწყობა და ნაძვის ხეც ამ განწყობის მნიშვნელოვანი ნაწილია ჩემთვის. ზოგჯერ უბრალოდ ვზივარ და გაშტერებით ვუცქერ მას,”- გვიამბობს დიზაინერი

ქეთუნა რამდენიმე წელია, რაც ცოცხალ ნაძვს იყენებს სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. როგორც თავად გვიყვება, ის საგანგებოდ არჩევს ფუმფულა და ლამაზ ნაძვის ხეს, რომელსაც ბორჯომიდან უგზავნიან.

უკვე წლებია, რაც ნაძვის ხეს ბროლის სათამაშოებით ვრთავ. ვაგროვებ Swarovski-ის ვარსკვლავებს, რომლებსაც ყოველწლიურად უშვებენ საშობაოდ. ასევე მაქვს ბროლის ლოლოები, ბურთები და სხვა სათამაშოები. ისინი ღამე, განათების ფონზე, სულ ციმციმებენ და ბრჭყვიალებენ. დღისით კი თითქოს უჩინარდებიან და მხოლოდ ბუნებრივი ხე ჩანს. მზიან დღეს კი მთელ კედლებზე პატარა ცისარტყელები ჩნდებიან ბროლის ანარეკლისგან. ეს ნამდვილი ჯადოსნური ნაძვის ხეა.

ნინი ჭანტურიას საბავშვო სათამაშოებით მორთული ნაძვის ხე

ნინი ჭანტურია ინტერიერის დიზაინერი და NS STUDIO-ს თანადამფუძნებელია. დატვირთული რეჟიმის გამო ის ნაძვის ხეს ახალი წლის დადგომამდე ერთი-ორი დღით ადრე რთავს.

ეს ნაძვის ხე შევიძინე რამდენიმე წლის წინ, 30 დეკემბერს. ვინაიდან ამხელა ნაძვისთვის სათამაშოების ყიდვას ვერ მოვასწრებდი, გადავწყვიტე, ჩემი შვილის, ტაბითას სათამაშოებით მომერთო (მაშინ წლინახევრის იყო). პროცესი იმდენად სახალისო აღმოჩნდა და შედეგიც იმდენად განსხვავებული, გადავწყვიტე, რომ ყოველ წელს ამ კონცეფციით მომერთო ნაძვის ხე. თავისთავად, ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, წლიდან წლამდე სახლში სათამაშოების თემატიკა იცვლება, ამიტომ ჩვენის საახალწლო ნაძვის ხეც ცვალებადია, არც ვიცი, საბოლოო სახე როგორი ექნება,” – გვიამბობს ნინი

ასე გადაიქცევიან ტაბითასთვის შერჩეული სათამაშოები ნაძვის ხის დეკორად. სწორედ აქედან გამომდინარე, ნინი უპირატესობას ანიჭებს ხისა და სხვა უსაფრთხო მასალებისგან შექმნილ პროდუქციას. წლევანდელ ნაძვის ხეზე დიზაინერმა ძირითადად გამოიყენა მულტფილმების გმირების პატარა ფიგურები, რომლებსაც წლების განმავლობაში აგროვებდა შვილთან ერთად პატარა კოლექციების სახით.

ნინა კორკელიას ვინტაჟური ნაძვის ხე

ახალი წლის მთავარი მოგონებები ნინას ბავშვობიდან მოსდევს. მისი ოჯახის ტრადიციის თანახმად, ოჯახში სამი ნაძვის ხე ირთვებოდა: ორი ხელოვნური და ერთი ცოცხალი, რომელიც მათივე ეზოში დარგო მამამ ნინას დაბადებასთან დაკავშირებით.

ახლაც მახსოვს იმ ნაძვის ხის სილამაზე… ძველი გერმანული სათამაშოებითა და ციმციმებით მორთული, საოცარ სანახაობას ქმნიდა მთელს ეზოში. მახსოვს, როგორ მონდომებით ვემზადებოდით მე და ჩემი და ამ დღისთვის, ალბათ ამიტომაც მიყვარს განსაკუთრებულად ახალი წელი,” – გვიამბობს ნინა

ნინა ყოველ წელს ცოცხალ ნაძვის ხეს არჩევს საკუთარი ინტერიერისთვის, რომელიც შეკვეთით ჩამოაქვთ სანერგედან, სადაც სპეციალურად გამოჰყავთ საახალწლოდ გასაყიდი ნაძვები. თუმცა, წელს დროის უქონლობის, გამო შეკვეთა დააგვიანდა და თავად მოუწია საყიდლად წასვლა.

31 დეკემბერს გავედი საღამოს სპორტის სასახლის ტერიტორიაზე. ვშიშობდი, რომ არ დამხვდებოდა ისეთი ნაძვი, როგორიც მომეწონებოდა, ან სულაც, არ იქნებოდა საერთოდ არაფერი, მაგრამ შევცდი, რადგან საკმაოდ ძვირადღირებული ნაძვის ხე სულ რაღაც 50 ლარად შევიძინე. ამიტომ ყველას გირჩევთ ამ ხერხს მიმართოთ და იყიდოთ ლამაზი ნაძვის ხე გაცილებით იაფად 31-ში და არა წინა დღეებში.

ნინას ნაძვის ხის სათამაშოები ვინტაჟურ სტილშია. მან რამდენიმე წლის წინ დაიწყო ისეთი ძველებური სათამაშოების შეგროვება, რომლებიც ბავშვობაში ჰქონდა.

ვყიდულობ ყველგან, სადაც კი გადავეყრები – მშრალ ხიდზე, ხელზე, ინტერნეტ გვერდებზე… ჩემთვის ძველი სათამაშოების ხიბლი იმაშია, რომ ისინი ძალიან სასიამოვნო მოგონებებს აღძრავენ და მაბრუნებენ ბავშვობაში. შეიძლება ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ჩემთვის ეს სათამაშოები ყველაზე ლამაზია და ვფიქრობ, რომ ისე არაფერს უხდება, როგორც ცოცხალ ნაძვის ხეს,” – ნინა კორკელია

ნინო და ირინა ეგაძეების ზღაპრული ახალი წელი  

ნინო და ირინა ეგაძეების დახვეწილი სტილი და გამორჩეული გემოვნება ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია. დღეს კი დები საკუთარი საახალწლო ტრადიციების შესახებ გვიამბობენ.

მთავარ ნაძვის ხეს ჩვენს ოჯახში 31 დეკემბერს აწყობდა დედა, თუმცა ჩვენნაირ მოუთმენლებს ბებიები მანამდეც გვაძლევდნენ უფლებას, წინასწარ აგვეწყო სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნაძვის ხეები ჩვენი გემოვნებით. განსაკუთრებულად გვახსოვს ის სუნი, რომელიც ახალი წლის ნაძვის ხეს ჰქონდა და წარუშლელი მოგონებაა მანათობელი დეკორაცია, რომელიც მთელ სახლში შუქ-ჩრდილებს აჩენდა და მართლაც ჯადოსნურს ხდიდა ყველაფერს.

ჩვენი მშობლების დამსახურებით, ახალი წელი იმდენად განსხვავებულად იყო ორგანიზებული – ულამაზესად შეფუთული საჩუქრები, უხილავი მელნით დაწერილი მომართვები თოვლის ბაბუასგან, უეცარი ზარი კარზე – მართლაც გვჯეროდა, რომ თუ სხვაგან არა, ჩვენთან ის ნამდვილი თოვლის ბაბუა მოდიოდა ყოველთვის. განსაკუთრებულობა იმაშიც იყო, რომ შეფუთული საჩუქარი ყველა სტუმრისთვის და მეგობრისთვის იყო განკუთვნილი.

დღეს ნინოს და ირინას საახალწლო ტრადიციის ცენტრში ისევ ნაძვის ხე და საჩუქრებია. მთავარი ცერემონია კი დიდი თუ პატარა სტუმრისთვის საჩუქრების შერჩევა და დარიგებაა. ამას გარდა, ირინა დღეს თავის საქმეშიც აქტიურად აგრძელებს ოჯახის ამ ტრადიციას (როგორც ცნობილია, ირინა ივენთ კომპანია  Alice Q.-ს პროექტების ხელმძღვანელია) და ეგაძეების ახალი წლის ზეიმებიც სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება ზღაპარს.

ახალ წელს, როგორც ყველა განსაკუთრებულ დღეს, ძალიან ალამაზებს დეკორაცია და აქსესუარები, რომლებიც განწყობას ქმნიან. თითქოს მცირე დეტალს შეუძლია არაჩვეულებრივად პოზიტიური მუხტი შემოიტანოს და ყველას გულწრფელი ბედნიერება მიანიჭოს. ჩვენ გაგვიმართლა – ოჯახის წევრებიც და მეგობრებიც ძალიან მხიარულები გვყავს და ყველა ერთად ვმონაწილეობთ დღესასწაულის აღნიშვნაში,”- გვიამბობს ირინა.

ახალ წელს ნაძვის ხე და საჩუქრების შეფუთვა ჩემთვის მთავარი გართობაა და ორივე პროცესში მიყვარს მონაწილეობის მიღება. ვიტყოდი, რომ შეფუთვა ძალიანაც კარგად გამომდის. ნაძვის ხის სათამაშოებს ყველა ქვეყნიდან ვეზიდები, სადაც ვმოგზაურობ, სათამაშოები ხომ არასდროსაა საკმარისი?! ჩემი ნება რომ იყოს, ნაძვის ხეს უფრო დიდხანს დავტოვებდი მორთულს, თუმცა ბოლო მოლაპარაკებებით, მხოლოდ მარტამდე დამრთეს ნება ოჯახის წევრებმა (იცინის). ალბათ ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში მაინც გარშემომყოფთათვის სიხარულის მინიჭება და სიყვარულის გამოხატვაა,”- ნინო ეგაძე

როგორც ნინო გვიამბობს, ყველაზე განსაკუთრებული მისთვის ხის ნაძვის ხეა, რომელიც ირინამ და მისმა გუნდმა შექმნეს სპეციალურად მისთვის და კოვიდ იზოლაციის დროს აჩუქეს. აქ ყველა სართულზე სხვადასხვა ისტორია ვითარდება და განსხვავებული პერსონაჟები, შენობები და  დეტალები გვხვდება. ნინოს თქმით, ყველაზე საოცარი პერსონაჟები თავად მისი ოჯახი და მეგობრები არიან, რომლებიც ნაძვის ხის ბოლო სართულზე “სახლობენ”.

წელს პირველად აღვნიშნეთ ახალი წელი კიკეთში. ირინკამ თემად ელფები აირჩია. ყველაზე საყვარელი ბებია ელფები გამოდგნენ, ისინი გულმოდგინედ ბოლომდე იცავდნენ დრეს კოდს და მცირე ზომის ნაძვის ხეებსაც ძალიან უხდებოდნენ. სტუმრებისთვის ცალკე მოკაზმულობაც დარიგდა. 

ჩვენი დიდი სურვილია, ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება, ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მეტი დრო გაატაროს. ახალი წელიც ხომ ერთ-ერთი მიზეზია, შენი სიყვარული და გრძნობები თამამად გამოხატო. ნაძვის ხე, დეკორაცია და საჩუქრები კი მხოლოდ შესაძლებლობაა ამისთვის, ამიტომაც დროს და ენერგიას არ ვიშურებთ საახალწლო ზეიმის შესაქმნელად.”

არომაკო – ბრენდი, რომელიც მომხმარებელს ინდივიდუალურ მოგონებებს სხვადასხვა სურნელების გამოყენებით უქმნის

რა ფუნქციები აქვს და როგორ მუშაობს ჭკვიანი საკეტი