in

პანორამული ფანჯრები – უპირატესობები და ნაკლოვანებები

საცხოვრებელი კორპუსების თანამედროვე დიზაინში ხშირად იპოვით პროექტებს პანორამული ფანჯრებით. ეს კონსტრუქცია – იატაკიდან ჭერამდე შუშა – სათავეს საფრანგეთიდან იღებს. პანორამულ ფანჯრებს ხშირად მაღალსართულიან კორპუსებში და კოტეჯებში ამონტაჟებენ. სანამ სახლისთვის ასეთ ფანჯრებს შეარჩევთ, აუცილებელია, რომ დადებითი და უარყოფითი მხარეები გონივრულად შეაფასოთ.

დადებითი მხარეები

პანორამული ფანჯრების უპირატესობებია:

  • თუ ფანჯრის მიღმა არის პარკი, ტყე, ბაღი, მდინარე ან ტბა, მაშინ, პანორამული ფანჯრები საშუალებას მოგცემთ ამ სილამაზის ცქერით ყოველ დღე ისე დატკბეთ, თითქოს ბუნება თქვენი სახლის ინტერიერის ნაწილია.
  • მინის სიდიდე ოთახში მეტი სინათლის შეღწევის შესაძლებლობას ქმნის. ასეთი ოთახი სავსე იქნება შუქით და, შესაბამისად, ენერგიის დაზოგვის საშუალებაც მოგეცემათ.
  • პანორამული ფანჯრების მიერ შექმნილი სიმსუბუქისა და ჰაეროვნების გამო სივრცე ვიზუალურად იზრდება. ასეთი გადაწყვეტა პატარა ბინებისთვის შესანიშნავი გამოსავალია.
  • პანორამული ფანჯრები ელეგანტურად და ორიგინალურად გამოიყურება. ისინი ინტერიერს ექსკლუზიურობას მატებს.

უარყოფითი მხარეები

აშკარა უპირატესობების მიუხედავად, პანორამულ ფანჯრებს ნაკლოვანებებიც გააჩნია:

  • ასეთი ფანჯრები საკმაოდ ძვირია. პანორამული ფანჯრები, ოთახის მახასიათებლებისა და ფანჯრის ჩარჩოს ზომის გათვალისწინებით, მხოლოდ შეკვეთით მზადდება.
  • თუ პანორამული ფანჯარა სახლში პირველ სართულზე გაქვთ დამონტაჟებული, მაშინ მისი გაწმენდა სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული. თუმცა, როდესაც საქმე მაღალსართულიან კორპუსს ეხება, პროფესიონალის დაქირავება მოგიწევთ, რაც, თავის მხრივ დამატებით ხარჯებს ქმნის.
  • პანორამული ფანჯრების არჩევისას უსაფრთხოებაზეც უნდა იზრუნოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლში პატარა ბავშვები ცხოვრობენ. ამისთვის, ნახევარი მეტრის ან უფრო დიდი მანძილის მოშორებით, ლითონის ღობეები უნდა დაამონტაჟოთ.
  • სახლში უცხო ადამიანის შეღწევის თვალსაზრისით, პანორამული ფანჯრები საკმაოდ დაუცველი ადგილია, ამიტომ უსაფრთხოებისთვის მოგიწევთ დაამონტაჟოთ სიგნალიზაცია და ვიდეო კონტროლი დააწესოთ.
  • გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ როგორი თანამედროვე მასალისგანაც არ უნდა იყოს პანორამული ფანჯრები დამზადებული, ისინი მაინც ხელს შეუწყობს სითბოს დაკარგვას.

უფრო ხშირად, პანორამული ფანჯრების უპირატესობები ნაკლოვანებებს აჭარბებს. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ასეთი ფანჯრების მქონე პროექტებზე ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა და არ აქვს მნიშვნელობა ეს კერძო კოტეჯი იქნება თუ მაღალსართულიანი შენობა.

RIBA-ს ჯილდოს მფლობელი თანამედროვე საოჯახო სახლი

6 წვრილმანი სახლის ნივთი, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ – #Homeisსაყიდლები