in

რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერიერის ფერთა გამის შერჩევისას

სახლი არის ის ადგილი,  სადაც დიდ დროს ვატარებთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად, გვსურს დასვენება, სტუმრების მიღება, მშვიდი ძილი და გემრიელი საუზმე. გახსოვდეთ, რომ განწყობის შექმნაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ფერები, სწორედ ამიტომ, ინტერიერისთვის სწორი ტონების შერჩევას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ. ამ ყველაფერში კი ფერების ფსიქოლოგია დაგეხმარებათ.

როგორც ცნობილია, ფერს შეუძლია ადამიანში სხვადასხვა ემოციის გამოწვევა. მაგალითად, ყვითელი, არის თბილი ფერი, რომელიც ადამიანზე დადებითად მოქმედებს, აფხიზლებს, მატებს მას ენერგიას და ანიჭებს სიხარულს. გამოიცანით რომელ ოთახში გვირჩევენ ინტერიერის დიზაინერები მის გამოყენებას? რა თქმა  უნდა, სამზარეულოში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი კედლები ყვითლად შევღებოთ. საკმარისია ეს ფერი შევიტანოთ დეტალებში. იგივე ეფექტი აქვს ნარინჯისფერს, ის იწვევს მხიარულ განწყობას და ენერგიით ავსებს სივრცეს.

წითელი – ფერი, რომელიც ყველაზე მკვეთრი და გამორჩეულია ფერთა გამაში, ასევე განეკუთვნება   ფერების თბილ პალიტრას. ფსიქოლოგების განმარტებით, ის გვმატებს  გამბედაობას, აღძრავს მადას, ხოლო იმპულსურ ადამიანებს აღაგზნებს, ამიტომ მისი სახლში შეტანისას დიზაინერები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ. წითელი ფერის მოყვარულებს შეგიძლიათ გამოიყენოთ მუქი წითელი ან ვარდისფერი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათი საწყისი ფუძე წითელია, დიდი დოზით მათი ყურება არ გამოიწვევს გამაღიზიანებელ ეფექტს.

რაც შეეხება ფერების ცივ პალიტრას, ესენია ლურჯი, მწვანე და ცისფერი. ამ ტონების შეტანა უმჯობესია დასასვენებელ ზონაში. მწვანე ასოცირდება ბუნებასთან, რაც დასვენებისკენ გვიბიძგებს, ცისფერი და ლურჯი – ცასთან და ზღვასთან, ასევე ღრუბლებთან. ეს არის იდეალური გარემო სიმშვიდისთვის და ფიქრისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე, ლურჯის, ცისფრის, იასამნისფრის და მწვანეს ყველა ტონი იდეალურია საძინებლის მოსაწყობად.

გახსოვდეთ, რომ მწვანე ფერის შეტანა, ყველა ოთხში შეგიძლიათ მცენარეების სახით, ისინი დადებითად იმოქმედებენ როგორც თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე მენტალურ მდგომარეობაზე.

რაც შეეხება ნეიტრალურ ტონებს, ესენია თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერი და შავი. დღეს ყველაზე გავრცელებულია ამ ფერების კომბინაცია. ისინი (თუნდაც დიდი დოზებით) სასიამოვნოა თვალისთვის, ვიზუალურად აფართოებს საცხოვრებელ სივრცეს და არ არის პრეტენზიული სხვა ფერებთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ, ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, ძირითადად ეს ფერები გამოვიყენოთ დიდი ზონების შემთხვევაში (კედელი, ჭერი, დიდი ავეჯი, ფარდა, საწოლი). ხოლო მკვეთრი ფერების გამოყენება უმჯობესია მცირე დეტალებში, დეკორის სახით, მაგალითად, ბალიშები, ნახატები, ფოტოები, ჭურჭელი და ა.შ. ამ დროს დაცულია ბალანსი და რაც მთავარია, იკვეთება თქვენი გემოვნება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თქვენ მარტივად შეცვლით დეკორაციებს და ამ გზით მთელი სახლის სტილს უპრობლემოდ განაახლებთ.

რომ შევაჯამოთ, ფერების შეხამება ყველაზე საინტერესო საკითხია ფერთა სამყაროში. ორი ან სამი ფერის “მეგობრობა” შესაძლებელია სწორი ტონების შერჩევით. მაგალითად, ყავისფერი დივანი, უფრო მიმზიდველი იქნება თუ მას ლურჯი/ცისფერი კედლის ფონზე განვათავსებთ. იასამნისფერი კედელი კი მწვანე ფერის საწოლს განსაკუთრებულობას შესძენს. თამამად შეგიძლიათ ითამაშოთ მწვანე და ყავისფერი ფერებით, ისინი საოცრად ეხამება ერთმანეთს, ისევე, როგორც ნიადაგი და ბალახი.

და ბოლოს, არ მიჰყვეთ ფერების ტენდენციებს, ისინი ყოველწლიურად იცვლება და მალე ძველდება. შესაბამისად, უმჯობესია, ყოველთვის ენდოთ საკუთარ ინტუიციასა და გემოვნებას.

ავტორი: მარიამ ქიტესაშვილი

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ფერადი ბინა დადიანის ქუჩაზე – დაკო ბახტურიძის ინტერიერი

ლოფტის სტილის ბინა ბრატისლავაში – Kilo/Honc-ის პროექტი