in

“ხელოვნება, რომელიც ხალხს სიხარულს ანიჭებს” – ფილიპ სტარკის ცხოვრება და შემოქმედება

ფილიპ სტარკი ცნობილი დიზაინერი და არქიტექტორია, რომელიც 1949 წლის 18 იანვარს, პარიზში დაიბადა. ფილიპის სიყვარულმა დიზაინისა და არქიტექტურის მიმართ მის ბავშვობაშივე იჩინა თავი, ამიტომ, ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში გადაწყვიტა ინტერიერის დიზაინის შესწავლა. სტარკი სწავლობდა პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 18 წლის ასაკში, საკუთარი კომპანია გახსნა.

თავდაპირველად სტარკი სახლის დიზაინებზე მუშაობდა და სწორედ ამ სფერომ მოუტანა მას პირველი წარმატება. კარიერის დასაწყისში მან ისეთი ცნობილი დიზაინერის ყურადღება მიიპყრო, როგორიცაა პიერ კარდენი, რომელმაც მას თანამშრომლობა შესთავაზა.

ნელ-ნელა ფილიპმა ავეჯის დიზაინში მოიკიდა ფეხი და დაახლოებით 10 წლის შემდეგ, ყურადღების გამახვილება ინტერიერის დიზაინზე გადაწყვიტა.

70-იანი წლების ბოლოს სტარკი სამოგზაუროდ წავიდა. მას მსოფლიოს შემოვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და ტური ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა. როგორც თავად იხსენებს, სწორედ ამ ორ წელში იპოვა საკუთარი თავი და განსაზღვრა მომავალი.

საფრანგეთში დაბრუნებულმა სტარკმა გახსნა საკუთარი სტუდია, რომლის მთავარ მიმართულებას საყოფაცხოვრებო ავეჯის, განათების, ინტერიერისა და არქიტექტურული ნახაზების შექმნა წარმოადგენდა.

თითქმის ყველა სფერომ, რომელიც დიზაინერმა შეისწავლა, მას წარმატება და პოპულარობა მოუტანა. საფრანგეთის პრეზიდენტმა სტარკს საკუთარი სასახლის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებითაც კი გაუკეთა შეთავაზება.

1984 წელს სტარკმა დაიწყო თანამშრომლობა კომპანია Baleri Italia-სთან, სადაც მისი საქმე ინტერიერის დიზაინისთვის საჭირო ნივთების შექმნა იყო.

მისმა გამჭვირვალე პოლიკარბონატის სკამმა გაყიდვების რეკორდი მოხსნა. სკამი LOUIS GHOST-ის სახელითაა ცნობილი და მისი დიზაინი ლუი XV-ს სამეფო სკამით არის შთაგონებული.

1992 წელს ფილიპ სტარკი გახდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდნის დიზაინის ავტორი.

მომდევნო წლებში ფილიპის შეკვეთების რაოდენობა გაიზარდა. ის შეკვეთებს იღებდა ტოკიოდან, მადრიდიდან და ნიუ-იორკიდანაც კი. მისი ნამუშევრები მუდმივად ჩნდებოდა პარიზის ხელოვნების მუზეუმებში.

2008 წელს ფილიპე ბერნარ კუშნერის ინიციატივით, სტარკი დაინიშნა „საფრანგეთის სამხატვრო ხელმძღვანელის“ თანამდებობაზე.

ფილიპ სტარკი დღემდე აგრძელებს მთელი მსოფლიოს გაოცებას საკუთარი ნამუშევრებით, ქმნის საოცარ დიზაინერულ ობიექტებს, ორიგინალურ ინტერიერებსა და შენობებს.

სტარკს მიღებული აქვს 15-ზე მეტი ჯილდო, ის არის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი და საპატიო ლეგიონის კავალერი.

თავად ფილიპი საკუთარ ნამუშევრებს არ აფასებს როგორც რომელიმე კონკრეტულ სტილს, თუმცა, სურს რომ მისი დიზაინი იყოს „ხელმისაწვდომი“ და დახვეწილი. დიზაინერი ქმნის ავეჯს, რომლის შეძენაც უამრავ ადამიანს შეუძლია.

ფილიპ სტარკის ნამუშევრების ამოცნობა საკმაოდ იოლია, რადგან მისი გარჩევა შესაძლებელია ტექნოლოგიური ეფექტურობით, ორიგინალურობითა და დახვეწილი სტილით.

თავად დიზაინერი ამბობს, რომ “კრეატიულობით დაავადდა და ეს მშვენიერი დაავადება განუკურნებელია”, რის გამოც ის სიცოცხლის ბოლომდე მასთან იქნება.

ცნობილი ნამუშევრები:

წვენსაწური სამ მაღალ ფეხზე, რომელიც მოგვაგონებს უცხოპლანეტელ სამფეხებს უელსის მსოფლიო ომისგან;

ველოსიპედის სკუტერი;

ბიზნეს ცენტრი იაპონიის დედაქალაქში, სტარკის ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც შეიქმნა ჯერ კიდევ 1988 წელს;

ღვინის ქარხანა Château les Carmes Haut-Brion Bordeaux, საფრანგეთი;

ლუდის კომპანია Asahi-ს სათავო ოფისი (იაპონია);

დანების ქარხანა Laguiol, საფრანგეთი;

ხელოვნების სკოლა პარიზში;

ოკეანის ხედებით შთაგონებელი საცხოვრებელი სახლი კანადაში – Mcleod Bovell Modern Houses-ს პროექტი

ბინა ვერაზე ცისფერი შუშაბანდით — ირმა გოგიაშვილის ნამუშევარი