in

რა იქნება ტრენდული 2021 წელს საძინებელი ოთახების ინტერიერში?

2020 წლის თანმდევმა გამუდმებით შინ ყოფნამ გადაგვაფასებინა სახლის, როგორც ერთიანისა და მისი შემადგენელი ოთახების მნიშვნელობა. გასულ წელს ყველანი ჩავწვდით სწორად შერჩეული ინტერიერის დიზაინის ფასეულობასა და ღირებულებას, მათ შორის კი საძინებელი ოთახებისას, სადაც დღის ყველაზე მნიშვნელოვან დროს ვატარებთ საკუთარ თავებთან თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად განმარტოვებულები. 2021 წელს საძინებლების ტრენდებზე მსოფლიო მასშტაბით ცნობილმა ინტერიერის დიზაინერებმა საკუთარი აზრები და რჩევები შემოგვთავაზეს, რომლებსაც homeis.ge უცვლელად გთავაზობთ.

1. შეიქმენით მშვიდი ატმოსფერო

დამღლელი, გრძელი დღეების შემდეგ საძინებელ ოთახში დასვენება და განტვირთვა ყველასთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია, ამიტომ დიზაინერები გვირჩევენ, რომ 2021 წელს რაც შეიძლება მშვიდი გარემო შევიქმნათ საძინებელ ოთახებში. ეს შეიძლება გამოიხატოს კედლების ნეიტრალურ, პასტელის, თვალისთვის დამამშვიდებელ ფერებში შეღებვით ან ასეთივე სტილის შპალერის გაკვრით. დიზაინერები ასევე გვირჩევენ თავის არიდებას კუთხეების მკვეთრად ხაზგასმისგან. ამის მიღწევა შესაძლებელია ფარდებითა და ხალიჩებით, რბილი ავეჯიტა და ბალიშებით – რაც უფრო „ფუმფულა“ და ნაზი ატმოსფერო სუფევს ოთახში, მით უფრო ინიღბება უხეში კუთხეების კაკოფონია და ოთახი მშვიდი ხდება.

დიზაინერების აზრით, 2021 წელს საძინებელი ოთახების ინტერიერში მცენარეების სიჭარბეს უნდა ველოდოთ, რადგან ვიზუალური შინაურული ეფექტის მოხდენის გარდა, მცენარეები ჰაერს ტოქსინებისგან წმენდენ.

2.წელს ბუნებრივი სინათლე საძინებელ ოთახებში ბევრად მნიშვნელოვანი გახდება

მზის სინათლეს საძინებელ ოთახში ხშირად მთელი ძალისხმევით ვებრძვით ხოლმე – მუქი ფარდებით, დარაბებით და ჟალუზებით, თუმცა დიზაინერების აზრით, 2021 წელს ბუნებრივი სინათლის გამოკვეთა მოდური გახდება და მზის სხივები საძინებელი ოთახების ინტერიერის მნიშვნელოვანი ნიუანსის მნიშვნელობას შეიძენს. სწორედ ამიტომ, მათი რჩევით, ჩვენი საძინებლები ღია ფერის ფარდებით უნდა გავაწყოთ და ყოველ დილას მზის სინათლესთან ერთად შევეგებოთ.

3.სანათები მეტ პოპულარობას შეიძენს

ბუნებრივთან ერთად, ხელოვნური სინათლის წყაროების მნიშვნელობაც არ უნდა დაგვავიწყდეს – დიზაინერთა აზრით, ჭერის მთლიანი განათების ნაცვლად რამდენიმე ლამფის, ნათურის დადგმა ბევრად უფრო ლამაზი და მოდური გადაწყვეტილებაა.

Studio995 ამიერიდან მომხმარებელს არქიტექტურულ მომსახურებასაც შესთავაზებს

“ვიზუალური მერჩანდაიზინგი” – ქეთა ცუცქირიძის მიერ დანახული ვიტრინისტიკის ესთეტიკა