in

როგორ ვიცხოვროთ “ხრუშჩოვკაში” ახლებურად – რამდენიმე რჩევა ძველი პროექტის კეთილმოწყობისთვის

 

ეგრეთწოდებული “ხრუშჩოვკები” საბჭოთა კავშირის კიდევ ერთი მძიმე მემკვიდრეობაა, რომელიც მისი შეზღუდული ზომებისა და უხერხული გეგმარების გამო მყუდრო კერის შექმნაში ხელს გვიშლის. თუმცა, დიზაინერების მიერ მოფიქრებულმა რამდენიმე ხერხმა ფართისა და ჭერის სიმცირე და ოთახების განთავსების უხერხულობა შეიძლება შეუმჩნეველი გახადოს და თქვენი სივრცე საკმაოდ კომფორტულ გარემოდ აქციოს. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას ამ მხრივ:

1. შეცვალეთ გეგმარება

კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ტიპის პროექტებში ხშირად შიდა კედლები არ არის მზიდი და მათი დემონტაჟი შესაძლებელია.

2. შეცვალეთ გაყვანილობა

„ხრუშჩოვკებში“ გაყვანილობის საპროექტო დატვირთვა, როგორც წესი, არ აღემატება 3 კვტ-ს შესაბამისად გონივრული მიდგომაა საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის დროს. უმჯობესია თუ ალუმინის ელექტროგაყვანილობას სპილენძით შეცვლით.

3. იდეალური გადაწყვეტილებაა პატარა სამზარეულოს სასტუმრო ოთახთან გაერთიანება.

სივრცე გაიზრდება და დამატებითი ზონები გამოჩდება. გაზმომარაგების კანონის შესაბამისად, შეგიძლიათ ოთახის გამოსაყოფად მობილური ტიხარი დააყენოთ.

4. პატარა სააბაზანოსთვის მიზანშეწონილია:

  • კუთხური სანტექნიკა;
  • კომპაქტური საყოფაცხოვრებო ტექნიკა;
  • სარეცხი მანქანის სამზარეულოში ან შემოსასვლელში გატანა;
  • სივრცის გაზრდის ხერხების გამოყენება (სარკე, ღია ფერები, პრიალა ზედაპირები);
  • სათავსო ნიშების მოწყობა;
  • კარისა და კედლის ორგანაიზერებისა და საკიდების გამოყენება.

5. ვიწრო და გრძელი კორიდორი.

თუ თქვენ გადაგეგმარებას არ აპირებთ შეეცადეთ ის უფრო თანამედროვე და ფუნქციური გახადოთ, ამაში შემდეგი პუნტქები დაგეხმარებათ:

  • სივრცის ვიზუალური კორექტირება (დაგეხმარებათ სარკეები, თვალშისაცემი აქცენტირებული ზედაპირი კორიდორის ბოლოში, განივი ზოლები ხალიჩაზე, იატაკის ზედაპირის დიაგონალური ან განივი წყობა);
  • მოაწყვეთ დამატებითი სათავსოები (მომცრო თაროები, ნიშები კედლებში, საკიდები, კედლის ორგანაიზერები, ვიწრო კონსოლები);
  • შექმენით ასიმეტრია (ავეჯი, სანათები, დეკორი კორიდორის მხოლოდ ერთ მხარეს განათავსეთ);
  • ყურადღების გადატანა (თუ თქვენ კორიდორს გალერეად გადააქცევთ და ამისთვის უჩვეულო ცვლადი გეომეტრიის ღებვას გამოიყენებთ, ვერავინ შეამჩნევს სივრცის კონფიგურაციის ნაკლოვანებებს);

და ბოლოს, გახსოვდეთ “ხრუშჩოვკის” რემონტის დროს ხშირად დაშვებული შეცდომები:

  • როზეტების არასაკმარისი რაოდენობა;
  • არასაკმარისი განათება;
  • შიდა კედლების გასწორების მცდელობა (თუ ისინი კრიტიკულად არათანაბარია, უმჯობესია მონგრევა და ახლის აშენება);
  • ხმის იზოლაციაზე ეკონომიის გაწევა;
  • დამატებით ვენტილაციაზე უარის თქმა („ხრუშჩოვკებში“ ხშირად არის პრობლემები სამზარეულოსა და სააბაზანოს ვენტილაციაში);
  • კედლებისა და ჭერის მოპირკეთების სრულ დემონტაჟზე უარის თქმა (ხშირად შპალერისა და ფითხის უკან კარგად შენახული აგურის წყობაა რაც სასიამოვნო სიურპრიზად შეიძლება გადაიქცეს);
  • ჭერის ზომის ნაცვლად, დიზაინზე აქცენტირება („ხრუშჩოვკაში“ ყოველი სანტიმეტრი ძვირფასია)

მინიმალისტური ავეჯის კოლექცია ნატალი დებოელისგან

 ავსტრალიური პატარა სახლი – CABN-ის პროექტი