in ,

რესტორანი თბილისში რეტროსა და თანამედროვე სტილის სინთეზით – მაია დავითიძის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

„ორო“ – თანამედროვე დიზაინის ახალი ქართული რესტორანი თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს.

რესტორნის დიზაინი, რომელზეც არქიტექტორ-დიზაინერმა მაია დავითიძემ იმუშავა, რეტროსა და თანამედროვე სტილის სინთეზს წარმოადგენს. ადგილზე მისულ სტუმარს ხის, მარმარილოსა და ტყავის საინტერესო კომბინაციით შექმნილი მყუდრო და თანამედროვე სივრცე ხვდება, რომლის დეკორი სადა და ორიგინალურია, ცალკეული დეტალები კი ინტერიერს ფუქნციურად და შინაარსობრივად ამდიდრებს.

ყურადღებას იქცევს მინისა და ხის კონსტრუქციით შექმნილი ტაბური, რომელიც გაფორმებულია თითბერის ორიგინალური სახელურით. ტაბურის გავლით მთავარ დარბაზში მოხვედრაა შესაძლებელი. დარბაზის მთლიანი სივრცე ხის კონსტრუქციებით არის დაყოფილი ზონებად. დარბაზში შემოტანილი დაბურული მინებისა და სარკის დეტალები ვიზუალურად მეტი სივრცის ეფექტს ქმნის.

აქვეა ბარის ზონა, რომლის უკანა ფონი კერამიკული ფილით არის მოპირკეთებული, წინა მხარე კი ხის შპონითაა შესრულებული და დაფარულია დაზოლილი პანელით.

ავეჯი მკვეთრი ფერისაა: ლურჯი დივანი, ნარინჯისფერი სავარძელი, საინტერესო მომწვანო ფერის მარმარილოს მაგიდა. მაგიდები გამოყოფილია ცალკეული განათებებით. დეკორი გამწვანებასაც მოიცავს, რაც კიდევ უფრო მყუდროსა და საინტერესოს ხდის რესტორნის სივრცეს.

იატაკი მოპირკეთებულია მოზაიკით, ფერადი კენჭებით, ხოლო კედლებზე გამოყენებულია დეკორატიული ლესვის ტექნიკა.

პროექტის ავტორის გადაწყვეტილებით, ჭერი ხელუხლებლად არის დატოვებული, კონსტრუქცია არ შეფუთულა, რამაც მაღალი ჭერის ეფექტი უზრუნველყო.
ჭერში შეიმჩნევა პატარა, საინტერესო ელემენტები კარნიზის სახით, რაც ასევე ხელუხლებლად შენარჩუნდა.

ვიტრაჟი, რომელიც რესტორანს ერთი მხრიდან აქვს, ინტერიერის მნიშვნელოვანი დეტალია და, ამასთანავე, ბუნებრივი განათების წყაროს წარმოადგენს. ვიტრაჟზე გამოყენებულია მოკლე ფარდა, რომელსაც ინტერიერში რეტროს მოტივები და მშვიდი განწყობა შემოაქვს.

პროექტის ავტორი: მაია დავითიძე

ფოტოგრაფი: მანჩო კვერნაძე

ახალგაზრდა წყვილის “მსუბუქი” და “ცოცხალი” სახლი ნოტინგ ჰილში

ტური ტომი ჰილფიგერის მაიამის სახლში