in

როგორ გავწმინდოთ თეთრი ფერის ხალიჩა ხალხური მეთოდების გამოყენებით?

თეთრი ხალიჩა ოთახს ელეგანტურობას მატებს და მას უფრო ნათელსა და დახვეწილს აჩენს, თუმცა მისი ერთ-ერთი ცუდი მხარე ისაა, რომ ის საკმაოდ ადვილად ისვრება. დღევანდელ სტატიაში გიამბობთ რამდენიმე მარტივი მეთოდის შესახებ, რომელიც ხალიჩის გაწმენდაში დაგეხმარებათ.

მუქი ფერის ხალიჩების გაწმენდა შედარებით მარტივია, რადგან ამისთვის უამრავი ქიმიური საშუალება არსებობს, მაგრამ თეთრის შემთხვევაში, სიტუაცია შედარებით რთულადაა, ვინაიდან ამ ტიპის ხალიჩა ადვილად იცვლის ფერს და იძენს ყვითელ ან ნაცრისფერ შეფერილობას, რაც საკმაოდ არაესთეტიკურად გამოიყურება.

როგორ უნდა შევინარჩუნოთ ხალიჩის ფერი?

მანამ, სანამ ხალიჩის გაწმენდაზე დაიწყებთ ფიქრს, უმჯობესია, იცოდეთ მისი მოვლის წესები, რომლებიც წმენდის პროცესს დიდი ხნით აგარიდებთ თავიდან.

პირველ რიგში, ხალიჩას დაუყოვნებლივ უნდა მოშორდეს ნებისმიერი ლაქა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ქსოვილში ღრმად შეაღწევს და გაწმენდის პროცესს კიდევ უფრო გაართულებს.

თუმცა, როგორც არ უნდა მოვუაროთ მას, მაინც დგება მომენტი, როდესაც ხალიჩის გაწმენდა ხდება საჭირო. რეგულარული წმენდის შემთხვევაში, ამის საჭიროება გაცილებით იშვიათია და მისი ყოველ ექვს თვეში საფუძვლიანად გაწმენდა სრულიად საკმარისია.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ხალიჩის ფერის შეცვლა?

ხალიჩის გაყვითლების მიზეზები განსხვავებულია, თუმცა მათ შორის რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მიზეზი არსებობს.

მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება, საწმენდი პროდუქტების არასწორი შერჩევა, მატყლისა და მსგავსი მასალის არსებობა ან იატაკის სისველე შეიძლება გახდეს თქვენი ხალიჩის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

ამ ფაქტორების თავიდან აცილებით, თქვენ შეგიძლიათ ხალიჩის დაბინძურების პროცესი ხანგრძლივად აირიდოთ თავიდან.

როგორ გავწმინდოთ თეთრი ხალიჩა?

იმ შემთხვევაში, თუ ხალიჩის გაწმენდას სპეციალური პროდუქტებისა და საწმენდი საშუალებების დახმარებით აპირებთ, გაითვალისწინეთ რომ პროდუქტი დამზადებული უნდა იყოს ისეთი ნივთიერებებისგან, რომლებიც თქვენი ხალიჩის მასალასთან ურთიერთქმედებაში არ შევა და მას უფრო მეტად არ დააზიანებს. მაგალითად, მატყლი ყოველთვის ფუჭდება თუ მას სინთეტიკისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალება მოხვდება.

სამრეწველო შამპუნები, ფხვნილები და სხვა ქიმიური საშუალებები საკმაოდ ეფექტურია, თუმცა მათ შეუძლიათ ალერგიების და სხვა პრობლემების შექმნა, რის გამოც ხშირად ხალხურ საშუალებებზე ვაკეთებთ არჩევანს.

ამიაკი

ამიაკი ეფექტურად უმკლავდება წყალში ხსნად ლაქებს, როგორებიცაა ჩაის, ყავის ან შოკოლადის ლაქები და ა.შ. თუმცა, ნებისმიერი ლაქის შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ხალიჩის მაქსიმალურად სწრაფად გაწმენდა.

წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგი უმკლავდება შედარებით რთულ ლაქებს, მათ შორის ღვინის წვეთებსაც კი. ხალიჩის გასაწმენდად საჭიროა, რომ რბილი ქსოვილი წყალბადის ზეჟანგით დაასველოთ, შემდეგ კი მხოლოდ დაბინძურებული ადგილი გაწმინდოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ ლაქა ბოლომდე არ გაქრება.

სოდა, მარილი, სახამებელი

სამივე პროდუქტი ერთნაირად ეფექტურია და ებრძვის მტვერსა და უსიამოვნო სუნს. ხალიჩის ამ გზით გასაწმენდად საჭიროა, რომ რომელიმე მათგანი ხალიჩის ზედაპირზე დაყაროთ, გააჩეროთ 30 წუთის განმავლობაში და მტვერსასრუტის გამოყენებით მოაშოროთ.

საპონი

ღია ფერის ხალიჩებისთვის შესაფერისია მხოლოდ თეთრი საპონი. საპნის ხსნარი გამოიყენება საყოფაცხოვრებო ლაქების მოსაშორებლად. ხსნარის დასამზადებლად 5გ გახეხილ საპონს დაუმატოთ 0,5 ლ თბილი წყალი.

ხსნარი რბილი ქსოვილის გამოყენებით დაიტანეთ ხალიჩაზე, ფრთხილად გაწმინდეთ და პროცესის დასრულების შემდეგ სუფთა თბილი წყლით გაასუფთავეთ.

ამ მარტივი მეთოდების გამოყენებით თქვენ შეძლებთ თეთრი ხალიჩისთვის პირვანდელი ელფერის შენარჩუნებას და მისი ლაქებისგან განთავისუფლებას.

არქიტექტურის პოეტიკა — ინტერვიუ დავით ბოსტანაშვილთან

შეკიდული თუ გასაჭიმი ჭერი – როგორ გავაკეთო არჩევანი?