in

#სადვიცხოვრო: ანა გრიგოლიას სახლი უზნაძის ქუჩაზე

ანა გრიგოლია პროფესიით არქიტექტორია. ის დიდი ხნის მანძილზე ეძებდა ბინას და ზუსტად იცოდა საკუთარი სურვილები. მისი მომავალი საცხოვრებელი სივრცე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ძველ შენობაში, ჰქონოდა მაღალი ჭერი და რაც მთავარია, ისეთი სახასითო დეტალი, რაც მას მაშინვე აგრძნობინებდა თავს “საკუთარ სახლში”.

Tbc Insurance
Tbc Insurance

ამგვარ ბინას ანამ უზნაძის ქუჩაზე მიაგნო. როგორც არქიტექტორი Homeis.ge-ს უამბობს, პირველი, რაც ამ სივრცეში შესვლისას დაინახა, იყო ულამაზესი ბუხარი და შუშაბანდი, რომლიდანაც სინათლე მთელს სახლში შემოდიოდა. სწორედ ეს ორი უმნიშვნელოვანესი დეტალი გახდა გადამწყვეტი – ანა ისე დათანხმდა ბინის შეძენას, რომ სხვა ოთახები არც კი დაუთვალიერებია.

ამის შემდეგ დაიწყო რემონტის საკმაოდ გრძელი და რთული პროცესი. იმის გათვალისწინებით, რომ შენობა 200-ზე მეტი წლისაა, გეგმარებაში რაიმე სერიოზული ჩარევა თავიდანვე გამორიცხული იყო. ახალ მეპატრონეს მისაღებ ოთახში ძალიან ლამაზი, მაგრამ უკვე დროისგან გაცრეცილი მწვანე კედლები დახვდა. სწორედ აქედან გამომდინარე, ანას აღქმაში ეს სახლი მწვანედ ჩაიბეჭდა და შემდეგში დიზაინის დომინანტი ფერიც სწორედ ის გახდა.

ანას სურვილი იყო, ხაზი გაესვა მაღალი ჭერისთვის, ამიტომ ფერის აქცენტი კედლების ნაცვლად, ჭერზე გადაიტანა და ის მუქ მწვანე ფერში გადაწყვიტა. საბოლოო ჯამში, ასეთმა ჭერმა ძალიან დრამატული ეფექტი შექმნა მისაღებ ოთახში.

როგორც ბინის მეპატრონე გვიამბობს, მისი საყვარელი სივრცე ამ სახლში სამზარეულოა, რომელსაც უზარმაზარი შუშაბანდი აქვს.

რაც შეეხება სველ წერტილს, სწორედ აქ მოახერხა ანამ სანუკვარი ოცნების ახდენა და აბაზანა ფანჯარასთან განათავსა. აბაზანის სივრცე კედლებიდან ჭერამდე სრულად მუქ ლურჯ ფერშია შეღებილი, რაც საოცარ სიმყუდროვეს ქმნის.

ავეჯის და განათების უმეტესი ნაწილი მეორადი და რესტავრირებულია, ზოგი თავად ბინის ყოფილმა მეპატრონემ დატოვა, ზოგი კი ანამ დედის, ბებიის და დიდი ბებიის სახლებიდან შეკრიბა. როგორც ანა აღნიშნავს, მისთვის ყველა ამ ნივთს კონკრეტული ისტორია უკავშირდება და სწორედ ამ ფორმით ხედავს ის ისედაც ძალიან ძველი და ისტორიული სახლის ამბის გაგრძელებას.

აღნიშნული ბინა ამ ეტაპზე გასაქირავებლად არის გამოტანილი და მისი ქირაობა შესაძლებელია airbnb პლათფორმის საშუალებით.

არქიტექტორი: ანა გრიგოლია

სტუდია: Material Editors

ფოტოგრაფი: ანა გრიგოლია

Lenny Kravitz-ის მიერ განახლებული XVIII საუკუნის სახლი ბრაზილიაში

რემონტის გიდი: როგორ შევღებოთ ჭერი