in

სამზარეულო კუნძულით – რჩეული პროექტები საქართველოდან

სამზარეულოს კუნძული მრავალფუნქციური ავეჯის ელემენტია, რომელიც ნებისმიერი ზომის ბინასა თუ სახლს უხდება. გარდა მისი დიზაინისა, ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კომფორტული გამოსაყენებელია. სამზარეულოს კუნძული პირველად XIX საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა და მას ინტერიერის დიზაინერები იშვიათად იყენებდნენ, თუმცა დღეს მთელს მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. ამ სტატიაში რამდენიმე რჩეულ პროექტს გაგაცნობთ, რომლებშიც ასეთი სამზარეულო საინტერესოდაა წარმოჩენილი.

ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე

ნინო ელიავას სურდა რომ მისი ბინა უნიკალური და გამორჩეული ყოფილიყო. მან აქცენტი ღია სამზარეულოზე გააკეთა, რომელიც მისაღებ ოთახს ღიად უკავშირდება, თუმცა ამავდროულად საკმაოდ იზოლირებულიც არის. სამზარეულოს კუნძულის ფერი და დიზაინი სახლს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და იდეალურია სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლადაც. მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოს კუნძული ავეჯია და როგორც წესი, ავეჯი სივრცეს ამცირებს, ამ შემთხვევაში პირიქით, ის საშუალებას იძლევა, რომ ოთახი ვიზუალურად გაფართოვდეს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა გიორგი წერეთლის ქუჩაზე

ბინა ვაკის პარკთან, გიორგი წერეთლის ქუჩაზე მდებარეობს. მთავარ ოთახში გაერთიანებულ მისაღებს, სამზარეულოსა და სასადილო ზონებს ვხვდებით. სწორედ ამ ნაწილშია განთავსებული სამზარეულოს კუნძული, რომელიც მთლიანი სახლის დიზაინს ჰარმონიულად ერწყმის. გარდა იმისა, რომ კუნძული სამზარეულოს ინტერიერს იდეალურად ეხამება, მასზე ნიჟარა და გაზქურაც არის დამონტაჟებული, რაც კუნძულის მრავალფუნქციურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

სახლი კიკეთში

ამ შემთხვევაში სამზარეულის კუნძული მოთავსებულია ცენტრში და ის არა მხოლოდ კერძების მოსამზადებლად, არამედ სასადილოდ და მეგობრების მისაღებადაც გამოიყენება. კუნძულის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ის იდეალურია ლანჩისთვის, საუზმისთვის ან მეგობრებთან ერთად ყავის დასალევადაც.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა საკანდელიძის ქუჩაზე

მიუხედავად ადგილის სიმცირისა, ამ პროექტში სამზარეულო ზონა კომპაქტურადაა მოწყობილი და კომფორტული სივრცე მიიღება, რაშიც სამზარეულოს კუნძული ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა კრწანისში

კრწანისში მდებარე ამ საცხოვრებელი სახლის პროექტზე, ელენე პაპიაშვილისა და ლიზა ხუნდაძის ხელმძღვანელობით, ინტერიერის დიზაინის სტუდია „WOM “-მა იმუშავა. სამზარეულოს ნაწილში წამყვანი ხის მასალაა და სამზარეულოს კუნძულიც ხისგანაა შექმნილი. მის ზედაპირზე ულამაზესი მუქი ლურჯი ფერის ფილებია გამოყენებული, რაც სივრცეს კიდევ უფრო დიდ ხიბლს ანიჭებს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა ბაგებში

პროექტი ინტერიერის დიზაინერ ანინია ფხაკაძეს ეკუთვნის. სახლში მთავარი აქცენტები ლურჯ ფერზეა გაკეთებული და ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი სამზარეულოა. ღია ცისფერი ავეჯი თეთრ კედლებსა და მოლდინგებს იდეალურად ეხამება და საოცარი სინაზითა და მომხიბვლელობით ავსებს სივრცეს, რომელსაც განსაკუთრებით უხდება თეთრი ფერის სამზარეულოს კუნძულიც, რომელსაც ცისფერი ჩანართები ამშვენებს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა ვაკის პარკთან

ბინა, რომელიც ვაკის პარკის მოპირდაპირედ მდებარეობს, 150 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მის დიზაინზე სტუდია STIPFOLD-მა იმუშავა. კონცეფცია დამკვეთის ხასიათისა და ხედვებიდან გამომდინარე შეირჩა და არჩევანი მინიმალისტურ მიდგომაზე შეჩერდა – უნდა გამოყენებულიყო მონოტონური ფერთა პალიტრა და ფაქტურების მცირე რაოდენობა. სამზარეულოს კუნძული კალაკატას მარმარილოს მასალითაა შექმნილი, რომელიც სახლს მდიდრულ და ელეგანტურ ელფერს სძენს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა ვერაზე

როგორც ბინის მფლობელი გვიამბობს, მის სახლში მხოლოდ ის ნივთებია, რაც მას რეალურად სჭირდება, ამიტომ ინტერიერიც სიმსუბუქისა და ჰარმონიის შთაბეჭდილებას გვიქმნის. ამ პროექტში სამზარეულოს კუნძული სივრცის ზონირებისთვის იდეალურ როლს ასრულებს და სამზარეულოს სასადილო და მოსასვენებელი ზონებისგან ძალან ბუნებრივად მიჯნავს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა არაყიშვილის ქუჩაზე

ამ ბინის დიზაინი, რომელზეც სტუდია Idaaf Architects-მა იმუშავა, ახალგაზრდა იურისტისთვის შეიქმნა, როგორც ერთგვარი მყუდრო თავშესაფარი დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ. სწორედ ამიტომ, სამზარეულოს ნაწილიც სადა და დახვეწილ ფერებშია გადაწყვეტილი. კუნძულის ფასადი მქრქალ ნაცრისფერ ტონშია გადაწყვეტილი, რომელიც საინტერესო კონტრასტს ქმნის გაბატონებულ სადა ტონებთან მიმართებაში.

იხილეთ პროექტი დეტალურად

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

რა უპირატესობები აქვს ახალაშენებულ კომპლექსს ძველ კორპუსთან შედარებით?

თვითსწორებადი იატაკის საფარის ტიპები და მახასიათებლები