in

რა იქნება ტრენდული 2021 წელს სამზარეულოს ინტერიერში?

 

წლევანდელმა მოვლენებმა სახლისა და მისი კეთილმოწყობის მნიშვნელობა უდავოდ გაზარდა. თუმცა, ყველაზე რადიკალური ტრანსფორმაცია სამზარეულოებმა განიცადეს – მათ, ვინც თავიანთ ღუმელს კარადებად იყენებდნენ და მხოლოდ საჭმლის გამოძახების სერვისით სარგებლობდნენ, თვითიზოლაციაში მოხვედრისას თავად დაიწყეს კერძების მომზადება.

ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი წელი ბევრად უფრო იღბლიანი და ნათელი იქნება ყველასთვის, თუმცა ცხადია, რომ სამზარეულოს მნიშვნელობა და დატვირთვა მხოლოდ გაიზრდება. ამის გათვალისწინებით, გთავაზობთ 2021 წლის სამზარეულოს ტრენდებს.

1.მწვანე ავეჯი

დაკოტა ჯონსონის მწვანე სამზარეულო

ამ გამომწვევი, თვალში მარტივად მოსახვედრი ფერის სამზარეულოში გამოყენების ტენდენცია რამდენიმე წლის წინ კამერონ დიაზის სახლის ინტერიერის დიზაინში უკვე შეინიშნებოდა, თუმცა მწვანე ავეჯმა ნამდვილი პოპულარულობა წელს მოიპოვა, მას შემდეგ, რაც დაკოტა ჯონსონმა, თაობის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მსახიობმა, თავისი სიყვარული გამოხატა მწვანე სამზარეულოს მიმართ.

2.ესთეტიურად მიმზიდველი მულტიფუნქციური ჭურჭელი

2020 წელს სასადილოდ რესტორნებსა და კაფეებში გასვლის საშუალება თითქმის სრულად შეგვეზღუდა, შესაბამისად, სახლში ჭამის გამო უამრავი ჭურჭლის გარეცხვა გვიწევს. ეს არც თუ ისე სასიამოვნო საქმიანობაა, ამიტომ 2021 წლის ტრენდია სამზარეულოს ისეთი დახვეწილი ვიზუალის მქონე ჭურჭლით დაკომპლექტება, რომელიც ნაკლებ ადგილს დაიკავებს და ბევრი ფუნქცია ექნება. ფოტოზე გამოსახული ტაფა სწორედ ასეთია – მას შეუძლია შეწვა, მოთუშვა, მოხრაკვა, გამოშრობა და მოხარშვა, თან, თუ მისი გარეცხვისთვის დრო არ დაგრჩებათ, ის სამზარეულოს მაგიდაზეც სასიამოვნო შესახედი იქნება.

3.გამძლე საღებავი

სამზარეულო სახლის ისეთი ადგილია, სადაც არავინაა დაზღვეული წარუმატებლობისთვის. კერძების მომზადებისას ერთი პატარა შეცდომის გამო შეიძლება კედლები დასვაროთ და სამუდამოდ დააზიანოთ ისინი, ამიტომ 2021 წლის ერთ-ერთი ტრენდია სამზარეულოს ზეგამძლე საღებავით შეღებვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს კედლები თუ ავეჯი მარტივად გავწმინდოთ და ჩვენი შეცდომების კვალი გავაქროთ.

4.ფართო საკუჭნაო

სივრცე საჭირო ნივთების, კონსერვებისა თუ პროდუქტების შესანახად სამზარეულოში აბსოლუტური აუცილებლობაა. ინტერიერის დიზაინერები ვარაუდობენ, რომ ზამთრიდან წინ წამოიწევს სამზარეულოს მეტი ფართის საჭიროება, ამიტომ გვირჩევენ, რომ მაქსიმალურად გავასუფთაოთ და გავწმინდოთ ის ადგილი, რომლის გამოყენებაც ნივთსაცავად შეიძლება.

5.მაღალი ხარისხის ტექნიკა

როგორც ზემოთ ვახსენეთ, წელს ყველას საყვარელი რესტორანი ჩვენ-ჩვენი სამზარეულოები გახდა, რამაც დაგვარწმუნა, რომ მისი აღჭურვა მაღალი, რესტორნის ხარისხის ტექნიკითაა აუცილებელი, რომელიც დროს გაუძლებს.

 

6.გლუვზედაპირიანი ავეჯი

პროფესიონალების აზრით, 2021 წელს პოპულარული გახდება სამზარეულოს კედლიდან კედლამდე გადაჭიმული ავეჯი, რომელსაც გლუვი ზედაპირი ექნება.

7. „ჭკვიანი“ ონკანები

მომავალი წლის სამზარეულოს ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად პროფესიონალები „ჭკვიან“  ონკანებს მიიჩნევენ, რომლებიც ხელშეუხებლად, ხმოვანი სიგნალებით გააქტიურდებიან, რაც მათზე ნაკლები ბაქტერიის გადასვლას გამოიწვევს.

კერძო სახლი დიღომში

რა მნიშვნელობა ენიჭება ინტერიერის დიზაინს გასაქირავებელი ბინის მოწყობისას