in

საწოლის შერჩევის დროს დაშვებული 5 გავრცელებული შეცდომა

რჩევები საძინებლის მოწყობისათვის

თუ თქვენ ახალი საწოლის შეძენას აპირებთ ან უბრალოდ ძველისთვის ადგილის შეცვლა გსურთ, გთავაზობთ იმ 5 გავრცელებული შეცდომის ჩამონათვალს, რომელთა თავიდან არიდებაც მყუდრო და მშვიდი საძინებლის მოწყობაში დაგეხმარებათ.

შეცდომა #1. საწოლის არასწორად შერჩეული ზომა

ეს შეცდომა ხშირად გვხვდება არა მარტო საძინებლის გაფორმების, არამედ ნებისმიერი ავეჯის შეძენის დროსაც. ზომები მაშინაც კი არასწორადაა გათვლილი, როცა ის შერჩეულ ადგილზე ეტევა, თუმცა ოთახისთვის დიდი და მოუქნელია. ასეთი საწოლი საძინებელს ვიზუალურად აპატარავებს და სივრცეს ჰაერს ართმევს. ზედმეტად პატარა საწოლი კი სივრცის დაუსრულებლობის შეგრძნებას იწვევს.

რჩევა: ავეჯის შერჩევის დროს, ყოველთვის გაითვალისწინეთ ოთახის პროპორციები. ეს რჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საძინებლისთვის, ვინაიდან კომფორტული გარემო სრულფასოვანი ძილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

შეცდომა #2. საწოლი ვერ პასუხობს თქვენს მოთხოვნებს

დღეს მომხმარებლის წინაშე უდიდესი არჩევანია. მწარმოებლები უამრავი მოდიფიკაციისა და მოდელის საწოლს გვთავაზობენ, რომლებიც ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს. შეძენისას აღმოჩნდება, რომ ხანშიშესული მშობლების საძინებელში იაპონურ ტრადიციებში შესრულებული დაბალი, მოდური საწოლი დგას, რომელიც სიმაღლის გამო მათთვის მოუხერხებელია. ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ მკაფიოდ უნდა გქონდეთ განსაზღვრული თქვენი საჭიროებები.

რჩევა: დაფიქრდით, რა არის საწოლში თქვენთვის უპირატესად ღირებული და აუცილებელი: მაგარი თუ რბილი ლეიბი? სიმაღლე – მაღალი თუ დაბალი? რეგულირებადი თავის დასადებით თუ არა? თითქოსდა მარტივი კითხვებია, მაგრამ რატომღაც, ხშირად გვავიწყდება მათი გათვალისწინება საყიდლებზე წასვლის დროს. შეეცადეთ კონცენტრირება უპირატესად საწოლის ფუნქციურობაზე მოახდინოთ, ხოლო შემდგომ მის ესთეტიურ და ტრენდულ მახასიათებლებზე.

შეცდომა #3. დაბალი ხარისხის თეთრეული

თქვენს ძილზე არა მხოლოდ საწოლი, არამედ თეთრეულიც მოქმედებს. ფერი, ტექსტურა და დიზაინი მნიშვნელოვანია, მაგრამ გახსოვდეთ, თეთრეულის არჩევის დროს გადამწყვეტი როლი მის მასალას ენიჭება. ხშირად თეთრეული მომხიბვლელად გამოიყურება, მაგრამ რამდენიმე გარეცხვის შემდგომ მთლიანად კარგავს პირვანდელ იერს და შეხებითაც არასასიამოვნო ხდება, რაც ბუნებრივია, ხარისხიან ძილს ხელს უშლის. სიამოვნების ნაცვლად, ასეთი თეთრეულისგან მხოლოდ დისკომფორტს მიიღებთ.

რჩევა: შეიძინეთ მხოლოდ ნატურალური მასალისგან დამზადებული თეთრეული. ის არამხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, გამძლე და ჰიპოალერგიულია, არამედ სასარგებლოც არის კანისთვის. ნატურალური თეთრეული კანს სუნთქვისა და ტენის შეწოვის საშუალებას აძლევს.

შეცდომა #4 – არასწორ ადგილზე დადგმული საწოლი

საძინებელში სწორად განლაგებული ავეჯი ხარისხიანი ძილის წინაპირობაა. ცუდი განლაგება ოთახში გადაადგილებას ართულებს, ზედმეტი მოძრაობების გაკეთებას გაიძულებთ და გაღიზიანებას იწვევს. თუ საწოლი სწორ ადგილას დგას და ოთახი ერგონომიულია, საძინებელში ჰარმონია სუფევს, რაც ხარისხიან დასვენებასა და ძილს განაპირობებს.

რჩევა: „ფენ-შუის“ მთავარი პრინციპი ითხოვს, რომ საწოლი კარის დიაგონალზე იდგეს. ანუ წოლის დროს კარს უნდა ხედავდეთ, მაგრამ ის არ უნდა იყოს საწოლის გასწვრივ. ასევე არ დადგათ საწოლი ორი ფანჯრის შუაში, ვინაიდან თქვენი ენერგია ორგანიზმში უფრო სწრაფად იდენს და შფოთვიანი ძილი გექნებათ – ამტკიცებს აღმოსავლური ფილოსოფია.

შეცდომა #5. ინტერიერში დარღვეული მთლიანობა

სწორად არჩეული საწოლის სწორ ადგილას დადგმა საქმის ნახევარია მხოლოდ. მნიშვნელოვანია სივრცის ჰარმონიულობისა და მთლიანობის მიღწევა. თქვენი საძინებლისგან მაქსიმუმს მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ. თქვენი ოცნების საწოლი საძინებლის ცენტრალურ ელემენტად უნდა აქციოთ, რომლის შესაბამისადაც ინტერიერი აეწყობა. სამწუხაროდ, ხშირად ეს პირიიქით ხდება. საწოლი უცხო სხეულად გამოიყურება და ვერანაირად ვერ ერწყმის სივრცეს.

რჩევა: საწოლი საძინებლის ინტერიერის განმსაზღვრელ ფაქტორად აქციეთ. თუ საწოლს ყვითელი თავი აქვს, მაშინ ფარდებზეც მზის ელფერები აათამაშეთ. თუ საწოლი „ქანთრი“ სტილშია გადაწყვეტილი, მაშინ ეს სტილისტიკა უბრალო ხალიჩებით, ხის სკამებითა და ყვავილებიანი ფარდებით კიდევ უფრო განავრცეთ. დეკორის შერჩევისას საწოლის სტილითა და იერით იხელმძღვანელეთ და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.

nexe arquitectura-ს ევკალიპტის სახლი ესპანეთში

#სადვიცხოვრო: ფერადი ბინა ბათუმში