in ,

თბილისური ხვეული კიბე ძმები კაკაბაძეების 7 ნომერში, რომელმაც მთელი სამეზობლო გააერთიანა

ძმები კაკაბაძეების 7 ნომერში მდებარე ეზოში, მესამე სართულზე 2019 წელს ზუსტად კიბის მოპირდაპირე მხარეს, საცხოვრებლად გადმოვიდა თომას იბრაჰიმი – ახალგაზრდა არქიტექტორი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. იგი საქართველოში პირველად 2016 წელს გვიანი საბჭოთა არქიტექტურის გამოსაკვლევად ჩამოვიდა. მას შემდეგ არქიტექტორი საქართველოს რამდენჯერმე ესტუმრა, საბოლოოდ კი ბინა სწორედ ამ თბილისურ ეზოში იქირავა. მისი ყურადღება მიიპყრო ნახევრად ჩამოშლილმა ხის კიბემ, რომელიც თავისი საცხოვრებლის ფანჯრიდან მოჩანდა. თომასი ხედავდა, როგორ ცდილობდნენ მეზობლები კიბის სხვადასხვა ნივთებით გამაგრებას, ამიტომ მას კიბის რესტავრაციის იდეა გაუჩნდა.

კიბის პირველადი ნახაზები ჯერ კიდევ 2019 წელს გაკეთდა და ახალგაზრდა არქიტექტორს მალე თანამოაზრეებიც გამოუჩნდნენ: ჯგუფელები დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტიდან, არქიტექტორები და რესტავრატორები ავსტრიიდან, იტალიიდან, უკრაინიდან, ლიეტუვადან, თურქეთიდან და ადგილობრივი – ქართველი კოლეგები. შედეგად კი, კაკაბაძის 7 ნომერში მდებარე უნიკალური კიბის გადასარჩენად, შეიქმნა 17-კაციანი საინიციატივო ჯგუფი და „KIBE – PROJEKT.”

მცირე ვადაში ჯგუფმა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაციისა და ნებართვის მისაღებად საჭირო კვლევების ჩასატარებლად, „ჰაინრიხ ბიოლის ფონდისგან“ გრანტის მიღება მოახერხა და, იმავდროულად, პლატფორმა GO FUND ME-ის დახმარებით კიბის რესტავრაციისთვის საჭირო თანხის შეგროვებას შეუდგა.

მთლიანობაში დაახლოებით 20 000 ევრო იყო საჭირო. თანხის ნაწილი  (4000 ევრომდე მდე) GO FUND ME-ზე მოქალაქეების მიერ ჩარიცხული შემოწირულებებით შეგროვდა. დანარჩენი თანხა კი პროექტის ინიციატორებს, დონაციის სახით, ბიზნესმენმა თემურ უგულავამ გადასცა.

კიბის სარესტავრაციო სამუშაოებმა სტარტი დაახლოებით ერთი წლის წინ აიღო – ხვეული კიბე შენობისგან სრულიად გამოცალკევდა, დაიშალა და ხელახლა აიგო.

ამ პროცესში პირველივე დღიდან ჩართული იყო 30 წლის ქართველი არქიტექტორი – ნიკა გაბისკირია. მან გადაწყვიტა, რომ კიბის რესტავრაციისთვის საჭირო ბიუროკრატიულ ნაწილს გამოყოფოდა და, ამის სანაცვლოდ, საკუთარ თავზე ფიზიკური შრომა აიღო. ნიკა, ისევე როგორც სარესტავრაციო პროცესში ჩართული სხვა მონაწილეები, მოხალისეა.

საინიციატივო ჯგუფი თავიდანვე შეთანხმდა, რომ ეს საქმე ქალაქისთვის კეთდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ანაზღაურება ის სიამოვნებაა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში წვლილის შეტანით იღებენ.

რაც შეეხება სამუშაო გრაფიკს, მოხალისეები დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე მუშაობენ და პროცესის მთავარი ნაწილი ეზოში მიმდინარეობს.

ისევე როგორც თავდაპირველი ვერსია, განახლებული კიბეც ლარიქსისგან არის დამზადებული, ლარიქსი წყალსა და სინესტეს ყველაზე უკეთ იტანს. კიდევ უფრო მეტი დაცვისთვის კიბე ღია ფირუზისფრად შეიღებება, ხოლო თავად საფეხურები – შინდისფრად. ეს კიბის პირვანდელი ფერებია, რომლებიც ფერის ანალიზის საშუალებით დადგინდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროექტმა მთელი სამეზობლო გააერთიანა. მაცხოვრებლები რესტავრატორებს საკვებით უმასპინძლდებიან, თავის მხრივ მოხალისეები მეზობლებს სხვადასხვა ძველი ნივთების რესტავრაციაში ეხმარებიან, შედეგად კი ეზოში ნამდვილი თბილისური იდილია სუფევს.

თავდაპირველად მეზობლები თომასის იდეას ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ, რადგან არ სჯეროდათ, რომ რესტავრატორები ამ ყველაფერს უსასყიდლოდ აკეთებდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიკეთის კეთება ყოველგვარი ანგარების გარეშე შეუძლიათ.

საინიციატივო ჯგუფი სამუშაოების დასრულებას მაქსიმუმ ერთ თვეში გეგმავს.

ფოტოები: Kibe – Projekt

სამზარეულოში დაშვებული 10 გავრცელებული შეცდომა

„მზიური გარდენსი“ მახინჯაურის ცნობილ ბალნეოკურორტს აღადგენს