in

რომელია საუკეთესო სეზონი რემონტისთვის – ზამთარი თუ ზაფხული?

გავრცელებულია მოსაზრება, რომ სარემონტო სამუშაოების ჩატარება უმჯობესია წლის თბილ დროს. ნიშნავს ეს, რომ რემონტი გაზაფხულის ან ზაფხულის სეზონისთვის უნდა დავგეგმოთ? მაინც რომელია საუკეთესო პერიოდი? მოდით ეს საკითხი უფრო დეტალურად განვიხილოთ და ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე გამოვყოთ.

მასალების ფასები

ზამთარში: ზამთრის რემონტის ერთ-ერთი დიდი პლუსია “შავი პარასკევის” აქციები და საახალწლო ფასდაკლებები. სპეციალიზებულ კომპანიებში შესანიშნავ (დაახლოებით 50%-მდე) ფასდაკლებებს შეხვდებით.

ზაფხული: იმის გამო, რომ ზაფხული სარემონტო სამუშაოებისთვის „მაღალ სეზონად“ განიხილება, გაზაფხულის დასასრულისკენ მასალების ფასები საგრძნობლად იზრდება. ეს განსაკუთრებით ეხება ძვირადღირებულ მოსაპირკეთებელ მასალებს – სანტექნიკა, იატაკი, კარები, ფილები.

მიწოდება

ზამთარი: თუ რემონტის დროს სამუშაო დღეების ნაწილი იანვარზე მოდის, მოემზადეთ, რომ მასალების მიწოდება რამდენიმე დღით ან კვირით გახანგრძლივდება, რადგან საქართველოში იანვარში არდადეგების უწყვეტი სერია გვაქვს. საახალწლო საცობებსა და წინასადღესასწაულო განწყობას მიწოდების ჯაჭვის შეფერხება და მომწოდებლების უყურადღებობა მოჰყვება.

ზაფხული: ზოგადად, თბილ სეზონზე, მიწოდების მხრივ, უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ კომპანიებისთვის ეს ასევე შვებულებების პერიოდია. შესაბამისად, ზად იყავით იმისთვის, რომ აგვისტოში გაკეთებულ შეკვეთებს, შესაძლოა, საკმაო დროით დააგვიანდეს.

ტექნოლოგიური პროცესები

ზამთარი: ცივ სეზონზე ყველა ე.წ. “სველი სამუშაო” უფრო დიდხანს გრძელდება. გათბობისგან მიღებული სითბო გასაშრობად ხშირად საკმარისი არ არის, ამიტომ, პროცესების დასაჩქარებლად, გამათბობელ დანადგარებზე ფულის დახარჯვა მოგიწევთ.

ზამთარში რემონტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ყველაფრის ხარისხის შემოწმების შესაძლებლობა. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება გათბობას და სახლის აშენების ხარისხს. ცივ სეზონზე შეგიძლიათ შეამოწმოთ ყველა გაჟონვის წერტილი მანამ, სანამ რემონტს დაიწყებთ. უმჯობესია ჩაატაროთ თერმოგრაფიული გამოკვლევა, რომელიც აჩვენებს ყველაფერს, რასაც თვალით ვერ ხედავთ.

ზამთარში რემონტის კიდევ ერთი უზარმაზარი პლუსი (ეხება სრულიად ახალ შენობას) არის რემონტის დასრულებამდე სახლის შეკუმშვის შედეგად ბზარების გამოსწორების შესაძლებლობა. ზამთარში ბზარების გაჩენა ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს ყველაფერი ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებით არის გამოწვეული.

ზაფხული: ცხელი ზაფხული გასაშრობად იდეალურ პირობებს ქმნის. მაგრამ თუ არა გაგიმართლათ და სარემონტო პერიოდს წვიმიანი ამინდი დაემთხვა, შეიძლება, ამჯერადაც გამათბობელი დანადგარების გამოყენება მოგიწიოთ.

სპეციალისტები

ზამთარი: ტრადიციულად, ითვლება, რომ ზამთარში რემონტზე მოთხოვნა მცირეა, ამიტომ სარემონტო მომსახურებაზე ფასები უფრო იაფი უნდა იყოს. როგორც წესი, დიდი კომპანიები ზამთარში მომხმარებლებს ფასდაკლებებს სთავაზობენ, რათა მომუშავე პერსონალის სრულ და შეუფერხებელ დატვირთვას მიაღწიონ. თუმცა, თუ თქვენ უცნობ და გადაუმოწმებელ, დამოუკიდებელ გუნდს აირჩევთ, მაშინ ფასი საკმაოდ ბევრ რამეზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, მაგალითად, კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციაზე, საფასო პოლიტიკისადმი გუნდის მიდგომაზე, შეთანხმებაზე და ა. შ.

თუ რემონტი საახალწლო პერიოდსაც მოიცავს, კარგად დააზუსტეთ მომუშავე გუნდის შვებულების თარიღები და ხანგრძლივობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ხელოსნებმა არასასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყონ.

ზაფხული: აქ უკვე სხვაგვარი მდგომარეობაა, კარგი ხელოსნები, როგორც წესი, ზაფხულში შრომით არიან გადატვირთულნი. შესაბამისად, მოთხოვნის პროპორციულად, მომსახურების ფასებიც იზრდება. ზაფხულში მოთხოვნის მაღალი დონე შეიძლება აიხსნას იმით, რომ ბევრ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს რემონტის დასრულებამდე საცხოვრებლად აგარაკზე გადავიდეს. გარდა ამისა, ზოგადად, სარემონტო სამუშაოების შესრულება თბილ ამინდში ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე წვიმაში ან თოვლში.

დასკვნა

შეუძლებელია იმის ცალსახად თქმა, თუ რომელია რემონტისთვის საუკეთესო დრო. ყველა ადამიანს განსხვავებული პრიორიტეტები და საჭიროებები გააჩნია, ამიტომ აუცილებელია დადებითი და უარყოფითი მხარეების კარგად გააანალიზება და არჩევანის ამის საფუძველზე გააკეთება. მთავარი ის არის, რომ სარემონტო პროცესი არ გაჭიანურდეს და წარმატებულად დასრულდეს.

კერძო სახლი თუ ბინა – რომელია იდეალური ვარიანტი?

ტური დიზაინერ ქეთრინ მარტინისა და რეჟისორ ბაზ ლურმანის ნიუ-იორკულ სახლში