in

4 მთავარი პრინციპი, რაც შპალერის შესახებ უნდა იცოდეთ

დღევანდელ რეალობაში შპალერი კედლის მოსაპირკეთებლად ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მასალას წარმოადგენს. ამ სტატიაში კი განვიხილავთ, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ მისი გამოყენებისას და რა შეცდომებს უნდა მოვერიდოთ.

შერჩევა

საწყის ეტაპს პროდუქციის შეძენა წარმოადგენს. რა თქმა უნდა, უნდა შეარჩიოთ ვარიანტი, რომელიც ვიზუალურად მოგწონთ, თუმცა მასალის სხვა მახასიათებლებიც უნდა გაითვალისწინოთ. მხოლოდ ფასის და ვიზუალი მხარის საფუძველზე შპალერის შეძენა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შედეგით კმაყოფილი დარჩეთ.

გაითვალისწინეთ, რომ ერთი მწარმოებლის მიერ დამზადებული კონკრეტული შპალერის რულონების ფერები შეიძლება განსხვავებული იყოს, თუ ისინი დროის სხვადასხვა მონაკვეთშია გამოშვებული. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ რულონების პარტიების ნომრები ერთმანეთს ემთხვევა.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, გაეცნოთ ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას, იქნება ეს მწარმოებელი ქვეყანა, შემადგენელი ნივთიერებები, ულტრაიისფერი სხივების მიმართ გამძლეობა თუ შპალერის გაკვრის ინსტრუქცია. უეტიკეტო პროდუქციის შეძენა რეკომენდებული არ არის.

წებო

შპალერის გაკვრის სამუშოების ეტაპზე, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ წებოს. აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ის წებო, რომელიც კონკრეტული შპალერისთვის არის განკუთვნილი. ზოგადად, რამდენიმე ტიპის წებო არსებობს — უნივერსალური (გამოიყენება ყველა ტიპის შპალერისთვის) და ასევე ფლიზელინის ან ქაღალდის შპალერისთვის განკუთვნილი წებოები.

როგორც წესი, წებო უნდა წაესვას ან შპალერს, ან კედელს. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი ვარიანტი უნდა აირჩიოთ კონკრეტული შპალერისთვის, ეტიკეტზე ნახავთ.

გაკვრის მეთოდი

შპალერის გაკვრისას უმჯობესია საწყის ეტაპზე მხოლოდ ერთი რულონი (როგორც წესი, 3 დაშვებას მოიცავს) გამოიყენოთ, რამდენიმე საათით აცადოთ გაშრობა და დააკვირდეთ, რამდენად მოგწონთ ის და ეტყობა თუ არა გადაბმები. თუ შპალერს მთელ ოთახში გააკრავთ და შემდეგ აღმოაჩენთ, რომ შეერთების ადგილები ეტყობა, მისი მოხსნა და ზედმეტი ხარჯების გაწევა ან არასასურველ ვიზუალთან შეგუება მოგიწევთ.

გაითვალისწინეთ, რომ თუ შეერთება მესამე დღეს ისევ ჩანს, მაშინ ის არასდროს გაქრება, ამიტომ ნუ დაუჯერებთ მას, ვინც საწინააღმდეგოს გიმტკიცებთ.

როგორც წესი, შპალერის შეერთებების გამოჩენის ორი მიზეზი არსებობს — ზედაპირი, რომელიც სათანადოდ არ არის დამუშავებული და შეერთების ადგილებიდან გამოჟონილი წებო. შპალერის იდეალურად გაკვრის შემთხვევაში, გადაბმის ადგილიდან წებომ არ უნდა გაჟონოს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, ხელოსანმა ზედაპირი დაუყოვნებლივ უნდა გაწმინდოს.

იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე

და ბოლოს, შპალერის გაკვრის სამუშაოს დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ 1 რულონი დაიტოვოთ რეზერვში, რათა შპალერის დაზიანების შემთხვევაში, მისი შეცვლა შეძლოთ. თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლოა, მომავალში ზუსტად ასეთივე შპალერის პოვნა გაგიჭირდეთ.

10 ნივთი VELI.store-ზე, რომლებიც VISA ბარათის აქციის პერიოდში უნდა შეიძინოთ

ღია ფერებში გაფორმებული მშვიდი ბინა სტოკჰოლმში