in

სკანდინავიური სტილის ინტერიერი ნიუ-იორკის თაუნჰაუსში

Banner M2
Banner M2

არქიტექტორმა დრიუ ლენგმა, მანჰეტენის ერთ-ერთ უძველეს სახლში პრაქტიკული და ნათელი სივრცე შექმნა.

ახალგაზრდა ოჯახურმა წყვილმა სახლი ერთ განსაკუთრებულ ადგილას შეიძინა. ბერძნულ სტილში აშენებული ისტორიული თაუნჰაუსი ნიუ-იორკის უძველეს ქუჩაზე – სტუივესანტ სტრიტზე მდებარეობს. დეტალებით „დანაგვიანებული“ შენობა არქიტექტორ დრიუ ლენგის ხელში ლაკონურ, რაციონალურად დაგეგმილ და ვრცელ სივრცედ გადაიქცა.

კლასიკური თაუნჰაუსების უმეტესობის მსგავსად, აქაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბუნებრივი განათების ნაკლებობა იყო. ლენგმა ეს საკითხი რადიკალურად გადაჭრა: პირველ სართულზე ტიხარი მოშალა, რომელიც მისაღებს ბინის სიღრმეში ჩამალული სამზარეულოსგან ჰყოფდა. სივრცე გამთლიანდა, მომცრო ფანჯრების ადგილზე კი არქიტექტორმა სახლის უკანა კედელზე დიდი ღიობი გამოჭრა და შუშის დასაკეცი კარი ჩააყენა. აქ, ტერასის გასასვლელში, ლენგმა სასადილო მოათავსა, სამზარეულო კი ოთახის ცენტრალურ ნაწილში, კიბის მოპირდაპირედ გადმოიტანა.

არქიტექტორმა ელფერებად წყნარი, სკანდინავიური პალიტრა შეარჩია. აქ თეთრი კედლები, სამზარეულო, ჩაშენებული ხავსისფერი კარადები და აგურის წყობის ფრაგმენტებია, რომელიც შენობის ისტორიას გვახსენებს. ნატურალური ხის ზედაპირებს – მუხის იატაკებსა და სამზარეულოს ჭერის ფიცრულ წყობას სახლში სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს. ერთადერთი კაშკაშა ელემენტი მინიმალისტურად გაწყობილ სამზარეულოში ღვინის ელფერის ზოლიანი დივანი, მის მოპირდაპირედ მოთავსებული სავარძლების წყვილი და  „mid-century“-ის სტილში შესრულებული ვინტაჟური ტუმბოა.

არქიტექტურული ინტერვენციის ყველაზე რთულ ელემენტად კიბის აგება იქცა, რომელიც ადრე სახლის უკანა კედელზე იყო მიდგმული. ახალი ღიობის გაჩენისთვის ლენგმა ჭერის ერთ-ერთი მონაკვეთი შეამსუბუქა და იმგვარად განათავსა, რომ დღის შუქისთვის ხელი არ შეეშალა. სახლის მეორე და მესამე სართულებზე საძინებლებია. მათი ინტერიერები არქიტექტორმა ასევე მოდერნისტულ, მშვიდ სტილში განაახლა.

 

Homeisინსპირაცია: ფანჯრის განიერი რაფა ინტერიერში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

მინიმალისტური ბინა ხის დეტალებით ქობულეთის ქუჩაზე – რუსუდან ბაქრაძის ინტერიერი