in

ტაკაჰარუ ტეზუკას ოვალური საბავშვო ბაღი ტოკიოში

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური საბავშვო ბაღი ტოკიოს გარეუბანში – ტოჩიკავაში მდებარეობს. ეს გახლავთ ოვალური ფორმის არასტანდარტული შენობა, რომელზეც არქიტექტორმა ტაკაჰარუ ტეზუკამ იმუშავა (Takaharu Tezuka).

Alliance Group
Alliance Group

აღნიშნული პროექტი 2017 წელს Moriyama RAIC საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.

ბაღის სააღმზრდელო პოლიტიკა ეფუძვნება მონტესორის მეთოდს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები “სწავლობენ ცხოვრებას” პატარა აღმოჩენების გზით. შესაბამისად, მათ ეძლევათ სრული თავისუფლება გადაადგილდნენ სივრცეში სურვილისამებრ, დაეცნენ, დასველდნენ და დაკავდნენ მათთვის საინტერესო ნებისმიერი საქმიანობით.

ბაღი გათვლილია 600 ბავშვზე და მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ შენობის ოვალური ფორმის წყალობით, ყველა ოთახი თუ სივრცე ერთმანეთში გარდამავალია და იძლევა წრეზე სიარულის საშუალებას. სახურავი გამოიყენება როგორც დამატებითი სათამაშო მოედანი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ დაუსრულებლად ირბინონ და ითამაშონ თავისუფალ სივრცეში, ყოველგვარი საზღვრებისა და შეზღუდვების გარეშე.

როგორც ტაკაჰარუ ტეზუკა იხსენებს, საბავშვო ბაღის გახსნის პირველი დღე იყო საკმაოდ ემოციური. არქიტექტორი ბაღის დირექტორთან ერთად შორიდან აკვირდებოდა ბავშვებს, რომლებმაც შენობაში შესვლისთანავე დაიწყეს წრეზე სირბილი. ეს იყო ძალიან ამაღელვებელი მომენტი, რომელმაც აჩვენა თუ რამდენად ძლიერია ბავშებში თამაშისა და სირბილის ინსტინქტი.

მის მიერ შემუშავებულ კონცეფციას ტეზუკა “ნოსტალგიურ მომავალს” უწოდებს. ეს გახლავთ არქიტექტორის ხედვა მომავლისა, სადაც ბავშვები ელექტრონული მოწყობილობებისა და გაჯეტების ნაცვლად ბუნებრივ და რეალურ გარემოში თამაშს ირჩევენ.

მეორე სართულის სივრცეს შემოვლებული აქვს მოაჯირი, რომელის მთავარი დანიშნულება უსაფრთხო გარემოს შექმნაა. თუმცა, ამავდროულად, მოაჯირის ბოძებს შორის არსებული დაშორება იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვებს შეეძლოთ ფეხების გადაყოფა მეორე სართულიდან. ეს კი მათ უდიდეს სიხარულს ანიჭებს.

მეორე სართულზე არსებული ჭრილები პირველი სართულის სივრცისთვის ბუნებრივი შუქის წყაროს ქმნის. ამას გარდა, აღნიშული “ჭერის ფანჯრების” საშუალებით მეორე სართულზე მყოფი პატარები იკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობას და “უთვალთვალებენ” ქვედა დონეზე მყოფ ჯგუფელებსა და მასწავლებლებს.

ტეზუკას აღნიშული პროექტის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ პირველი სართულის სივრცე აღჭურვილია გასაცურებელი კარის სისტემით. კარგი ამინდის შემთხვევაში, ეს დეტალი საკლასო ოთახების გარე სივრცესთან გაერთიანების საშუალებას იძლევა, რაც ასე მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანსაღი განვითარებისთვის.

ამას გარდა, ღია საკლასო ოთახებიდან გამომავალი 600 ბავშვის ხმა ქმნის ე.წ. “თეთრი ხმაურის” ეფექტს. ეს არის ბუნებრივი გარემოსთვის დამახასიათებელი “ხმაური”, რომელიც მეცნიერების აზრით, ადამიანის განწყობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.

ტაკაჰარუ ტეზუკა მიიჩნევს, რომ სტანდარტული საკლასო ოთახის დიზაინი არაბუნებრივი და ნაკლებად პროდუქტიულია. არქიტექტორის აზრით, სივრცის თავისუფალი დაგეგმარება ხელს უწყობს ისეთი თვისებების განვითარებას ბავშვებში, როგორიც არის დამოუკიდებლობა და გუნდური მუშაობა. რაც მთავარია, ეს არ ხდება ჩუმად ყოფნისა და ერთ ადგილზე გამართულად ჯდომის იძულებით.

“ისევე როგორც თევზი ვერ ცოცხლობს იდეალურად წმინდა წყალში, ბავშვებსაც არ შეუძლიათ იცხოვრონ სუფთა, ჩუმ და სრულად კონტროლირებად გარემოში”, – ამბობს ტაკაჰარუ ტეზუკა.

წყარო: Dezeen.com

რა უნდა ვიცოდეთ “ეკო-მეგობრული” მასალების შესახებ

ერთოთახიანი “ხრუშჩოვკის” სრული გარდასახვა თბილისში – სტუდია OCTO-ს ნამუშევარი