in

ტრევორ ნოას მდიდრული პენტჰაუზი მანჰეტენზე სახურავის ტერასით

Banner M2
Banner M2

ტრევორ ნოა (Trevor Noah) სამხრეთ აფრიკელი კომიკოსი, მწერალი, პროდიუსერი, პოლიტიკური კომენტატორი და ტელეწამყვანია. მის სახელს უკავშირდება ცნობილი სატელევიზიო გადაცემა The Daily Show, რომელსაც იგი 7 წლის განმავლობაში უძღვებოდა.

ტრევორ ნოას პენტჰაუზი მოიცავს ორ სართულს და მისი საერთო ფართობი 334 კვადრატული მეტრია. ის მდებარეობს სტელა ტაუერში (Stella Tower), 1928 წელს არქიტექტორ რალფ უოკერის (Ralph Walker) მიერ აშენებულ არტ დეკოს (Art Deco) შენობაში, რომელიც მისი მეუღლის სახელს ატარებს და თავდაპირველად აშენდა, როგორც ნიუ-იორკის სატელეფონო შენობა, მაგრამ 2014 წელს მდიდრული აპარტამენტების კომპლექსად გადაკეთდა.

ტრევორ ნოამ ბინის შეძენის შემდეგ მისი გეგმარება მთლიანად შეცვალა. საძინებელი განთავსდა ქვედა, პირველ სართულზე, რათა შექმნილიყო დიდი, ღია სივრცე მისაღები, სასადილო, სამზარეულო და სათამაშო ოთახებისთვის. შედეგად, ზედა სართულზე მოეწყო სამზარეულო, სასადილო და სათამაშო/მოსასვენებელი ადგილები, რომლებიც ერთმანეთს კედლებზე არსებული თაღებით უკავშირდება, ისინი ერთგვარ ზონირებას ახდენს, თუმცა ერთიანი სივრცის შეგრძნებას არ არღვევს.

მისაღებ სივრცეში არსებული სავარძლები მარმარილოს გაზის ბუხრის გარშემოა განთავსებული, რომლის მასალადაც ნაცრისფერი მარმარილო, ე.წ Grigo Carnico Marble არის გამოყენებული. ცენტრალურ ნაწილში მდგარი დიდ, ხავერდოვანი დივანი კი, დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, რომელსაც ოთახში განსაკუთრებული ელფერი შემოაქვს.

4,6 მეტრის სიმაღლის ჭერის მქონე პენტჰაუზს კედლებზე მასიური ფანჯრები ამშვენებს, რომლებიც სივრცეს უფრო მოცულობითს წარმოაჩენს და ნიუ-იორკის ხედით ტკბობის საშუალებას იძლევა. სამხრეთით განთავსებული სამზარეულო და სასადილო ოთახები კი მდინარის ხედს გადაჰყურებს.

იატაკის მასალად გამოყენებულია მუხის ხე, რომელიც ინტერიერში თბილ და მდიდრულ ატმოსფეროს ქმნის. სამზარეულოში არსებული კარადები ასევე მუხისგანაა დამზადებული, ხოლო სასაუზმე ბარის მაგიდა, პრიალა მარმარილოს ფილებისგან შედგება.

მისაღები და სათამაშო ზონიდან შესაძლებელია 93 კვადრატული მეტრის მქონე ტერასაზე გასვლა, რომლის დეკორაციაში განსაკუთრებულ როლს არაერთი სახის მცენარე და ყვავილი თამაშობს. სივრცეში განთავსებულია სასადილო გარე სამზარეულოთი; მოსასვენებელი ზონა რბილი ავეჯით და ასევე ჯაკუზი, რომელსაც ხმის სისტემა და გამათბობელი აქვს დამონტაჟებული. ლაუნჯის ზონა კი, ულამაზეს ნიუ-იორკის ცათამბჯენების ხედს გადაჰყურებს.

უჩვეულო დიზაინის კიბე, რომელშიც შავი და ხისფერი ტონებია გამოყენებული, ზედა სივრცეს ქვედა სართულთან აკავშირებს, სადაც სამი საძინებელია განლაგებული, რომელთაგან ერთ-ერთი სახლის კინოთეატრად არის გადაკეთებული.

მთავარ საძინებელ ოთახს საკუთარი ფოიე და გარდერობი აქვს. საწოლთან განთავსებულია ხელით დამუშავებული კორტინის ტყავის (cortina leather) კედელი, რომელსაც სივრცეში მდიდრული და ელეგანტური შტრიხები შეაქვს.

მთავარი სააბაზანო, საშხაპე და აბაზანის მისაღებ ზონებად იყოფა. ოთახი საკმაოდ მოცულობითი და ნათელია. მას კედლებზე გამოყენებული თეთრი მარმარილო, კირქვის იატაკი და დიდი ფანჯარა უზრუნველყოფს, ის ნიუ-იორკსა და მდინარე ჰუდსონს გადმოჰყურებს.

შეიძლება ითქვას, აპარტამენტი მდიდრული, ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერით ხასიათდება, რომელშიც ჭარბობს ბუნებრივი მასალები: მარმარილო, ხე, კირქვა. ტერასის დეკორაციაში გამოყენებული გამწვანება კი, ბუნებასთან სიახლოვის ილუზიას ქმნის და გარემოს ჯანსაღ, ჰარმონიულ ხასიათს ანიჭებს. სივრცეში განსაკუთრებული როლი განათებას ენიჭება, რომელიც მთლიან კედელზე არსებული მასიური ფანჯრებით მიიღწევა და სახლს ნათელსა და მოცულობითს ხდის. შედეგად კი, ძალიან მიმზიდველი, კომფორტული და მყუდრო ინტერიერი იქმნება, რომელიც თავს სასიამოვნოდ გაგრძნობინებს და ერთიანობის განცდას ქმნის.

რემონტი დამოუკიდებლად – რა უნდა გავითვალისწინოთ?

რა ეტაპების გავლაა საჭირო საკუთარი სახლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საქართველოში? – ვადები, ფასები, დოკუმენტაცია