სტუდია “იდააფ არქიტექტორები” 2024 წელს ახალ სამუშაო სივრცეში გადავიდა — ისტორიულ ნაგებობაში, რომელიც XIX–XX საუკუნეების მიჯნაზეა აგებული და ძველი თბილისისათვის დამახასიათებელ მრავალშრიან სივრცულ ლოგიკას ატარებს. ქუჩის მხრიდან შენობა ერთსართულიანად აღიქმება, თუმცა შიგნით სხვადასხვა დონესა და სტრუქტურას მოიცავს: სქელი აგურის კედლები, კედლის ნიშები და შიდა ეზოში გახსნილი შუშაბანდი ქმნის იმ არქიტექტურულ გარემოს, სადაც დროის შრეები ერთმანეთთან ბუნებრივ დიალოგშია. მიუხედავად იმისა, რომ შენობის სრული რესტავრაცია ჯერ კიდევ პროცესშია, “იდააფ არქიტექტორებმა” მისი ერთი ნაწილი უკვე დაასრულეს და სწორედ აქ განაგრძობენ ყოველდღიურ საქმიანობას.

ოფისის ინტერიერში მკაფიოდ იკითხება სტუდიის დამოკიდებულება ავთენტურ სივრცესთან. აგურის კედლები თეთრი ფერის რბილ ტონალობაშია შეღებილი, რაც ერთდროულად უსვამს ხაზს მასალის ტექსტურას და ქმნის მშვიდ, სამუშაოზე ორიენტირებულ ატმოსფეროს. შენარჩუნებულია ოთახებს შორის გამყოფი კედლების ხის სტრუქტურული ბოძები, რომლებიც ინტერიერის ნაწილად იქცევა და სივრცის ისტორიულ კონსტრუქციას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს. ეს დეტალები არ არის დეკორატიული ჟესტი — ისინი სივრცის ლოგიკის გაგრძელებაა და არქიტექტურული პატივისცემის ფორმად აღიქმება.

აღსანიშნავია, რომ ახალი ოფისი მხოლოდ სამუშაო სივრცე არ არის. ის ერთგვარი ექსპოზიციაცაა, სადაც თავმოყრილია “იდააფ არქიტექტორების” მიერ სხვადასხვა დროს შეგროვებული ქართული ეთნოგრაფიული ნივთები და ასევე სტუდიის არქიტექტურული და დიზაინ ნამუშევრების კოლექცია, რაც ოფისს თითქოს ცოცხალ არქივად აქცევს.


“იდააფ არქტექტორები” მულტიდისციპლინარული სტუდიაა, რომელიც 2016 წელს დაარსდა თბილისში ნანა ზაალიშვილის მიერ. სტუდია მუშაობს არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და საკოლექციო ავეჯის მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღებით ხელოსნობასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე. სტუდია სხვადასხვა მასშტაბისა და ფუნქციის არქიტექტურულ პროექტებთან ერთად ქმნის მცირე, სკულპტურულ არქიტექტურულ ნამუშევრებს — ძირითადად ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, სადაც დიზაინი ცხოვრების წესზე, სივრცის დახვეწილ ორგანიზებასა და გარემოსთან ფრთხილ ურთიერთობაზეა დამყარებული. საკუთარი პროექტებით “იდააფ არქიტექტორები” ცდილობს, წარმოაჩინოს ქართული კულტურის ამ დრომდე უცნობი მნიშვნელობა — დააკავშიროს წარსული და აწმყო, მასალა და მეხსიერება, ტრადიცია და ინოვაცია.


სტუდიის ახალი ოფისი ამ ფილოსოფიის ლოგიკური გაგრძელებაა. ეს არის სივრცე, სადაც არქიტექტურა არ იწყება მხოლოდ ნახაზიდან და არ სრულდება დასრულებული ობიექტით; აქ წარსული და აწმყო თანაარსებობს — არა როგორც კონტრასტი, არამედ როგორც უწყვეტი პროცესი, სადაც მეხსიერება სივრცის განუყოფელ ნაწილად იქცევა.





