in ,

ახალგაზრდა წყვილის ბინა ვაკეში – სოფო შევარდნაძის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ეს ბინა ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის. მეპატრონეებმა ის რამდენიმე წლის წინ შეიძინეს, როდესაც კომპლექსი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო. როგორც ცოლ-ქმარი აღნიშნავს, მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლოკაციას – სახლი მდებარეობს ქალაქის ორ გამწვანებულ ზონასთან ახლოს – ვაკის პარკთან და მზიურთან.

წყვილმა ბინა დასრულებული რემონტით ჩაიბარა და ამ მხრივ მათ არანაირი დისკომფორტი არ შექმნიათ, თუმცა ახალმა მეპატრონეებმა სივრცის გეგმარება შეცვალეს და ის საკუთარ გემოვნებას მოარგეს. თავდაპირველი გეგმა გულისხმობდა ბინაში ორი საძინებლის, ერთი სველი წერტილისა და გაერთიანებული სამზარეულოსა და მისაღები ოთახის არსებობას. განახლებული გეგმარების თანახმად კი გაკეთდა ერთი დიდი საძინებელი საკუთარი სველი წერტილითა და გარდერობით. ასევე სივრცეს დაემატა მეორე სანიტარული კვანძი სტუმრების სარგებლობისთვის.

როგორც დიასახლისი გვიამბობს, ყველაზე საინტერესო ეტაპი ინტერიერზე მუშაობის პროცესი იყო. წყვილს სურდა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი და მათი სტუმრები თავს კომფორტულად იგრძნობდნენ და ამავდროულად სივრცეს ექნებოდა ინდივიდუალური ხასიათიც. დასახულ მიზანს მეპატრონეებმა Designbureau-ს დიზაინერის, სოფო შევარდნაძის დახმარებით მიაღწიეს.

“როდესაც ახალგაზრდა წყვილის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინის დიზაინზე ვფიქრობდი, ჩემი მთავარი ამოცანა ისეთი სივრცის შექმნა იყო, სადაც დამკვეთები მაქსიმალურად მყუდროდ და კომფორტულად იგრძნობდნენ თავს. ამ შედეგის მისაღებად ბინა ორ ნაწილად დავყავი: მისაღები ოთახი, სადაც ამავდროულად სასადილო და სამზარეულოა ინტეგრირებული (ახალგაზრდებისთვის იდეალური თავშეყრის ადგილი) და ბუდუარის ტიპის საძინებელი ღია გარდერობით”, – სოფო შევარდნაძე

დიზაინერმა არჩევანი თანამედროვე სტილსა და რბილ ტონებზე შეაჩერა. თუმცა, ინტერიერში ასევე გამოყენებულია მუქი ფერის აქცენტები, რაც სივრცეს ინდივიდუალურ ხასიათს სძენს. რაც შეეხება განათებასა და ძირითად ავეჯს, ის სპეციალურად ამ კონკრეტული ბინისთვის დამზადდა საქართველოში.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ღია ფერის რბილი ავეჯისა და მოწნული სავარძლების ჰარმონიული სინთეზი, რაც ინტერიერს განსაკუთრებულ სიმსუბუქეს ანიჭებს.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე  

Louis Poulsen – სკანდინავიური დიზაინის განათების შემქმნელი

არნე იაკობსენის არქიტექტურული ფუნქციონალიზმი