in ,

მყუდრო ბინა ბეტონის ელემენტებით – მარიამ ძამაშვილის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ეს ბინა თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირსა და რევაზ ურიდიას ქუჩის კვეთაზე მდებარეობს და მის ინტერიერზე მარიამ ძამაშვილმა იმუშავა. როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, აღნიშნულ ობიექტზე მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ სამუშაო პროცესის მანძილზე დამკვეთი არ იმყოფებოდა საქართველოში და კონტაქტი ვიდეოზარების მეშვეობით უწევდათ.

დამკვეთის მოთხოვნა იყო მყუდრო და ორიგინალური დიზაინის მქონე სივრცის მიღება, სადაც ცხოვრება სასიამოვნო და საინტერესო იქნებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ დამკვეთს სხვადასხვა სტილის ცალკეული დეტალები მოსწონდა, რაც ეკლექტურად უნდა ყოფილიყო შერწყმული ერთმანეთთან, რათა საბოლოოდ, გემოვნებიანი შედეგი მიგვეღო,” – გვიამბობს მარიამ ძამაშვილი.

95 კვადრატული მეტრის მქონე სივრცის დიზაინის შესაქმნელად პროექტის ავტორმა, პირველ რიგში, შეიმუშავა პალიტრა, რომელიც წარმოადგენდა საწყის წერტილს ინტერიერზე მუშაობის პროცესში. აღნიშნული პალიტრა ძირითადად მშვიდი, ნეიტრალური ფერებისა და პასტელური ტონებისგან შედგება.

რაც შეეხება ბინის გეგმარებას, აღნიშნული საცხოვრებელი სივრცე მოიცავს სტუდიოს ტიპის საერთო ოთახს, სადაც ასევე გვხვდება ღია სამზარეულო, მთავარ საძინებელს, ორ საბავშვო ოთახსა და ორ სველ წერტილს.

პროექტში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ბეტონის დეტალები, რომლებიც ეკლექტურად ერწყმის 3D დეკორატიულ კედელს, ბუნებრივი ხის იატაკსა და ავეჯს. ამას გარდა, ყველა ძირითად ოთახში გამოყენებულია რელიეფური, დეკორატიული კედლები, რომლებიც თითოეული ოთახისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

რომ შევაჯამოთ, ინტერიერი გამოვიდა ზუსტად ისეთი, როგორიც იყო ჩაფიქრებული და რაც ვიზუალიზაციით (რენდერებით) გვქონდა გათვალისწინებული. ჩვენი აზრით, ყველა ის დეტალი და სურვილი, რაც გააჩნდა დამკვეთს, გემოვნებიანად გავაერთიანეთ ერთ ეკლექტურ სივრცედ და მივიღეთ მრავალფეროვანი დეტალებით შექმნილი, მყუდრო, სასიამოვნო და კომპლექსური გარემო,” – მარიამ ძამაშვილი

პროექტის ავტორი: მარიამ ძამაშვილი

დიზაინ სტუდია: TeamFour Design

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

კოტეჯის რენოვაცია მელბურნში – DOOD Studio-ს პროექტი

გამორჩეული დიზაინის მქონე 6 მაღაზია თბილისში