in

გემოვნებიანი ინტერიერი ხელოვნების ნიმუშებით – ბინა კეკელიძის ქუჩაზე

ბინა, რომელიც მიმზიდველი ინტერიერითა და საინტერესო გეგმარებით ხასიათდება ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარეობს. მისი საცხოვრებელი ფართობი 190 კვადრატული მეტრია და ის მოიცავს 4 საძინებელს, 2 სველ წერტილს, მისაღებ ოთახსა და სამზარეულოს, ამასთანავე, 80 კვადრატული მეტრის მქონე გამწვანებულ ვერანდას, რომელიც სახლს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

ინტერიერი სადა, დახვეწილ სტილშია გადაწყვეტილი. თეთრი კედლები და შედარებით მუქი ხისფერი იატაკი იდეალურ კომბინაციას ქმნის და საინტერესო კონტრასტად გვევლინება. სივრცეში მრავალფეროვანი ხაზის შესაქმნელად აქცენტი ავეჯსა და აქსესუარებზეა გამახვილებული, რაც ბინას გამორჩეულ და მომხიბვლელ იერსახეს ანიჭებს.

საყურადღებოა რამდენიმე ადგილას დამონტაჟებული მოძრავი შუშის კარის გამოყენება, რომელიც ერთი მხრივ, ოთახებს შორის ზონირებას ახდენს, მეორე მხრივ, გაერთიანებული სივრცის ილუზიას ქმნის და ერთიანობისა და ჰარმონიულობის განცდას ამძაფრებს. მთლიან კედელზე განთავსებული მოძრავი მინის კარი ბინას მეტ მოცულობას ანიჭებს და სინათლის სწორ გადანაწილებას უზრუნველყოფს.

შემოსასვლელი, რომელიც ყურადღებას მაკა ბატიაშვილის ულამაზესი ნამუშევრით იპყრობს, ვიზიტორს სახლისთვის დამახასიათებელ ატმოსფეროს ამცნობს და ვრცელი, გაშლილი მისაღები ოთახისაკენ უბიძგებს.

სახლში მისაღები და სასადილო სივრცეები გაერთიანებულია და ერთიან, დიდსა და ნათელ ზონას ქმნის, სადაც განსაკუთრებული სიმყუდროვე და პოზიტიური განწყობა იგრძნობა. მნახველის ყურადღებას ოთახის ცენტრში მოთავსებული დიდი, ფუმფულა ვარდისფერი დივანი იქცევს, რომელსაც განსაკუთრებული სიხალისე შემოაქვს და სასიამოვნო ემოციებს აღძრავს, ინტერიერის კი უფრო თბილსა და მყუდროს ხდის.

დივანი და მის გვერდით მდგომი თეთრი სავარძელი იდეალურად ინტეგრირდება მომხიბვლელი, ფერადი ორნამენტების მქონე ხალიჩასთან, რომელზეც პატარა შუშის მაგიდაა განთავსებული. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთლიანი სივრციდან ეს მცირე, მიმზიდველი ადგილი გამოყოფილია, რათა მაცხოვრებლებმა დაისვენონ და თავი კომფორტულად იგრძნონ.

მის მოპირდაპირედ ვხვდებით გრძელ ტელევიზორის მაგიდას, რომელიც სათავსოს ფუნქციასაც ითავსებს, სადაც განლაგებულია მუსიკალური დინამიკი, წიგნები და სხვადასხვა აქსესუარი. საინტერესოა მუქი მწვანე ფერის კარადაც, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის რბილი ავეჯის ფერსა და ხალიჩის ორნამენტებს.

ამ სივრცის განსაკუთრებული ადგილია აივნის მხარეს არსებული ზონა, სადაც განთავსებულია წიგნების თარო, სათავსო სხვადასხვა აქსესუარისთვის, ნაძვის ხე და ულამაზესი მცენარე, რომელსაც სახლში სიცოცხლისა და სიჯანსაღის განწყობა შემოაქვს. აქვე ვაწყდებით გიტარასაც, ეს ყველაფერი – წიგნები, მუსიკალური აპარატურა და ნახატებით დახუნძლული სივრცე, ხელოვნების მოყვარულთათვის განსაკუთრებულ გარემოს ქმნის და ამაღლებული ატმოსფეროთი ავსებს ოთახს.

შედარებით ნეიტრალურია სასადილო ნაწილი, სადაც დახვეწილი და მინიმალისტური გარემო გვხვდება. გამწვანება, თეთრი სუფრა და სკამებზე გადაკრული ცისფერი ქსოვილი საოცრად დახვეწილ და გემოვნებიან შტრიხებს აჩენს და საერთო ინტერიერს შესანიშნავად ეხმიანება.

სასადილო სივრციდან, შუშის მოძრავი კარით სამზარეულოში გავდივართ. ფართი მაქსიმალურად ათვისებულია და პრაქტიკულად არის დაგეგმარებული. კონცეფცია ისეა შემუშავებული, რომ ეს ზონა მხოლოდ კერძების მოსამზადებელი სივრცე არ არის და ის ოჯახის თავშეყრის გამორჩეული ადგილიცაა. სამზარეულოში განთავსებულია მაგიდა, მოსასვენებელი, ტექსტილის, მუქი იასამნისფერი სავარძელი და ნაცრისფერი სკამები. ღია ხისფერი მაგიდა მუქ იატაკთან ერთგვარ კონტრასტს ქმნის და ინტერიერში უფრო თბილი, დაბალანსებული ტონალობა შემოაქვს.

სამზარეულოს სივრცეში აქცენტირებული მწვანე ფერი დეტალების სახით არის შემოტანილი და ოთახის გამწვანებასთან ერთად, გამორჩეულ ხასიათს ქმნის. ღია მწვანე ტონალობას ვაწყდებით სამზარეულოს კარადებზე, ხალიჩაზე, სანათებსა და ნახატზე, საბოლოოდ კი ერთიანი, ჰარმონიული სურათი იქმნება. სამზარეულოდან ულამაზეს გამწვანებულ ვერანდაზე გასვლაა შესაძლებელი, რომელიც განტვირთვის, დასვენებისა და სუფთა ჰაერით ტკბობის შესაძლებლობას იძლევა.

საძინებელი ოთახი სისადავითა და უბრალოებით ხასიათდება, მაგრამ მთლიანი ინტერიერისათვის დამახასიათებელი ატმოსფერო და გემოვნებიანი სტილი აქაც იგრძნობა. ოთახში გამოყენებულია ხის მასალა  სკამის, კარადისა და საწოლის სახით. ინტერიერის ბუნებასთან უფრო მჭიდრო კავშირის ხაზგასასმელად აქ მცენარეც განსაკუთრებულ როლს თამაშობს. საზეიმო განწყობა შემოაქვს ვარდისფერ, ნაზი ტექსტილის მქონე სავარძელსა და ლურჯი ფერის საწოლის თავს. დანარჩენი ოთახების მსგავსად, აქაც გვხვდება ლამაზი ორნამენტებით გაფორმებული ხალიჩა, რომელიც მას სიმსუბუქითა და სიმყუდროვით ავსებს.

რაც შეეხება აბაზანას, ის სადა სტილშია გადაწყვეტილი. კედლებზე ვხვდებით მცირე ზომის ფოტოებს, რაც ბინის საერთო სივრცისთვის დამახასიათებელ ხაზს აგრძელებს და აქაც ხელოვნებისადმი გამორჩეული დამოკიდებულობა იკვეთება. კარადის, თაროებისა და სკამის მასალად კი ღია ფერის ხეა გამოყენებული, რომელსაც ოთახში სასიამოვნო ატმოსფერო შემოაქვს.

საერთო ჯამში, სივრცე საინტერესო გაფორმებით გამოირჩევა და ძალიან პოზიტიურ განწყობას ქმნის. თითოეულ ოთახში გამოყენებული გამწვანება და ხის მასალა ბუნებასთან კავშირის განცდას ბადებს და მასში მეტ სიჯანსაღესა და სიცოცხლეს წარმოშობს.  ნახატებით მორთული კედლები, მუსიკალური ინსტრუმენტები, წიგნები – ინდივიდუალურ ხასიათს ქმნის და ხელოვანთა მოყვარულთათვის სასიამოვნო, კომფორტულ თავშესაფარს წარმოადგენს. ბინის თითოეული ზონა კარგად ნაფიქრი და გემოვნებიანად გადაწყვეტილი ინტერიერით ხასიათდება, სადაც თითოეული დეტალი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და ზომიერებას ინარჩუნებს. ყოველივე ეს კი სახლს კომფორტულ, მოსახერხებელ, და რაც მთავარია, ძალიან მიმზიდველ საცხოვრებელ ადგილად აქცევს.

 

 

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ბინა გასაყიდად არის გამოტანილი. დეტალური ინფორმაცია აღნიშნული უძრავი ქონების შესახებ ხელმისაწვდომია განცხადების ბმულზე.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

5 აუცილებელი ნივთი კომფორტული ცხოვრებისთვის – Homeis.ge-ს რჩეული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთეულები

5 მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც მუდამ მოდაშია