in ,

ბინა თანამედროვე კლასიკური სტილით – მარიტა ცინცქილაძის ინტერიერი

Banner M2
Banner M2

მარიტა ცინცქილაძემ და მისმა მეუღლემ საკუთარი ბინა 2018 წელს შეიძინეს. ახალგაზრდა წყვილი ეძებდა საშუალო ზომის, ნათელ სივრცეს ქალაქის ცენტრში, რომელსაც ექნებოდა კარგი ხედი და კომფორტული მდებარეობა მისადგომად. სწორედ ასე შეარჩიეს 150 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ბინა ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ, კარტოზიას ქუჩაზე. დღეს მარიტა სწორედ ამ სივრცეში გვმასპინძლობს და მისი ინტერიერის შექმნის პროცესზე გვიამბობს:

ბინის შეძენის მომენტში კორპუსი ახალ აშენებული იყო. შესაბამისად, სივრცე მივიღეთ “შავი კარკასის” მდგომარეობაში. ხელშეკრულების თანახმად, რემონტი სამშენებლო კომპანიას უნდა შეესრულებინა და ფართი ისე უნდა ჩაგვბარებოდა, თუმცა სამშენებლო მასალების ხარისხმა და მუშახელის კვალიფიციურობამ არ დაგვაკმაყოფილა, ამიტომ რემონტის ყველაზე რთული და დამღლელი მხარე ჩვენმა ოჯახის წევრებმა საკუთარ თავზე აიღეს.

სივრცის სწორად განაწილებაში პროფესიონალი დიზაინერი დაგვეხმარა. თუმცა, მე საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული პროცესში. პირველი მონახაზის ხილვის შემდეგ შევცვალეთ სტილი, დიზაინი და ფერები. რაც შეეხება ავეჯის განლაგებას, ის უცვლელი დარჩა, ვინაიდან სივრცე სხვაგვარად განაწილების საშუალებას არ გვაძლევდა. ამის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე გავემგზავრეთ საზღვარგარეთ ავეჯის შესაძენად. შერჩეული ავეჯის დიზაინის მიხედვით კი ხელოსნებთან შეთანხმებით, შევცვალე იატაკის, კედლისა და კარის ფერები. ჩვენი სურვილი იყო, რომ ბინა გამოსულიყო ნათელი და საცხოვრებლად კომფორტული, თუმცა, ძალიან ღია ფერების გამოყენებას რატომღაც მოვერიდეთ რემონტის პროცესში.

ვფიქრობ, რომ ჩვენი ინტერიერის სტილი განსხვავდება ჩვენი თანატოლების საცხოვრებელი სახლებისგან იმ თვალსაზრისით, რომ ის საკმაოდ დატვირთულია ავეჯითა და მკვეთრი ფერებით. მე ძალიან მიყვარს ძველებური ნივთები. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ბინა თანამედროვე სტილის არის, ის სავსეა ელემენტებით, რომლებიც ჩემს ბავშვობასა და წარსულს უკავშირდება. სწორედ მსგავსი დეტალები განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ჩვენს ინტერიერში სიმსუბუქე ნაკლებად იგრძნობა. ამ ყველაფერს ემატება ოქროსფერი ტონი, რომელიც სივრცეში საკმაოდ ინტენსიურად შემოდის. თუმცა, კომფორტის შექმნის თვალსაზრისით, ეს ყველაფერი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენთვის.

ჩვენი საყვარელი ადგილი სახლში სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახია, რადგან რეალურად, ეს არის სახლში არსებული ყველაზე დიდი საერთო სივრცე. როგორც ცნობილია, მსგავსი ტიპის ღია გეგმარების მქონე ზონებს ბევრი უარყოფითი მხარე აქვთ, თუმცა, ოჯახის წევრების კომუნიკაციის თვალსაზრისით, ეს გარემო იდეალური აღმოჩნდა. ამგვარი წყობა საშუალებას გვაძლევს, რომ ის მცირე დრო, რომელიც სახლისთვის გვრჩება, ყველამ ერთად გავატაროთ.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

როგორ დავამსგავსოთ ჩვენი აბაზანა სპას?

Kazuo Sejima-ს გეომეტრიული არქიტექტურა