in ,

ბინა ვერაზე – ნინო ნოზაძის ინტერიერი, რომელიც 14 წლის მანძილზე იქმნებოდა

Banner M2
Banner M2

ეს ელეგანტური ბინა ვერაზე მდებარეობს და ის ინტერიერის დიზაინერ ნინო ნოზაძეს ეკუთვნის. როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, საკუთარი საცხოვრებელი სივრცის შექმნაზე ის 14 წლის განმავლობაში მუშაობდა.

როგორც ცნობილია, ნებისმიერი სახლის საბოლოო დიზაინი მასში ცხოვრების შედეგად ყალიბდება. სწორედ ასე მოხდა ნინოს შემთხვევაშიც, რომელმაც საკუთარი ინტერიერის მოწყობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, ბოლო აკორდები კი სულ ახლახან, 2022 წელს შეიტანა და პროექტი დასრულებულად გამოაცხადა.

“ამ პროექტის შექმნა დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო და თავდაპირველად ის 50-იანების სტილით იყო შთაგონებული. თუმცა, ბოლოს მას უფრო 70-იანი წლების დეტალები შეემატა. შესაბამისად, ამ წლების მანძილზე დეკორი ჩემს გემოვნებასთან ერთად იცვლებოდა,” – იხსენებს დიზაინერი

როგორც ნინო გვიამბობს, ის მაქსიმალურად ეცადა, მოცემული სივრცის რესურსი ბოლომდე გამოეყენებინა. ამ მიზნით მან რამდენიმე ტიხარი მოშალა და შეძლებისდაგვარად ღია გეგმარება შეიმუშავა. ამ მხრივ საინტერესოა სამზარეულოსა და მისაღები ოთახის ზონები, რომლებიც ერთმანეთისგან გასაგორებელი კარის საშუალებით არის გამოყოფილი. ეს გადაწყვეტა საშუალებას იძლევა, სივრცე იყოს მაქსიმალურად გაშლილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – იზოლირებულიც. ცალკე აღნიშვნის ღირსია უჟანგავი ფოლადის სამზარეულო, რომელიც იდეალურად ეწერება მოცემულ გარემოში და ძალიან საინტერესო კონტრასტს ქმნის მისაღები ოთახის ზონასთან მიმართებაში.

როგორია ნინო ნოზაძის სტილი? ამ კითხვაზე პასუხი პროექტის ავტორს არ აქვს, ვინაიდან თვლის, რომ ერთი კონკრეტული მიმართულებით არ მუშაობს. თუმცა, ყურადღებიანი დამკვირვებელი მარტივად შეამჩნევს იმ სახასიათო ელემენტებს, რაც ყველა მის პროექტში აშკარად იკვეთება. პირველ რიგში, ეს არის კლასიკური შტრიხებისა და თანამედროვე დეტალების საუცხოო კომბინაცია, რომელიც გაჯერებულია მდიდრული ფერებითა და ძალიან საინტერესო დიზაინ ობიექტებით.

ინტერიერში ყურადღებას იქცევს სხვადასხვა ტიპის მრავალი ორიგინალური ნივთი, რომლებიც არა მხოლოდ ესთეტიკურად მიმზიდველი ნიშნით ხასიათდებიან, არამედ ფუნქციურობითაც, რაც წარმატებული დიზაინ პროექტის აუცილებელი პირობაა. აქვე ვხვდებით მრავალფეროვან ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც სივრცეს სრულიად გამორჩეულ ხასიათს სძენენ და მასში ყოფნას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდიან.

 

ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი

#Homeisინსპირაცია: ფერადი სამზარეულო – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

როგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორად – დეტალური გზამკვლევი ყველა ტიპის შემთხვევისთვის