in

ეტორე სოტსასი – იტალიელი დიზაინერი და არქიტექტორი ინოვაციური ხედვით

ეტორე სოტსასი (Ettore Sottsass) იტალიელი დიზაინერი და არქიტექტორი გახლავთ, რომელიც ცნობილია საკუთარი ნოვატორული და შემოქმედებითი მიდგომებით, რაც მას მსოფლიო დიზაინის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად აქცევს. მისი კარიერა მრავალრიცხოვანი ინოვაციური პროექტებითა და დიზაინებითაა გაჯერებული, სადაც ხშირად ტრადიციული კონვენციების გვერდის ავლით ახალი და უნიკალური ფორმები, ფერები და მასალები გვევლინება.

1947 წელს მილანში მან დააარსა საკუთარი არქიტექტურისა და სამრეწველო დიზაინის სტუდია, სადაც თანამშრომლობდა სხვადასხვა მედიასთან. 1956 წელს სოტსასმა  ნიუ-იორკში გადაინაცვლა და მუშაობა დაიწყო დიზაინერ ჯორჯ ნელსონის სტუდიაში. მოგვიანებით ის იტალიაში დაბრუნდა და თანამშრომლობა დაიწყო პოლტრონოვასთან (1957) და ოლივეტისთან (1958).

ოლივეტისთან ურთიერთობამ ოცდაათ წელზე მეტხანს გასტანა.

მის მიერ შექმნილ ყველაზე საკულტო პროდუქტებს შორის აღსანიშნავია პირველი იტალიური ელექტრო გამომთვლელი მანქანა Elea 9003 (1959) და პორტატული საბეჭდი მანქანები, მათ შორის, საყოველთაოდ ცნობილი „Valentini“.

Alchymia ჯგუფთან ერთად, დიზაინის ფორუმზე ლინცში (1979) მან გამოფინა Seggiolina da pranzo (სასადილო სკამი შექმნილი ქრომირებული რკინით და Abet Print-ის ლამინატით), Svicolo სტანდარტული ნათურა (რომლის ნათება ვარდისფრისა და შავი ნეონის მეშვეობით პოპ არტის ფერებშია გადაწყვეტილი) და ყავის მაგიდა Le strutture tremano.

ამ გამოცდილებას მოჰყვა 1981 წელს „მემფისის“ დაარსება. 1980-იან წლებში Sottsass Associati-ს არქიტექტურულ სტუდიასთან ერთად  მან დააპროექტა მაღაზიები და შოურუმები, შექმნა კორპორატიული იდენტობები, იმუშავა ინტერიერებზე, სამომხმარებლო ელექტრონიკაზე და ავეჯზე.

მიუხედავად მრავალი სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობისა, სოტსასი ყველაზე მეტად მაინც „მემფისთან“ ასოცირდება.  ეს მოძრაობა გამოირჩეოდა პოსტრექტივისტული და ექსცენტრიული დიზაინის ელემენტებით, რაც მოიცავდა განსხვავებულ ფორმებს, მკვეთრ ფერებსა და არაორდინალურ მასალებს. ჯგუფის წევრებმა ჩაანაცვლეს კლასიკური დიზაინის პრინციპები ახალი და გაბედული ფორმებით, რაც იმ დროისთვის ძალიან ახალი და უჩვეულო იყო.

სოტსასის შემოქმედება სხვადასხვა სფეროს მოიცავდა : ინტერიერის დიზაინი, მოდის და სამზარეულოს ავეჯის დიზაინი. მისი ცნობილი ნამუშევრები, როგორიცაა სარკეები, სკამები, სავარძლები და თეფშები, ხასიათდება ენერგიული, კრეატიული და დროში ჩამოყალიბებული ხედვით.

სოტსასის დიზაინი არა მხოლოდ ვიზუალურ სიამოვნებაზე ამახვილებს ყურადღებას, ის მუშაობს  ადამიანებში ემოციური და ინტელექტუალური რეაქციების გამოწვევაზე. ბევრ ნამუშევარს ჰქონდა სპონტანურობისა და ირონიის ელემენტები.

ეტორე სოტსასის ნამუშევრები დღესაც აქტუალურია. მისი გავლენა კვლავაც მძლავრად იგრძნობა დიზაინის სამყაროში. მისი უნიკალური ხედვა და შემოქმედებითი მიდგომა ფართოდაა შესწავლილი, მისი თეორიები და დიზაინის ფორმები კი კვლავ შთაგონების წყაროა თანამედროვე დიზაინერებისთვის.

რესტავრირებული ბინა ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩაზე – ანა ტალახაძის ნამუშევარი

რა უნდა ვიცოდეთ იატაკის ელექტრო გათბობის შესახებ?