in

“მშრალი ხიდი” აგებიდან დღემდე

Alliance Group
Alliance Group

 

თბილისი ადრე სულაც არ იყო იმხელა, როგორიც ახლაა. მისი გაფართოება და განაშენიანება აქტიურად 1800-იან წლებში დაიწყო – მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აღმოცენდა ახალი უბნები, მათ შორის ჩუღურეთი,კუკია და გერმანელთა დასახლება, რამაც ამ ტერიტორიის მარჯვენა სანაპიროსთან დაკავშირების აუცილებლობა გამოიწვია. მტკვარზე თბილისის მოქალაქეები,ძირითადად მესანგრეები, დიდი ხნის განმავლობაში თავისი ხარჯებით აგებდნენ ხის ხიდებს, რომელიც პერიოდულად ადიდებულ მდინარეს მიჰქონდა ხოლმე.

1840-იან წლებში მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის დავალებით იტალიელმა არქიტექტორმა, ჯოვანი სკუდიერიმ შეადგინა ახალი, დიდი ხიდის პროექტი, რომელიც საბოლოოდ გადაჭრიდა მტკვრის სანაპიროების დაკავშირების პრობლემას. თავდაპირველი პროექტის მიხედვით ხიდი ორი ნაგებობისგან – მცირე და დიდი ხიდებისგან შედგებოდა.

მშრალი ხიდის მშენებლობა 1848 წელს დაიწყო, თუმცა მისი მშენებლობა სულაც არ ყოფილა მარტივი პროცესი თბილისისთვის. იმავე წლის 26 ნოემბერს მეფისნაცვალმა ვორონცოვმა საზეიმოდ გამოაცხადა მშენებლობა დაწყებულად – თავისი ხელით ჩაუყარა საძირკველი ახალი ხიდის ბურჯებს. სამწუხაროდ, სკუდიერიმ მხოლოდ მტკვრის მარჯვენა ტოტზე აგებული ერთმალიანი ხიდის დასრულება მოასწრო, მანამ, სანამ 1851 წელს ტაძრის მშენებლობისას დაიღუპებოდა.

მიუხედავად არქიტექტორის ტრაგიკული და უცაბედი გარდაცვალებისა, მშრალი ხიდის მშენებლობა მაინც გაგრძედა და მალე დასრულდა. მას ჯერ „მიხეილის მცირე ხიდი“, შემდეგ კი „ნიკოლოზის ხიდი“ ეწოდებოდა. 1930-იან წლებში სკუდიერის დაპროექტებული ორი ხიდის შესაერთებლად ადგილის აწევა გახდა საჭირო, რის გამოც ამ ტერიტორიაზე მდებარე მადათოვის კუნძულის ნაწილში უზარმაზარი მიწაყრილი გაკეთდა. მალევე მტკვრის ამ ტოტის დაშრობის გამო კუნძული გაქრა, თუმცა ხიდი კვლავ აგრძელებდა ფუნქციონირებას, რის გამოც მას „მშრალი ხიდი“ დაერქვა.

მეოცე საუკუნიდან მშრალი ხიდი ცნობილია თავისი საოცარი, ჯადოსნური ძველმანების ბაზრობითა და ხალხმრავალი საბროკერო ბირჟით. ეს ერთ-ერთი ისეთი ლეგენდარული ადგილია, სადაც თბილისელები უკვე მეორე საუკუნეა თავს იყრიან, ვაჭრობენ, ურთიერთობენ, იძენენ ახალ ნაცნობებს,შესაბამისად, აქ მუდამ ჩქეფს სიცოცხლე,მუდამ ისმის საუბარი და სიცილი.მშრალი ხიდის მიმდებარედ განლაგებული სამხატვრო სახელოსნოები, პარკები და გამოფენილი ნაკეთობები მას ჭეშმარიტად ძველებური თბილისის ელფერს აძლევს.

კორონავირუსის პანდემიამ არც დედაქალაქელების საყვარელი სივრცე დატოვა ხელშეუხებელი. რეგულაციებიდან გამომდინარე, აქ სავალალოდაა შეთხელებული მოვაჭრეთა რიცხვი, თუმცა რამდენიმე მშრალი ხიდის ერთგული გამყიდველი მაინც შეგხვდებათ.

მშრალ ხიდზე მუდამ იგრძნობა ახალი წლის მოახლოება- სადღესასწაულოდ აქ მუდამ შეხვდებით ინტერიერის ისეთ დეკორაციებს, რომლებიც ნოსტალგიას გაგიღვიძებენ, წლებით უკან,ბავშვობაში დაგაბრუნებენ, ან თქვენი სახლის მოწყობის სრულიად ახლებურ პერსპექტივას შემოგთავაზებენ. ამ სადღესასწაულო განწყობას პანდემიამაც კი ვერაფერი დააკლო.  თუ მშრალ ხიდზე გაისეირნებთ, შეამჩნევთ აქ გამოფენილ საბჭოურ ნაძვის ხის დეკორაციებს, ძველებურ თოვლის ბაბუებს, ნაძვის ხეებს, “წვიმებს” და ა.შ.

 

გარდა სათამაშოებისა, ნახევრადცარიელ, მშრალ ხიდზე, როგორც ყოველთვის, თავს იწონებს ქართული ტრადიციული ხალიჩა-ფარდაგები, მუსიკალური საკრავები,  ჯამ-ჭურჭელი და სხვა უამრავი ისეთი ნივთი, რომელიც ნებისმიერ სახლს შემატებს უნიკალურ, გამორჩეულ შტრიხს.

საბჭოური ესთეტიკა მშრალი ხიდის განუყოფელი მახასიათებელია. აქაურობა პატარ-პატარა ტრაგიკული, სევდიანი ამბების მატიანეა -ვ ინ იცის, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომელთათვის ერთ დროს ომის ვეტერანობის, სიმამაცის,გამბედაობისა თუ სხვა დამსახურებებისთვის გადაცემული ჩინ-მედლები ახლა მშრალი ხიდის დახლებზე იყიდება და ახალ პატრონს ელის.

მშრალ ხიდზე უკლებლივ ყველა ნივთს თავისი საკუთარი ისტორია აქვს – 80-90-იან წლებში საქართველოში კონტრაბანდით შემოტანილი ფოტოაპარატები, მუსიკალური დისკები, ვიდეოკასეტები, კალიფორნიული მანქანის სანომრე ნიშნები-საბჭოური რეალობიდან გასაქცევად,დასავლურ კულტურასთან საზიაროდ ყველა ეს ნივთი უდიდესი მნიშვნელობის მქონე იყო. დღეს ამ ყველაფერმა ფუნქცია დაკარგა ან სხვა, უფრო თანამედროვე საშუალებებით ჩანაცვლდა – ინტერნეტისა და ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით თითის ერთი დაჭერით შეგვიძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილზე ინფორმაციის მიღება, თუმცა მშრალ ხიდზე თავმომწონედ გამოფენილი ეს ნივთები მაინც სულ სხვა ნოსტალგიური მნიშვნელობის მქონეა, რომლებიც ჩვენს არც თუ ისე შორეულ წარსულს გვახსენებენ.

მშრალ ხიდზე ინტერიერის ნებისმიერი ტიპის დიზაინის მოყვარულისთვის მოიძებნება საჭირო ნივთი- ბროლის ჭაღები, ბრინჯაოს ჭურჭელი, ფილმების პოსტერები…მათ შორისაა ლითონის ისტორიული პირების – იოსებ სტალინის, ვლადიმერ ლენინის, ლავრენტი ბერიას თუ უინსტონ ჩერჩილის ფიგურები, ბიუსტები, მინიატურული ძეგლები, რომლებიც გასულ საუკუნეში, შეიძლება, ბევრ სახლში შეგვხვედროდა, თუმცა დღეს ნამდვილად იშვიათობას წარმოადგენს.

მშრალი ხიდი ამჟამად თავისი არსებობის განმავლობაში ყველაზე რთულ  გამოცდას აბარებს. ხალხისგან დროებით მიტოვებული, რეგულაციების გამო ცარიელდახლებიანი ხიდი ჟამთა სვლას მყარად უდგას წინ და თბილისელთა მხარდაჭერით კიდევ დიდხანს გაულამაზებს ინტერიერს, ექსტერიერს თუ ცხოვრებას დედაქალაქის ბინადრებს.

რადიატორის არათანაბრად გათბობის გამომწვევი 7 მიზეზი

“თბილისი გარდენსი”- ყველაფერი, რაც გჭირდება დღეს