in

ნაოტო ფუკასავას ინტუიციური დიზაინი და მისი შექმნილი 10 საკულტო ნივთი

ნაოტო ფუკასავა ცნობილი იაპონერი ინდუსტრიული დიზაინერია, რომელიც ამჟამად პროდუქტის დიზაინის სფეროში მოღვაწეობს. მისი ქმნილებები გამორჩეული ვიზუალური მხარითა და საინტერესო ფილოსოფიით ხასიათდება. დღეს სწორედ ამ დიზაინ ობიექტებს შესახებ გიამბობთ.

CD პლეერი MUJI-სთვის

1999 წლის მოდელი ჯერ კიდევ წარმოებაშია, მაგრამ უკვე რეტრო აქსესუარს ჰგავს, რადგან თავად დისკები წარსულს ჩაბარდა. პლეერი კედელზე მაგრდება და როდესაც დისკი ტრიალებს, ის ვენტილატორივით გამოიყურება. კვების კაბელი იმავდროულად ჩამრთველის ფუნქციასაც ასრულებს. მრავალი წელია, რაც ნაოტო ფუკასავა MUJI-ს დიზაინის საკითხებში კონსულტაციას უწევს და ბრენდის ლაკონიური, დაბალანსებული სტილი დიდწილად მისი დამსახურებაა. ამ CD პლეერს კი ფუკასავა თავის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნევს.

Papillo – სავარძელი B&B Italia-სთვის

მოდელის სახელწოდება ლათინურად ითარგმნება, როგორც „ფარვანა, პეპელა“ და ამ სავარძლის საზურგე მართლაც მწერის ფრთებს წააგავს. კონსტრუქცია იმგვარად არის შექმნილი, რომ სავარძელში ჯდომა მაქსიმალურად კომფორტულია. საბაზისო ვერსია აღჭურვილია ფეხების დასადებად განკუთვნილი პუფით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაისვენოთ.

DéJà-Vu – Magis-სთვის შექმნილი სკამი

ნაოტო ფუკასავამ ავეჯის დიზაინში კარიერა Magis-სთვის შექმნილი ამ მოდელით დაიწყო. ადრე ის უფრო ცნობილი იყო, როგორც ინდუსტრიული დიზაინერი – აპროექტებდა მოწყობილობებსა და ტექნიკას. მოდელის სამი ვარიანტია ხელმისაწვდომი (სკამი, ბარის სკამი და ტაბურეტი) და თითოეული სრულად ალუმინისგან არის დამზადებული. დროთა განმავლობაში DéJà-vu-ს ავეჯის მთელი სერია გამოჩნდა: სკამები საყრდენებით, სასადილო მაგიდა და 2011 წლის დამატება – სარკეები.

სკამი ყოველდღიურ საბაზისო დიზაინს მიეკუთვნება. სწორედ ამ მოდელის შემდეგ განისაზღვრა ფუკასავას სტილი, როგორც „სუპერნორმალურობა“. იაპონელი ეწინააღმდეგება ყველაფერ პრეტენზიულსა და საჩვენებელს, მისი ნივთები ფუნქციონალური და შეუმჩნეველია, მაგრამ – შეუცვლელი. სწორედ ამ კომბინაციას მიიჩნევს ფუკასავა კარგი დიზაინის მთავარ გარანტად.

Hiroshima Maruni-სთვის შექმნილი სკამი

Hiroshima არის ნივთების სერია, რომელშიც 2009 წლის სკამის გარდა, დივანი და მისთვის განკუთვნილი პატარა მაგიდა შედის. ყველა მოდელი წიფლისა და მუხისგან არის დამზადებული. ფუკასავამ ერგონომიკა უმცირეს დეტალებამდე გააანალიზა: მიუხედავად იმისა, რომ ეს სკამი მთლიანად ხისაა, შესაძლებელია მასზე ადამიანი საათობით იჯდეს ისე, რომ არ დაიღალოს. დიზაინერი მიიჩნევს, რომ ნივთი, პირველ რიგში, ფუნქციონალური და ტაქტილურად სასიამოვნო უნდა იყოს.

B&B Italia-სთვის შექმნილი ლანგრები სახელწოდებით Vertigo

კიდევ ერთი მოდელი, რომელსაც დრო არ აშინებს არის Vertigo, ის 2007 წელს გამოვიდა და დღემდე წარმატებით იწარმოება. კომპლექტი რამდენიმე მდინარის კენჭის ფორმის ლანგრისგან შედგება: ისინი ერთმანეთშია მოთავსებული და წყლის ზედაპირზე გამოსახული წრეების მაგვარ მედიტაციურ კომპოზიციას ქმნიან.

Infobar – მობილური ტელეფონი

2000-იან წლებში ფუკასავა ინტენსიურად თანამშრომლობდა კომპანია iida-სთან, რომელიც მისი დიზაინით შექმნილ Infobar-ის ღილაკიან მობილურ ტელეფონებს აწარმოებდა. თავისი გასაოცარი, თვალშისაცემი დიზაინის წყალობით, მოდელმა პოპულარობა და საკულტო სტატუსი სწრაფად მოიპოვა. 2013 წელს ტელეფონების მაგნატმა HTC-მ ლეგენდარული Infobar A02-ის კორპუსით Android-ზე დაფუძნებული სმარტფონი გამოუშვა. სხვათა შორის, პირველი კონცეფცია სახელად Ishicord განუხორციელებელი დარჩა, თუმცა დიზაინერი ამ მოდელის მიმართ მაინც არ არის გულგრილი და იმედოვნებს, რომ ერთ დღეს მისი დროც დადგება. ტელეფონის კორპუსს კენჭის ფორმა ჰქონდა: ფუკუსავა ამბობს, რომ ხშირად აკვირდებოდა ადამიანებს, რომლებიც ტელეფონს ხელში გაუცნობიერებლად აბრუნებდნენ და ფიქრობდა, რომ ამ მოქმედებას ხელს ყველაზე მეტად გამარტივებული ფორმა შეუწყობდა.

ფუკასავას დიზაინის მთავარი გზავნილი ის არის, რომ სწორი ნივთის შესაქმნელად უნდა დააკვირდე, თუ როგორ იქცევიან ადამიანები. შემდეგ იმას, თუ როგორ მოქმედებენ ისინი მექანიკურად, გაუცნობიერებლად. შესაბამისად, დიზაინი მათ მისწრაფებებს უნდა აკმაყოფილებდეს და ადვილად გამოსაყენებელი ნივთების საშუალებით ცხოვრებას უადვილებდეს. ეს პოსტულატი ბევრმა IT გიგანტმა, მათ შორის Apple-მა მიიღო.

Bunch – B&B Italia-სთვის შექმნილი ლარნაკი

ფუკასავას მიერ B&B Italia-სთვის შექმნილი ლარნაკი სახელწოდებით Bunch თაიგულს წააგავს. იგი დამზადებულია კერამიკული მილებისგან, რომლებიც ყვავილის მოჭრილი ღეროების იმიტაციას წარმოადგენს. „ფლორისტული“ კომპოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია და მასში მხოლოდ ყვავილების ჩადებაა საჭირო. დიზაინერის ინსპირაციას წარმოადგენს იკებანას ხელოვნება, რომელიც თითოეული ცალკეული ყვავილის ღეროთი აღფრთოვანებას ეფუძნება.

Elements Of Life – Tabao-სთვის შექმნილი კომპლექტი

ოფისის მუშაკის კომპლექტი დიზაინერს ჩინურმა ფირმამ – Tabao-მ შეუკვეთა. ნაკრებში შედის ყველაფერი, რაც ოფისში მომუშავე ადამიანისთვის არის საჭირო: კალკულატორით და საკანცელარიო ნივთებით დაწყებული, თერმოსებითა და საკვების კონტეინერებით დასრულებული. ყველა ობიექტს წრის ან კვადრატის ფორმა აქვს. გამოყენებულია შავი ფერი. დიზაინერი თვლის, რომ აღმოსავლური ფილოსოფიის პოსტულატების შესაბამისად, ეს ნივთები სწორ ემოციურ „მიკროკლიმატს“ შექმნის.

ჰაერის გამწმენდი Hitachi-სთვის

ფუკასავას ლაკონიური დიზაინი მალავს ულტრათანამედროვე შიგთავსს, კერძოდ, ძლიერ ძრავას, რომელსაც წუთში 12მ3-ის სიდიდის ფართობის გაწმენდა შეუძლია. ტექნოლოგიის დიზაინის დროს ფუკასავა ყოველთვის განვითარებას ეყრდნობა, იგი თვლის, რომ სწორედ ტექნოლოგია უნდა ზრუნავდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაზე იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად, წვრილმანებზე ფიქრის გარეშე შევძლოთ ცხოვრება.

ჩაის პაკეტები Takeo Paper Show-სთვის

ერთხელ ფუკასავამ შენიშნა, რომ როდესაც ჩაის პაკეტს მდუღარე წყალში ასველებ, ის თითქოს ცეკვას იწყებს და მარიონეტს ემსგავსება. Takeo Paper Show-სთვის დიზაინერმა სწორედ ამ მარიონეტის ფორმის ჩაის პაკეტი შექმნა. ფორმა ჩაის პაკეტის ჭიქაში ჩადებით იხსნება. პლასტმასის რგოლი დამჭერის როლს ასრულებს. დიზაინერი ამბობს, რომ მისი ნამუშევრის წყალობით, ყველაზე ნაცნობ მოქმედებაშიც კი, რომელსაც დღეში რამდენჯერმე დაუფიქრებლად ვასრულებთ, იქნება ცოტა პოეზია და თამაში, რომელიც ერთი წუთით გაჩერების და გაღიმების საშუალებას მოგვცემს.

კედლის პანელები – ყველაფერი, რაც მათი ინტერიერში გამოყენების შესახებ უნდა ვიცოდეთ

სად შევიძინო შპალერი? – 7 მაღაზია თბილისში