in

ნიდერლანდური ესთეტიკა – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

თუ გიზიდავთ ლამაზი, მინიმალისტური, ესთეტიკური და პრაქტიკული სივრცეები, ნიდერლანდური სტილი საუკეთესო არჩევანია. ნიდერლანდური სტილი არის ინოვაციური, თანამედროვე, მინიმალური, პრაქტიკული, განსაკუთრებული, გაბედული, დახვეწილი და ცოტა უჩვეულოც კი.

ნიდერლანდური სტილისთვის დამახასიათებელ ელემენტებს ატარებს პროექტი – Didden Village, რომელიც სახლის სახურავის გაფართოებას წარმოადგენს. შენობა მდებარეობს ქალაქ როტერდამში. სახურავის გამოყენება სივრცის ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა. სახლი ისეა განაწილებული, რომ შენობიდან მოჩანს ყველა სივრცე – მოედნები, ქუჩები, ხეივნები. ელემენტების ლურჯი საფარით დასრულებით შენობა თითქოს სიცოცხლეს იძენს და აჩენს ერთგვარ “სამოთხეს”.

 

მონუმენტური სახლისა და ატელიეს თავზე განთავსებულია საძინებლები, რაც უზრუნველყოფს ოჯახის თითოეული წევრის პირადი სივრცის დაცვას. ოთახებზე წვდომა შესაძლებელია სპირალური კიბით.

 

ნიდერლანდებში გავრცელებული კულტურული ნორმების თანახმად, აქ ადამიანები უფრთხილდებიან ეკოლოგიას, ხშირად მგზავრობენ ველოსიპედით, ამასთანავე დიდ დროს ატარებენ ბუნებაში. ნიდერლანდში არსებული სახლები სავსეა კაშკაშა მწვანე და კარგად მოვლილი მცენარეებით. ამ ეფექტის მისაღწევად კარგი იდეაა ბუნებრივი მასალის (მაგალითად, ხის) გამოყენება, განათების ათვისება და ა.შ.

სახლის ინტერიერი სადა და ჰარმონიულია. ბალანსია დაცული ფუნქციურობას, ესთეტიკურობასა და ინდივიდუალობას შორის. ჰოლანდიური ესთეტიკა მჭიდრო კავშირშია ბუნებასთან. სახლში მაქსიმალურად არის გაზრდილი ბუნებრივი განათება. სივრცე ლოგიკურად არის დალაგებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახლში გამოყოფილია როგორც საერთო, ასევე ინდივიდუალური ზონები.

რბილი ელფერები და ფერების თამაში სიმშვიდის განცდას ქმნის. მარტივი ფორმები, ფერები და გლუვი მასალები საუკეთესო გზაა კოხტა სივრცეების მისაღწევად. სახლის ელემენტების გონივრული გადანაწილება მინიმალისტურ ეფექტს ქმნის. სახლის თითოეული ელემენტი კომფორტული, ფუნქციური და შესაბამისი ზომისაა.

როგორც ვხედავთ, ნიდერლანდური მინიმალიზმი ხარისხის, პრაქტიკულობის, ახირებისა და სილამაზის ნარევია. ძირითადი აქცენტი კეთდება სივრცის გააზრებულ ათვისებაზე. ნიდერლანდებში იყენებენ სიტყვას “gezellig”, რომელიც გამოიყენება მყუდრო და თბილი ატმოსფეროს აღსაწერად. ეს არის მყუდრო სახლი სითბოსა და ერთიანობის გრძნობით.

როგორ შევქმნათ ნიდერლანდური სტილის ესთეტიკა?

პირველ რიგში, ნიდერლანდური მინიმალური დიზაინის მისაღწევად საჭიროა ატიპიური ფორმების სივრცეში შეტანა და თამამი ფერებით თამაში.  ნიდერლანდური სტილის მისაღწევად ვირჩევთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მარტივი და უდავოდ პრაქტიკულია.

ამას გარდა, საჭიროა შემოქმედებითი მიდგომა და ფუნქციის ძიება. გადაწყვეტილების გააზრებულად და შემოქმედებითად მიღებით, შესაძლებელია ფუნქციის პოვნა ისეთ ადგილებში, სადაც, ყველაზე ნაკლებად მოელით. მაგალითად, ჭიქების ნაკრები, რომელიც ფუნქციურადაც პრაქტიკულია და ვიზუალურადაც ერგება სახლის ინტერიერს. ან თუნდაც ზურგჩანთა, რომელიც ფუნქციური დანიშნულების გარდა, ხელოვნების ნიმუშია და დეკორატიული გაფორმების ფუნქციასაც ითავსებს, როდესაც უბრალოდ საკიდზეა მოთავსებული.

გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია, დავსვათ შეკითხვები, რომლებიც ბალანსის პოვნაში დაგვეხმარება. მაგალითად, შეესაბამება თუ არა ეს ნივთი სახლის ესთეტიკას? რამდენი გზით შეგვიძლია მისი გამოყენება? გამიადვილებს ეს ნივთი რამეს ჩემს ცხოვრებაში? ამ ნივთის ყიდვა ჭრის თუ არა რომელიმე პრობლემას (მაგალითად, მცირე სივრცე)?

ნიდერლანდური ინტერიერის დიზაინის ესთეტიკა ჰარმონიის, სიმშვიდისა და ბალანსის დაცვის ოსტატობაა. ზემოთ აღნიშნული დეტალების გათვალისწინება დაგვეხმარება ისეთი თბილი, კოხტა, ფუნქციური, მყუდრო და ერთიანი სივრცის შექმნაში, რომლითაც ნიდერლანდური სახლები გამოირჩევა.

ავტორი: ნინა დიასამიძე 

ინდივიდუალური ხედვა და გულწრფელი დიზაინი – ინტერვიუ ნინო ნოზაძესთან

დალაგების 5 საშუალება, რომლებიც იმედებს არ ამართლებს