in

ნათელი ბინა ღია გეგმარებით ჭავჭავაძეზე – ნინი ჯღამაძის ნამუშევარი

ინტერიერის დიზაინერის, ნინი ჯღამაძის ნამუშევარი 130 კვადრატული მეტრის მქონე საცხოვრებელ ფართს წარმოადგენს, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.

დამკვეთის მთავარ მოთხოვნას არსებული გეგმარების შეცვლა და სივრცის ერთ ადამიანზე ადაპტირება წარმოადგენდა. როგორც დიზაინერი გვიამბობს, პროექტირების დასაწყისშივე გადაწყდა, რომ ბინა იქნებოდა მაქსიმალურად სადა და ნეიტრალური, ასევე, მთავარი აქცენტი ღია ფერის კედლებზე, ბუნებრივ ხის იატაკსა და ბეტონის ფაქტურის დეტალებზე უნდა გაკეთებულიყო.

პროექტის ავტორმა, პირველ რიგში, ბინის გეგმარება შეცვალა, შეამცირა საძილე ოთახებისა და სველი წერტილების რაოდენობა. შედეგად, წარმოიქმნა ერთი დიდი სააბაზანო ოთახი, სტუდიური ტიპის გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო, ერთი საძინებელი და საგარდერობე სივრცე.

პროექტირების მთავარი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ ყველა ოთახს ბუნებრივი განათება ჰქონოდა და სივრცე მაქსიმალურად გახსნილი ყოფილიყო.

საცხოვრებელში შემოსვლისთანავე ყურადღებას იქცებს მასიური, დიდი ზომის ცენტრალური ჭაღი, რომელიც მისაღებ ოთახშია განთავსებული. ეს დეტალი ერთგვარ აქცენტირებულ ელემენტს წარმოადგენს აღნიშნულ სივრცეში.

მისაღებ ოთახში ასევე ვხვდებით დიდ შავ სავარძელსა და ორ დივანს, რომლებიც სახლს მდიდრულ ეფექტს სძენენ და ვიზუალურად ამდიდრებენ სივრცეს. ორი პატარა შუშისა და ხის მაგიდა კი  ინტერიერს კარგად ესადაგება და სურათს დასრულებულ სახეს ანიჭებს.

ტელევიზორთან არსებული თეთრი ფერის სათავსოები, ერთი მხრივ, დამატებით ადგილს ქმნის, რათა ყველა დიზაინ ობიექტი და აქსესუარი კარგად განთავსდეს, მეორე მხრივ კი მრავალფეროვანი აქცენტები შეაქვს საცხოვრებელში და მის საბოლოო იერსახეს განსაზღვრავს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ოთახში მდებარე მუსიკალური საკრავები და მოწყობილობები, რომლებიც მიმზიდველ, საინტერესო ატმოსფეროს განაპირობებს. ვერტიკალური ფორმის შავი დეკორატიული რადიატორების გამოყენება კი ჰარმონიულად ერწყმის ავეჯის ფერსა და დიზაინს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სამზარეულოს კუნძული, რომელიც ზონირების ფუნქციას ასრულებს მისაღებსა და სამზარეულოს შორის. კუნძულის ზედაპირი ბეტონის ფაქტურისგანაა დამზადებული. ეს მასალა ჭერსა და კოლონებზეც გვხვდება და საბოლოო ჯამში, ერთიან, ჰარმონიულ კომბინაციას ქმნის. მიუხედავად არც თუ ისე დიდი ფართისა, მოცემული ზონა მთლიანად ათვისებულია და კომპაქტურ, კომფორტულ გარემოს ქნის.

თითოეულ სივრცეში მარტივად შესამჩნევია გეომეტრიული ფორმის ავეჯი, რომელიც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს ადგილს.საძინებელი ნაზი, დახვეწილი და მინიმალისტური დიზაინით ხასიათდება. აღსანიშნავია საწოლის დიზაინი, რომელიც ფორმის გარდა, ტექსტილითა და ფერით გამოირჩევა. მასში გამოყენებული მუქი ვარდისფერი აქცენტები, რაც საოცარ მიმზიდველობასა და ეფექტს სძენს საძილე ზონას და ოთახში გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის.

ინტერიერში ძირითადად გამოყენებულია ორი ფერი – თეთრი და ნაცრისფერი (ბეტონის ფაქტურა). საგარდერობო ოთახის კონცეფცია კი ვარდისფერ ტონში გადაწყდა, რაც ამ ოთახს გამორჩეულ და ყველაზე თვალშისაცემ ადგილად აქცევს.

სააბაზანო ოთახში ერთიანობის შეგრძნების შესანარჩუნებლად, მთელს სივრცეში (კედლებსა თუ ჭერზე) ერთი ტიპის მასალა, კერძოდ კი კერამო-გრანიტია გამოყენებული. თეთრი ფერის ფაქტურის დომინირებით კი ერთიანი ჰარმონიული გარემო იქმნება.

შემოსასვლელში, გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულოში მუხის პარკეტი გვხვდება. საძილე და საგარდერობო ოთახებში კი განსხვავებული, რბილი ტიპის იატაკის საფარია გამოყენებული, რაც თავის მხრივ, მყუდრო და თბილ აურას აყალიბებს.

დიზაინერის აზრით, აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას მთავარი გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ მიღებულიყო ნათელი და გახსნილი სივრცე, რომელიც ამავდროულად, მყუდრო და ფუნქციურად გამართული იქნებოდა. სწორი გეგმარებით და შესაფერისი მასალისა და ფერების გამოყენებით პროექტის ავტორმა დასახულ მიზანს წარმარმატებით მიაღწია. შედეგად კი შეიქმნა სივრცე, რომელიც ერთი შეხედვით, სადა და მშვიდი ხასიათის მქონეა, მაგრამ ამავდროულად გამდიდრებულია ვარდისფერი და შავი შტრიხებით, რაც მას საინტერესო აქცენტებს სძენს.

პროექტის ავტორი: ნინი ჯღამაძე

დიზაინ სტუდია: Nini Jgamadze Design

იატაკის საფარი ჰოლში: „სტუდიო მაღაზია დანი“;

აბაზანის ფილები: კერამო-გრანიტი, „ნიუ დიზაინი“

შემრევები: „ნიუ დიზაინი“

კედლის მოპირკეთება: შეღებილი ქაღალდი, „ნიუ დიზაინი“

განათება: ახალი ნათება, ბრენერი, დილაითი

ავეჯი: HK Living, Ikea, Laboratory my home

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ინტერიერის “სთეიჯინგი” (staging) vs ინტერიერის დიზაინი — რა განსხვავებაა?

კედლის ფერები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს კარგად ეხამება