in

Pantone-ის 2023 წლის ფერი: Viva Magenta ინტერიერის დიზაინში

2023 წელს Pantone-ის არჩევანი არის ფერი, რომელიც უკვე ტრენდულია მოდისა და სილამაზის სამყაროში და მოსალოდნელია, რომ იგი გზას ინტერიერის დიზაინშიც გაიკვლევს.

ისევე, როგორც წინა წლებში, წლევანდელი ტენდენციური ფერიც ბუნებაშია ფესვგადგმული.

გასულ წელს, Pantone-მა წლის ფერად დაასახელა Very Peri — გაბედული და უდარდელი ლურჯი ელფერი, რომელიც, რა თქმა უნდა, უფრო თამამი იყო, ვიდრე წინა წელს ტრენდული სხვა ლურჯი და მწვანე ფერები.

დღეს კი გავეცნობით Pantone-ის არჩევანს 2023 წლისთვის და გავიგებთ, როგორ შეგვიძლია ეს ფერი ინტერიერში გამოვიყენოთ.

რომელია Pantone-ის ფერი 2023 წელს?

Viva Magenta! Pantone-მა 2023 წლის ფერად აირჩია მძლავრი და ენერგიული წითელი ელფერი. ეს თამამი და უშიშარი ფერი თქვენს ინტერიერს ხალისიან და ოპტიმისტურ ტონს შემატებს.

რას ნიშნავს Viva Magenta?

Viva Magenta-ს წარმოშობა დაკავშირებულია კოშენილის ხოჭოსთან. ეს მწერი აწარმოებს კარმინის საღებავს, ერთ-ერთ ყველაზე ძვირფასს, ძლიერსა და ნათელს ნატურალურ საღებავებს შორის.

Viva Magenta-ს მიღმა არსებული ისტორია წარმოადგენს ჩვენს ვირტუალურ და ფიზიკურ ცხოვრებას შორის ბალანსს. ბოლო წლების განმავლობაში ბუნებისადმი ჩვენი მიზიდულობა გაიზარდა და Pantone-ის 2023 წლის ფერიც სწორედ ამ ტენდენციიდან გამომდინარეა შერჩეული.

ჩვენი სიყვარული ბუნებისადმი ასევე აისახება ჩვენს სახლებში არა მხოლოდ საღებავის ფერების საშუალებით, არამედ ინტერიერში მცენარეების დამატებით და გარე სივრცეებზე მეტად ზრუნვით.

როგორ გამოვიყენოთ Viva Magenta სახლში?

Viva Magenta გამოკვეთილი ფერია და ინტერიერში მისი გამოყენება მრავალი სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. სითამამის წარმოსაჩენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ ფერის კედელი ან დივანი. მაგრამ ის ასევე შეიძლება დაემატოს სივრცეს ფარდების, ხალიჩების, ბალიშების ან ყვავილების საშუალებით. Viva Magenta ნებისმიერ ოთახს თბილ და დრამატულ ტონს მატებს.

ქვემოთ მოცემულ ფოტოებში ნათლად ჩანს, თუ როგორ შეიძლება ეს ფერი გამოყენებულ იქნეს მისაღებ ოთახში, სამზარეულოში ან საძინებელში.

Viva Magenta-ს ფერთა პალიტრა

Pantone-მა ასევე გამოუშვა ფერთა პალიტრა Viva Magenta-სთვის დამატებითი ელფერებით. ეს პალიტრა მოიცავს მსუბუქ, ნეიტრალურ ტონებს, რომელიც Pantone-ის 2023 წლის ფერს ნამდვილად გამოკვეთს.

ამ ნეიტრალური ტონების გარდა, ზემოთ მოცემულ ფოტოებში სხვა კომბინაციებიც ვიხილეთ. ბუნებრივი გარეგნობისთვის შეგიძლიათ Viva Magenta-ს მწვანე და ლურჯი შეუხამოთ. თუ გსურთ, რომ 2023 წლის ფერი ნამდვილად გამოირჩეოდეს, შეგიძლიათ ის მუქ ნაცრისფერთან კომბინაციაში გამოიყენოთ. ხოლო თუ ვარდისფერი მოგწონთ, Viva Magenta-სთვის ნეიტრალური ფონი ჭუჭყიანი ვარდისფრის გამოყენებით შექმენით.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

სახლი დომინანტი ლურჯი ფერით ოქროყანაში – რუსა თუმანიშვილის ნამუშევარი

თანამედროვეობისა და ადგილობრივი კულტურის ნაზავი — სახლი ტაილანდში