in

“ფერების გასაოცარი კომბინაცია” – Raw Color სტუდიამ IKEA-თვის ახალი კოლექცია შექმნა

ორწლიანი კვლევის პროცესის შემდეგ ჰოლანდიურმა სტუდია Raw Color-მა IKEA-ს კოლექცია გამოუშვა, სადაც ყველა ნივთი მინიმუმ ორ ფერშია წარმოდგენილი და ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ჩვენი აღქმა ფერების მიმართ სხვადასხვა შემთხვევაში.

კოლექცია “Tesammans”, რაც შვედურ დიალექტზე ერთად ყოფნას ნიშნავს, აერთიანებს 18 ნივთსა და 15 სხვადასხვა ფერს. კოლექცია მოიცავს ავეჯს, საყოფაცხოვრებო ჭურჭელს, სანათებს, ტექსტილს და ა.შ. აღნიშნული პროექტი იკვლევს თუ როგორ ურთიერთქმედებენ სხვადასხვა ფერები ერთმანეთთან და ამტკიცებს იმას, რომ კონტრასტული და დიდი რაოდენობით ფერების გამოყენება სულაც არ არის საშიში.

შვედურ ავეჯის კომპანიაში მუშაობის ათწლეულის განმავლობაში, ეს ყველაზე ფერადი და მრავალფეროვანი კოლექციაა, რომელიც IKEA-ს შემოქმედებით დირექტორს, მარია ო’ბრაიანს უნახავს. მისი თქმით, ნივთები იდეალურად გამოხატავენ ისტორიას და იმას, თუ როგორ იყენებს IKEA განსხვავებულ ტონალობებს ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოებაში.

Raw იმედოვნებს, რომ მცირე ზომის ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის განსხვავებული მოდელებით მყიდველებს მარტივ და ხელმისაწვდომ პროდუქციას შესთავაზებს იმის ნაცვლად, რომ ინტერიერი მხოლოდ შავ-თეთრი და ნაცრისფერი ფერებით დააკომპლექტონ.

„რატომღაც, ადამიანებს ძალიან ეშინიათ ფერების“,-აღნიშნავს Raw Color-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, ტერ ჰაარი. მისივე თქმით, დღეს ადამიანებს აღარ ასწავლიან როგორ გამოიყენონ მკვეთრი ფერები ან შექმნან ფერადი აქცენტები საკუთარ სახლებში.

საპირისპიროს დასამტკიცებლად ჩატარებული ხანგრძლივი კვლევა მოიცავდა კოლექციისთვის 15 განსხვავებული ელფერის შერჩევის პროცესს. საბოლოო შედეგის მიღების შემდეგ კი სტუდიამ მას „ფერების გასაოცარი კომბინაცია“ უწოდა.

თითოეული ნივთი დაპროექტებულია ოპტიკური ილუზიების შესაქმნელად, შესაბამისად, დღის განმავლობაში მათი ფერები იცვლება მზის სხივების ან უშუალოდ ერთმანეთთან ურთიერთქმედების მიხედვით.

კოლექციის სანათს აქვს სამ-საფეხურიანი მეტალის ჩრდილები და წარმოდგენილია სამ სხვადასხვა ფერში. აქედან ყველაზე ღია, თეთრი ფერის ნაწილი სულ ბოლო ფენაა, სადაც განათება ყველაზე დიდი რაოდენობით ხვდება და თავის მხრივ, ფერის ცვლილებას განაპირობებს.

კერამიკული ჭიქები და ლარნაკები ორ ფერშია გადაწყვეტილი და მესამე ფერის სახით მათში მოთავსებული მწვანე ან ფერადი მცენარეებია გათვალისწინებული.

რამდენიმე ნივთი, მაგალითად, ორი განსხვავებული ფერის ჭიქა, იძლევა შესაძლებლობას, რომ ისინი დოქის თავსახურის ფუნქციით გამოვიყენოთ და ამ გზით ფერებს შორის სასურველი კონტრასტი შევქმნათ.

მსგავსი მიდგომა გამოიყენეს კედლის საათის დიზაინზე მუშაობის პროცესშიც. საათს სამი დამოუკიდებელი წრე აქვს, თითოეული წრე დღის განმავლობაში ბრუნავს და განსხვავებულ კონტრასტებს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ Raw Color სტუდია 2008 წელს შეიქმნა, როდესაც მისმა დამფუძნებლებმა, ter Haar-მა და Brach-მა Eindhoven-ის აკადემიაში სწავლა დაასრულეს. ამ პერიოდიდან მათი სამუშაო მოიცავს ფერებზე მუშაობას განსხვავებულ ტექნოლოგიებისა და შთამბეჭდავი კომბინაციების შექმნით. მათი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო 2016 წლის ლონდონის დიზაინის ფესტივალზეც.

დღეს Tesammans-ის კოლექცია არის მტკიცებულება იმისა, რომ სრულიად განსხვავებულმა ფერებმა შეიძლება ძალიან დახვეწილი ეფექტები შექმნან, ასე რომ თამამი ფერების გამოყენებას არ უნდა ვერიდოთ.

აღსანიშნავია, რომ გარდა ჭურჭლისა და სანათებისა, კოლექცია მოიცავს ტექსტილების ფართო არჩევანსაც. პროექტის ავტორების თანახმად, მიუხედავად მათი ფერების სიყვარულისა, ამდენ სხვადასხვა ელფერთან მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ერთი და იგივე ფერი განსხვავებულად გამოიყურება სხვადასხვა მასალაზე და დღის სხვადასხვა მონაკვეთში.

ამჟამად Tesammans-ის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე IKEA+ ის საგამოფენო ნაწილშია წარმოდგენილი კომპანიის პირველი მხატვრის, ენი ლეიბოვიცის მიერ გადაღებულ ფოტო სერიებთან ერთად. IKEA+ პარიზში 29 თებერვლიდან 3 მარტამდე გასტანს, ხოლო 2024 წლის აპრილიდან ნივთების შეძენა IKEA-ს ოფიციალურ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

ეზოს შემოღობვა — რომელია ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი?

6 გადამზიდი კომპანია საქართველოდან, რომლებიც ნივთების გადატანაში დაგეხმარებათ