in

რა არის რემონტის საავტორო ზედამხედველობა და რაში გვჭირდება მსგავსი მომსახურება?

რატომ არის საჭირო რემონტის მიმდინარეობის საავტორო ზედამხედველობა და რამდენად მნიშვნელოვანია ის?

ბინის რემონტი, როგორც წესი, შეცდომებთან, დროისა და ფულის დანაკარგებთანაა დაკავშირებული. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს პროცესი თქვენთვის უცხო აღარაა, არაპროფესიონალისთვის ყველა წვრილმანის გათვალისწინება რთულია. დღეს  დიზაინ-პროექტები სულ უფრო ტრენდული ხდება, თუმცა საავტორო ზედამხედველობა, რომელიც პროექტის ხარისხზე პირდაპირ მოქმედებს, ჯერ კიდევ არაპოპულარულია.

არქიტექტორის (დიზაინერის) საავტორო ზედამხედველობა ჩაფიქრებული პროექტისა და მიღებული შედეგის მაქსიმალური თანხვედრის, მასალების ხარისხისა და დანახარჯების შემცირების გარანტიაა.

რემონტის დროს ბევრი კითხვა იბადება, პასუხები კი მხოლოდ პროექტის ავტორს აქვს. სამწუხაროდ, ხშირად მშენებელს შეუძლია დამკვეთს საკუთარი ხედვა (რომელიც როგორც წესი, საქმის გამარტივებას ემსახურება) მოახვიოს თავს, წუნის შემთხვევაში კი პასუხისმგებელი არავინაა. სწორედ ამიტომ, დიზაინერისა და/ან არქიტექტორის ობიექტზე ჩართულობა ბევრ საჩოთირო მომენტს აგვარიდებს. მას მშენებლობის მიმდინარეობისას, უკეთესი შედეგის სასარგებლოდ, ცვლილებების შეტანა შეუძლია.

დიზაინერის ზედამხედველობა მშენებლების წვრილმანი და სერიოზული შეცდომებისგან გვაზღვევს, როგორიცაა მაგალითად, დენცქვიტებისა და ჩამრთველების არასწორ ადგილზე განთავსება, შპალერის სურათის თავდაყირა გაკვრა, არასწორი მასალების შეძენა და ა.შ. იმისთვის, რომ სამუშაო გადასაკეთებელი არ გახდეს, დიზაინერი მასალების, ნახაზებისა და პროექტში გაწერილი გათვლების შესაბამისობას ამოწმებს.

დიზაინერი ან არქიტექტორი, რომელიც საავტორო ზედამხედველობას ახორციელებს, პირველ რიგში, პროექტში გაწერილ უსაფრთხოებისა და ტექნიკური მოთხოვნების წესებს იცავს. ასეთი მიდგომა პროექტის შესრულების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

პროფესიონალების ჩართულობის გარეშე ნებისმიერი კარგი იდეა შესაძლებელია წარუმატებელი გამოდგეს. ზოგჯერ, თითქოსდა წვრილმანების დონეზე გათვლილი პროექტიც კი არასასიამოვნო სიურპრიზებს გვიმზადებს, რომელთა წინასწარ გათვლა შეუძლებელია, ესენია:

  • ახალი კანონების მიღება;
  • ფასების ნახტომისებრი ზრდა;
  • ბუნებრივი ცვლილებები;
  • შემსრულებლების არაკეთილსინდისიერება;

საავტორო ზედამხედველობა მომსახურებაა, რომლითაც ჩამოთვლილი რისკების მინიმიზაციაა შესაძლებელი, რაც საბოლოოდ დამკვეთის დროსა და ფულს დაზოგავს.

პროექტის რეალიზაციისას შესაძლებელია თავი სირთულეებმა იჩინოს, რომლებიც მოლაპარაკებული პირობების დარღვევასთანაა დაკავშირებული. საავტორო ზედამხედველობის მიზანი რემონტის ყოველი ტიპის, ხარისხისა და ვადების კონტროლია.

საავტორო ზედამხედველობაში შედის:

  • ობიექტის სისტემატური მონახულება და დამკვეთის სამუშაოების შესახებ ინფორმირება;
  • ობიექტის დათვალიერება და საავტორო ზედამხედველობის დოკუმენტაციის მომზადება;
  • უკეთესი შედეგის მისაღწევად კორექტირების შეტანა;
  • შემსრულებლის სამუშაოების კონტროლი და ვადების დაცვა;
  • ზედამხედველობა და შესაბამისი აქტების შექმნა კომუნიკაციების, ვენტილაციის, არმირებისა და ა.შ. გაყვანაზე.
  • სამუშაოების ამსახველი ფოტო მასალის წარმოება.

დამკვეთთან მოლაპარაკებული ყოველი პუნქტი ფორმების, ვადების, ღირებულების და ა.შ. შესახებ ხელშეკრულებაშია გაწერილი. ზედამხედველი შესაძლებელია ობიექტს სისტემატიურად სტუმრობდეს ან ხელშეკრულების თანახმად შესრულებულ სამუშაოებს ეტაპობრივად იბარებდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ის დამკვეთთან მუდმივ კონტაქტშია და რემონტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხობს.

რა ღირს საავტორო ზედამხედველობა

მომსახურების საფასური ინდივიდუალურია და პროექტის სირთულესა და სამუშაოების ტიპზეა დამოკიდებული. ზედამხედველის მთლიანი ჩართულობის (მასალების შესყიდვა, ტექნიკის მობილიზება, დამკვეთთან ერთად სამშენებლო მაღაზიების ვიზიტი და ა.შ.) და ობიექტზე მუდმივი ყოფნის შემთხვევაში ეს მომსახურება რემონტის ღირებულებას ებმება და როგორც წესი, ღირებულების 10 პროცენტს შეადგენს.

ყველაზე ტრენდული პატარა კერამიკული ფილების დიდი არჩევანი ვიტრას შოურუმიდან

როგორ მოვაწყოთ კედლის თაროების სისტემა ინტერიერში – გზამკვლევი ყველა ოთახისთვის