in

რემონტის შეცდომები — კატია აბსანძის გამოცდილება

დღევანდელ სტატიაში კატია აბსანძის რჩევებს გაგაცნობთ. მისი სახლის ინტერიერს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა, რემონტის პროცესში მაინც წარმოიშვა გარკვეული სირთულეები. დღეს სწორედ მათ შესახებ გიამბობთ.

შეცდომა #1: პროფესიონალის უგულებელყოფა

კატია გვირჩევს, პროექტის გეგმარება და დიზაინი პროფესიონალებს მივანდოთ, რადგან ეს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია საქმეა. „პირველი შეცდომა, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი უშვებს, ისაა, რომ სივრცის დაგეგმარება, რემონტი თუ დიზაინი მარტივი ჰგონიათ. ხშირად გამიგონია ფრაზა: „ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი“, რაც ძალიან არაგონივრულია. ცხადია, ყველა ადამიანს თავისი გემოვნება და ხედვა აქვს, მაგრამ როცა საქმე ეხება სივრცეს, სადაც დროის უმეტესი ნაწილი უნდა გაატარო, პროფესიონალის ჩარევა აუცილებელია. მე, პირადად, სახლის გეგმარება და დიზაინი პროფესიონალს ვანდე. ალბათ, მეც გავართმევდი თავს, თუმცა, დიდი ალბათობით, არც ისე კარგად. ამიტომ ვფიქრობ, უმჯობესია, ეს საქმე კომპეტენტურ ადამიანს მიანდოთ, რათა ზუსტად თქვენზე მორგებული, მოხერხებული სივრცე მიიღოთ“, — აღნიშნავს კატია.

შეცდომა #2: არაკომპეტენტური სამშენებლო-სარემონტო კომპანია

კატია მიიჩნევს, რომ სარემონტო კომპანიის შერჩევისას თანხა არ უნდა დავზოგოთ. მართალია, პროფესიონალი გუნდის პოვნა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ღირს: „დრო ყველასათვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, კომპეტენტური მშენებლის წყალობით, დროს ისეთ რუტინულ საქმეებში აღარ დახარჯავთ, როგორიც, მაგალითად, მათი მუშაობის ყოველდღიური შემოწმებაა. მერწმუნეთ, ეს დიდ დროს დაგიზოგავთ“.

შეცდომა #3: ხელოვნური და არაეკოლოგიური მასალის შერჩევა

„მასალისა და ფაქტურის შერჩევისას შეცდომა არ უნდა დაუშვათ, რადგან საყვარელ ადამიანებთან ერთად ამ ადგილას დიდი დრო უნდა გაატაროთ. თითოეულ მასალას თავისი განწყობა აქვს, განსაკუთრებით – ხეს, რომელსაც დადებითი განწყობა შემოაქვს სახლში. ეცადეთ, ხელოვნური მასალის რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოთ და მეტი ბუნებრივი პროდუქტი გამოიყენოთ“, — გვირჩევს ჩვენი რესპონდენტი.

კატია აღნიშნავს, რომ სახლში დიდ როლს ასრულებს გამწვანებაც, რომელიც ბუნებრივ მასალას განსაკუთრებულად უხდება და მათი ერთიანობა ჯანსაღ გარემოს ქმნის.

შეცდომა #4: უხარისხო გაყვანილობა

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც არ ჩანს. მაგალითად, აუცილებელია, წყლისა და გათბობის ხარისხიანი მილები შევარჩიოთ. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, სანტექნიკაზე მუშაობა რემონტის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია, შესაბამისად, ამ ნაწილში შეცდომები დაუშვებელია.

შეცდომა #5: როზეტების არასაკმარისი რაოდენობა

კატია გვირჩევს, ოთახში მაქსიმალურად ბევრი ელექტროწერტილები გავითვალისწინოთ, რათა შემდგომ სადენებმა ინტერიერი არ დააუშნოოს.

„თუ ოთახში 2-3 როზეტის დამონტაჟებას აპირებთ, აუცილებლად ინანებთ, რადგან ინტერიერში მუდმივად უამრავი სადენი იქნება. სივრცის გეგმარების მსგავსად, შესაბამისი გეგმის ქონა აქაც აუცილებელია, რათა ზუსტად განსაზღვროთ, სად რამდენი როზეტი გჭირდებათ. განათება ინტერიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, ამიტომ სწორად შეარჩიეთ ნათურა, ჭაღი თუ კედლის სანათი, რათა მშვიდი და მყუდრო ატმოსფერო შექმნათ“, — აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ადგილობრივ პირობებთან იდეალურად მორგებული სახლი ინდოეთში

ბარი ეკლექტური დიზაინით თბილისში — „Material Editors“-ის ნამუშევარი