in

როგორ მოვაწყოთ საძინებელი “ჯაპანდის” სტილში – Homeis.ge გირჩევთ

ჯაპანდი” (Japan + Skandi) სკანდინავიური სტილისა და იაპონური მინიმალიზმის ტრენდული სინთეზი სულ ახლახანს გახდა აქტუალური, თუმცა  ევროპელების გულის დაპყრობა უკვე მოასწრო. ამ მიმდინარეობამ სკანდინავიური სტილის ჰაეროვნებისა და იაპონური დეკორის შერევით პირველს მეტი სითბო და სტუმართმოყვარეობა შემატება. ჯაპანდი  კომფორტისა და სიმშვიდის იდეალური ბალანსია, ამიტომაც ის  სახლის ყველაზე მშვიდ ოთახს – საძინებელს კარგად მოერგება. დღეს გვინდა რამდენიმე მარტივი რჩევა შემოგთავაზოთ, რაც საძინებელი ზონის ტრენდული, სკანდინავიურ-იაპონურ სტილით გაფორმებაში დაგეხმარებათ.

ნეიტრალური პალიტრა

თეთრი, რუხი, ბეჟი და მათი ელფერები ჯაპანდის სტილის ძირითადი ტონებია. აღნიშნული მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია ბუნებრივი ნეიტრალური პალიტრა, მაგრამ ის არ გამორიცხავს ასევე უფრო მუქი ფერების გამოყენებას, მთავარია არ მივიღოთ დრამატული კონტრასტი და არ დაირღვეს ოთახის მშვიდი ატმოსფერო.

ბუნებრივი ელემენტები

სკანდინავიელებიც და იაპონელებიც ბუნების დიდი მოტრფიალეები არიან და სახლის დეკორის შევსებას მუდამ ბუნებრივი მასალებით ცდილობენ. ასე რომ, ჯაპანდი ამ მომენტს დიდ ყურადღებას უთმობს. ბუნებრივი მიწისფერი გამებისა და ნატურალური ხის გარდა,  საძინებლის ინტერიერში სავსებით მისაღებია დაწნული ნაკეთობები, კალათები, ქოთნები და ჯუთის ხალიჩები, სანათები და რა თქმა უნდა, მცენარეები.

მინიმალიზმი

ჯაპანდის სტილს, იაპონური ტრადიციებიდან მთავარ მემკვიდრეობად მინიმალიზმი ერგო. შესაბამისად, სკანდინავიურ-იაპონურ საძინებლებში აქტუალურია დევიზი „Less Is More“. აქ მხოლოდ აუცილებელი, ფუნქციური ნივთები და მინიმალური დეკორი გვხვდება.

ბუნებრივი განათების სიუხვე

იმის გათვალისწინებით, რომ ჯაპანდის სტილში მთავარი პალიტრა ნეიტრალურია, მისთვის დღის შუქის სიუხვეა დამახასიათებელი. ფანჯარა ასეთ საძინებლებში საკვანძო როლს ასრულებს. ის მაქსიმალურად ღიაა, ხოლო დეკორი მსუბუქი, ნახევრად გამჭვირვალე ფარდები ან იაპონურ სტილში შესრულებული დარაბებია (სასურველია ხის).

ჯაპანდის სტილის სახასიათო შტრიხი იაპონელებისგან მემკვიდრეობით მიღებული დაბალი ავეჯია. ასე რომ, საწოლი საძინებელში დაბალი და მარტივი დიზაინის უნდა იყოს (მაგალითად მომცრო ხის პლატფორმაზე საშუალო სიმაღლის მატრასი). არ დაგვავიწყდეს, რომ იაპონელებს ძველად იატაკზე ეძინათ და მხოლოდ მოგვიანებით დაიწყეს ლეიბის გამოყენება, რომელიც მხოლოდ ძილის დროს იშლება და დილით იკეცება.

სხვა ფერები

როგორც ზემოთ ითქვა, ჯაპანდის სტილის მიხედვით, საძინებელი ნეიტრალურ გამაში უნდა შესრულდეს, თუმცა დასაშვებია სხვა ფერების გამოყენებაც. მაგალითისთვის საწოლის გადასაფარებლად მუქი ლურჯი ან გრაფიტისფერი შეიძლება გამოვიყენოთ. ღია ფერის კედლებისა და იატაკის გამო ოთახი  მუქად და მოქუფრულად არ აღიქმება.

უბრალოება

„Less Is More“ პრინციპის შესაბამისად, ჯაპანდის საძინებელში მხოლოდ აუცილებელი ნივთები უნდა იყოს. ავეჯი მაქსიმალურად სადა, ლაკონური, მარტივი ფორმებითა და ნატურალური მასალებისგან დამზადებული (ძირითადად ნათელი ფერის ნატურალური ხისგან).

გაბარიტული ავეჯი

მიუხედავად იმისა, რომ ჯაპანდისთვის სისადავე და მინიმალიზმია სახასიათო, აქ ნათელი ფერის ხის დიდი გაბარიტის ავეჯმაც შეიძლება თავისი ადგილი მონახოს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს უბრალო წიგნის თარო მაქსიმალურად ლაკონური ფორმებითა და ზედმეტი დეკორის გარეშე.

 

 

ნიქოზის ხელოვნების სასახლის არქიტექტურული კონკურსის შედეგები ცნობილია!

30 კვ/მ ბინა 2 შვილიანი ოჯახისთვის – პატარა სივრცის ოპტიმალური დაგეგმარება