დღეს, როდესაც დიზაინი სულ უფრო მეტად სცდება მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკის ჩარჩოებს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კითხვა — რა გავლენას ახდენს გარემო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე? როგორ შეიძლება სივრცემ, ობიექტმა თუ ერთმა, თითქოს უმნიშვნელო დეტალმა, განსაზღვროს ჩვენი განწყობა, ქცევა და კომფორტის განცდა?
სწორედ ამ საკითხებზე ფიქრით აყალიბებს საკუთარ პროფესიულ ხედვას ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინერი ნინი ათანელიშვილი. მისთვის დიზაინი იწყება არა ფორმით ან სტილით, არამედ ადამიანით — მისი ჩვევებით, საჭიროებებითა და იმ გამოცდილებით, რომელსაც კონკრეტული სივრცე ან ობიექტი ქმნის. ამ მიდგომას თან ახლავს მუდმივი ძიება, ექსპერიმენტი და ინტერესი იმის მიმართ, თუ როგორ შეიძლება ტრადიციული იდეების თანამედროვე ენაზე გადმოთარგმნა.
ინტერვიუში ნინი ათანელიშვილი გვიამბობს საკუთარი პროფესიული გზის, შთაგონების წყაროების, ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინის მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ. ასევე გვიზიარებს ისტორიას სანათების კოლექციის შექმნის შესახებ, რომელიც ქართული ტრადიციული ობიექტის თანამედროვე ინტერპრეტაციიდან დაიბადა და შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე მის დიზაინერულ ხელწერას საკმაოდ კარგად გამოხატავს.

ნინი, გვიამბეთ თქვენ შესახებ – როდის და როგორ დაინტერესდით დიზაინით და რა გახდა თქვენი პროფესიული არჩევანის მთავარი მიზეზი?
ბავშვობიდან ყოველთვის მქონდა კავშირი ხელოვნებასთან, მიზიდავდა სივრცეების მოწყობა, ფორმებთან, ფერებთან და სხვადასხვა კომპოზიციებთან მუშაობა. ვაკვირდებოდი, როგორ მოქმედებს სივრცე ადამიანზე, რატომ ვგრძნობთ გარკვეულ სივრცეში თავს კომფორტულად ან პირიქით – დისკომფორტს. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ დიზაინი მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკა არ არის, ის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, ემოციებსა და კომფორტს პირდაპირ უკავშირდება.
სწორედ ამან განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანიც. მომწონს იდეა, რომ დიზაინის საშუალებით შესაძლებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ერთდროულად ფუნქციურიც არის და ემოციურიც. ჩემთვის საინტერესოა არა მხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურება სივრცე, არამედ ისიც, თუ როგორ გრძნობს თავს ადამიანი ამ სივრცეში.
ამ ინტერესმა საბოლოოდ მიმიყვანა ინტერიერის დიზაინის შესწავლამდე. დღესაც სწორედ ეს იდეა მაძლევს ყველაზე დიდ მოტივაციას – შესაძლებლობა, თითოეულ პროექტს საკუთარი ხასიათი, ისტორია და იდეა ჰქონდეს და მაქსიმალურად იყოს მორგებული კონკრეტული იმ ადამიანის საჭიროებებზე, ვისთვისაც ის იქმნება.
როგორ დაიწყო თქვენი კარიერული გზა დიზაინის სფეროში – მოგვიყევით თქვენი პირველი ნაბიჯების შესახებ ამ მიმართულებით.
ჩემი პროფესიული გზა უნივერსიტეტიდანვე დაიწყო. სწავლის პერიოდში მქონდა შესაძლებლობა, სხვადასხვა ტიპის პროექტებზე მემუშავა, რამაც დიზაინის მრავალმხრივი შესაძლებლობა დამანახა. თავიდან განსაკუთრებით მაინტერესებდა სივრცის დაგეგმარება და ვიზუალიზაცია, თუმცა დროთა განმავლობაში პროდუქტის დიზაინმაც მიმიზიდა.
ჩემთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო გამოფენებში მონაწილეობა, სადაც საკუთარი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობა მომეცა. ასეთმა გამოცდილებამ დამანახა, როგორ გადაიქცევა იდეა რეალურ ობიექტად და რამდენად მნიშვნელოვანია კონცეფციის ბოლომდე განვითარება.
პარალელურად, აქტიურად ვმუშაობდი 3D ვიზუალიზაციებზე და სხვადასხვა დიზაინერულ ექსპერიმენტზე. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. მიმაჩნია, რომ დიზაინში განვითარება არასდროს სრულდება, ყოველთვის ჩნდება ახალი იდეები, ტექნოლოგიები და გამოწვევები, რომლებიც გვიბიძგებს, მუდმივად ახალი კუთხით ვიფიქროთ. სწორედ ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია მუდმივი ძიება, სწავლა, ექსპერიმენტები და ისეთი პროექტების შექმნა, რომლებიც შესაძლებლობას მაძლევს, საკუთარი ხედვა კიდევ უფრო განვავითარო.

რა არის თქვენი მთავარი შთაგონების წყარო დიზაინის შექმნის პროცესში და როგორ გარდაქმნით ამ შთაგონებას საბოლოო კონცეფციად?
ჩემი მთავარი შთაგონების წყარო სხვადასხვა დიზაინერული და არქიტექტურული ნამუშევრების გაცნობაა. განსაკუთრებით მიზიდავს არასტანდარტული, თამამი და არაშაბლონური გადაწყვეტილებები. ხშირად, როდესაც საინტერესო სივრცეს, ობიექტს ან დეტალს ვხედავ, მიჩნდება სურვილი, თავადაც შევქმნა რაღაც ახალი.
ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ რატომ მუშაობს კონკრეტული იდეა, რა ემოციას ქმნის და როგორ შეიძლება მისი ახალ კონტექსტში გადატანა. შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ფორმა, მასალა, განათება ან უბრალოდ სივრცის ატმოსფერო.
თუმცა, საბოლოო დიზაინის შექმნისას ყოველთვის პირველ ადგილზე დგას ადამიანი, ვისთვისაც ეს სივრცე ან ობიექტი იქმნება. სწორედ ამიტომ, კარგი დიზაინი ჩემთვის არის დიზაინერის ხედვისა და მომხმარებლის საჭიროებების ბუნებრივი შერწყმა.
შესაბამისად, ჩემი სამუშაო პროცესი ყოველთვის იწყება შთაგონებით, მაგრამ სრულდება კონკრეტული ადამიანისთვის შექმნილი, გააზრებული და ფუნქციური კონცეფციით.

რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინში მასალების, ტექსტურისა და ფერის არჩევას და როგორ ახერხებთ მათ შორის ბალანსის დაცვას როგორც ესთეტიკური, ისე ფუნქციური თვალსაზრისით?
მასალების, ტექსტურებისა და ფერების შერჩევა დიზაინის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან სწორედ ისინი ქმნის სივრცის ხასიათს, ატმოსფეროსა და ემოციურ აღქმას. ხშირად, როდესაც ახალ პროექტზე ვიწყებ მუშაობას, პირველ რიგში, წარმომიდგენია ის განწყობა, რომელიც სივრცემ უნდა შექმნას. ამ ეტაპზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფერები, მასალები და მათი ერთმანეთთან ურთიერთობა.
თუმცა, ჩემთვის კარგი დიზაინი მხოლოდ ვიზუალურ ეფექტზე არ დგას. მას შემდეგ, რაც კონცეფცია და საერთო განწყობა ყალიბდება, იწყება იმ მასალებისა და დეტალების შერჩევა, რომლებიც ამ იდეას პრაქტიკულადაც გაამართლებს. ესთეტიკა და ფუნქციურობა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. დღეს მასალების არჩევანი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირ შემთხვევაში, აღარ გვიწევს ვიზუალსა და პრაქტიკულობას შორის მკაცრი არჩევანის გაკეთება. თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, სასურველი ესთეტიკა შევინარჩუნოთ და ამავდროულად მივიღოთ გამძლე, პრაქტიკული და ყოველდღიური გამოყენებისთვის კომფორტული გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ კარგი დიზაინი არა კომპრომისზე, არამედ სწორ ბალანსზე დგას.
მასალა შეიძლება ვიზუალურად ძალიან მიმზიდველი იყოს, მაგრამ თუ ის კონკრეტული სივრცის ყოველდღიურ გამოყენებას ვერ პასუხობს, საბოლოოდ, წარმატებულ გადაწყვეტილებად ვერ ჩაითვლება. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, არჩეული მასალები არა მხოლოდ სასურველ ვიზუალურ ეფექტს ქმნიდეს, არამედ გამძლეობის, მოვლის სიმარტივისა და გამოყენების კომფორტის თვალსაზრისითაც სწორი არჩევანი იყოს.
იგივე ეხება ფერსა და ტექსტურასაც. მათი მიზანი მხოლოდ დეკორატიული ეფექტის შექმნა არ არის. მათ შეუძლიათ სივრცე უფრო მშვიდი, თბილი, მსუბუქი ან ენერგიული გახადონ და მნიშვნელოვნად იმოქმედონ იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი გარემოს.
საბოლოოდ, წარმატებული დიზაინი მაშინ იქმნება, როდესაც ვიზუალური მხარე და ფუნქციური მოთხოვნები ერთმანეთთან ბუნებრივ ბალანსში მოდის და არც ერთი მათგანი მეორეს არ ეწირება.

როგორ ხედავთ დღეს ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინის განვითარებას საქართველოში – რა ეტაპზეა ეს სფერო და რა პოტენციალი აქვს მომავალში?
ვფიქრობ, ბოლო წლებში საქართველოში ინტერიერის დიზაინის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე დიზაინი ხშირად მხოლოდ ვიზუალურ მხარესთან ასოცირდებოდა, დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ სწორად დაგეგმილი სივრცე პირდაპირ გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე.
გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ყოველდღიურად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, ენერგიაზე, პროდუქტიულობასა და ზოგად კეთილდღეობაზე. მნიშვნელობა აქვს ყველაფერს: ფერებს, განათებას, მასალებს, სივრცის ორგანიზებასა და ფუნქციურობას. როდესაც ინტერიერი ადამიანის ცხოვრების წესზეა მორგებული, ყოველდღიური პროცესებიც უფრო მარტივი და ბუნებრივი ხდება. კარგი დიზაინი მხოლოდ ესთეტიკა არ არის, ის ადამიანსა და სივრცეს შორის სწორი ურთიერთობის შექმნაა.
ბოლო პერიოდში გაიზარდა დიზაინერის პროფესიის მიმართ ინტერესი. ადამიანები უფრო ხშირად მიმართავენ სპეციალისტს და ცდილობენ, საკუთარი სივრცის შექმნის პროცესი გააზრებულად დაგეგმონ. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შეხედულება, რომ დიზაინერი მხოლოდ დეკორატიული გადაწყვეტილებების მისაღებად არის საჭირო. რეალურად კი დიზაინი გაცილებით ფართო პროცესია, რომელიც მოიცავს კვლევას, დაგეგმარებას, ფუნქციურ ანალიზს, ტექნიკურ დეტალებზე მუშაობასა და სხვადასხვა იდეის ერთიან კონცეფციად ჩამოყალიბებას.
რაც შეეხება პროდუქტის დიზაინს, ეს სფერო საქართველოში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტი დიზაინერი ინტერესდება ამ მიმართულებით და საკუთარი პროდუქტის შექმნას ცდილობს, საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა და ცნობიერება ჯერ კიდევ შეზღუდულია.
თუმცა, პოზიტიური ცვლილებები უკვე შესამჩნევია. ჩნდება ახალი ინიციატივები, გამოფენები და პლატფორმები, რომლებიც ქართველ დიზაინერებს საკუთარი ნამუშევრების წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ მიმაჩნია, რომ პროდუქტის დიზაინი დღეს განვითარების საწყის ეტაპზეა, თუმცა ნელ-ნელა უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ამ სფეროთი. იმედი მაქვს, მომავალში საზოგადოების მხრიდანაც გაიზრდება ადგილობრივი დიზაინის მიმართ ინტერესი და დაფასება, რაც ამ მიმართულების ბუნებრივ განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს დიზაინერს თანამედროვე ყოველდღიურობაში ესთეტიკისა და ფუნქციის, ადამიანის ქცევასა და გარემოს აღქმაზე გავლენის თვალსაზრისით?
დიზაინერის როლი ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ლამაზი სივრცეების ან ობიექტების შექმნა. დიზაინერი ქმნის გარემოს, რომელშიც ადამიანები ყოველდღიურად ცხოვრობენ, მუშაობენ, ისვენებენ და ურთიერთობენ, ამიტომ მისი გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება ადამიანის გამოცდილებასა და კეთილდღეობაზე.
სივრცე მუდმივად მოქმედებს ჩვენს ემოციებზე, ქცევასა და განწყობაზე, ხშირად ისე, რომ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. კარგად ორგანიზებული და ჰარმონიული გარემო ადამიანს კომფორტისა და სიმშვიდის განცდას აძლევს, ხოლო ცუდად დაგეგმილმა სივრცემ, შესაძლოა, ყოველდღიური დისკომფორტი გამოიწვიოს.
ჩემთვის წარმატებული დიზაინი არის ესთეტიკისა და ფუნქციურობის ბუნებრივი შერწყმა. სივრცე არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ ადამიანის რეალურ საჭიროებებზე მორგებულიც უნდა იყოს.
ამავდროულად, მიმაჩნია, რომ თანამედროვე დიზაინი უფრო მოქნილი და ადაპტირებადი უნდა იყოს. ადამიანების ცხოვრება და საჭიროებები დროთა განმავლობაში იცვლება, ამიტომ საინტერესოა ისეთი გარემოს შექმნა, რომელსაც შეუძლია ამ ცვლილებებს მოერგოს და მომხმარებელთან ერთად განვითარდეს.
სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დიზაინი მხოლოდ ვიზუალური შედეგი არ არის, ის ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
გვიამბეთ თქვენი სანათების კოლექციის შესახებ – საიდან გაჩნდა შთაგონება და რა კონცეფცია შეიმუშავეთ საკუთარი სათქმელის გადმოსაცემად?
ჩემი სანათების სერიის ისტორია უნივერსიტეტის მეოთხე კურსიდან იწყება. ერთ-ერთი საგნის – „პროდუქტის დიზაინის“ ფარგლებში, ლექტორმა ნანა ზაალიშვილმა მოგვცა დავალება, რომლის მიზანიც ქართული ტრადიციული ობიექტის თანამედროვე ინტერპრეტაცია იყო.
ჩემ შემთხვევაში შთაგონების წყაროდ იქცა „ტაბლა“ – ტრადიციული ქართული დაბალი ხის მაგიდა, რომელსაც ტრადიციულ ქართულ ყოფაში იყენებდნენ. განსაკუთრებით დამაინტერესა მისმა მარტივმა კონსტრუქციამ: წრიულმა ზედაპირმა და სამმა მარტივმა საყრდენმა ფეხმა. ჩემთვის საინტერესო იყო “ტაბლა”-ს ფორმის სიმარტივე, თუმცა გამოყენების მრავალფეროვნება. სწორედ ამ იდეას ჩავეჭიდე და დავიწყე მისი თანამედროვე ფორმებში გადათამაშება.

პირველი ობიექტი მაგიდის სანათი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ერთჯერადი პროექტი მთლიან სერიად გადაიქცა. მოგვიანებით, ჩემი სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში, რომლის მთავარი თემა ადაპტირებადი და ტრანსფორმირებადი საცხოვრებელი სივრცე იყო, გადავწყვიტე, შემექმნა ობიექტი, რომელიც ამავე იდეას გააგრძელებდა.
ასე შეიქმნა ადაპტირებადი იატაკის სანათი. ობიექტი შედგება სამი ვერტიკალური მეტალის ფირფიტისა და ორი დისკისგან. ზედა დისკი სხვადასხვა სიმაღლეზე გადაადგილდება და ფიქსირდება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეცვალოს როგორც განათების პოზიცია, ასევე ობიექტის ვიზუალური ხასიათი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სანათი არ ყოფილიყო სტატიკური ნივთი, არამედ მომხმარებელთან ერთად გარდაქმნილიყო და სივრცის სხვადასხვა საჭიროებას მორგებოდა.
მოგვიანებით ადაპტირებადი სანათი Georgian Objects-ის მიერ ორგანიზებული გამოფენისთვის შეირჩა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და ერთგვარი პროფესიული აღიარება იყო. სწორედ ამ შესაძლებლობამ მიბიძგა სერიის შემდგომი განვითარებისკენ.
გამოფენისთვის შევქმენი კიდევ ერთი ობიექტი მაგიდა-სანათი, რომელიც იმავე დიზაინერულ ენას აგრძელებს, თუმცა განსხვავებულ ფუნქციას იძენს. ერთდროულად საწოლის გვერდზე გასადგამ ტუმბოსა და ამავდროულად სანათის ფუნქციასაც ასრულებს. ამგვარად, თავდაპირველად შექმნილი ერთეული ობიექტი ეტაპობრივად სრულფასოვან სერიად ჩამოყალიბდა, სადაც თითოეული ნამუშევარი საერთო იდეას ინარჩუნებს, მაგრამ საკუთარ დანიშნულებასა და ხასიათს ატარებს.
დღეს ამ სერიას ერთი იდეა აერთიანებს – როგორ შეიძლება ერთი მარტივი ფორმა სხვადასხვა ობიექტად გარდაიქმნას, შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა და ამავდროულად სხვადასხვა ფუნქცია შეიძინოს. სწორედ ამის შედეგად ჩამოყალიბდა ჩემი სანათების კოლექცია, რომელიც ტრადიციული ქართული ობიექტის თანამედროვე ინტერპრეტაციასა და ადაპტირებად მრავალფუნქციურ დიზაინს აერთიანებს.

დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა დიზაინერებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარი სტილისა და პროფესიული მიმართულების ძიებას?
ვურჩევდი, არ იჩქარონ საკუთარი სტილის პოვნა. ეს არის პროცესი, რომელიც დროთა განმავლობაში ყალიბდება და გამოცდილებასთან ერთად ბუნებრივად მოდის.
როდესაც დიზაინს სწავლობ ან კარიერას იწყებ, ხშირად გგონია, რომ უკვე უნდა იცოდე ზუსტად ვინ ხარ, რა მიმართულებით გინდა წასვლა და როგორი ხელწერა უნდა გქონდეს. რეალურად კი სწორედ ძიება, ექსპერიმენტები და სხვადასხვა მიმართულების მოსინჯვა არის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ჩემთვისაც ბევრი რამ დროთა განმავლობაში შეიცვალა და დღემდე იცვლება. ინტერესები, იდეები და ხედვები მუდმივად ვითარდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობის შენარჩუნება, ახალი გამოცდილებების მიღება და არ უნდა გვეშინოდეს, რომ დღეს შეიძლება რაღაც მოგწონდეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი სრულიად სხვა მიმართულებამ დაგაინტერესოს.
ასევე ვურჩევდი, რაც შეიძლება ბევრი დაათვალიერონ, იკვლიონ და დააკვირდნენ როგორც დიზაინს, ისე არქიტექტურას, ხელოვნებასა და ყოველდღიურ გარემოს. ხშირად ყველაზე საინტერესო იდეები სწორედ დაკვირვებიდან იბადება.
დაბოლოს, არ შეგეშინდეთ საკუთარი აზრისა და განსხვავებული ხედვის. ტექნიკური ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რაც დიზაინერს გამორჩეულს ხდის, მისი ინდივიდუალური ხედვა და სამყაროს აღქმის უნარია. სწორედ ეს არის ის, რაც დროთა განმავლობაში ნამდვილ პროფესიულ ხელწერად ყალიბდება.







