in

ბეტონი ინტერიერში — Homeis.ge-ს 10 რჩეული პროექტი საქართველოდან

თანამედროვე ინტერიერში ბეტონის ელემენტებს მრავლად ვხვდებით — იატაკზე, ჭერზე, კედელსა თუ სხვადასხვა დეკორაციაში. ბეტონი ხშირად გამოიყენება მინიმალისტური, ინდუსტრიული დიზაინის შესაქმნელად და სივრცეს დახვეწილ, მრავალფეროვან  იერს სძენს. ამავდროულად, ის ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მასალაა, რომელიც ჯანსაღ გარემოს განაპირობებს. ბეტონი გამძლეობითა და სიმტკიცითაც ხასიათდება და ხანგრძლივად ინარჩუნებს პირველად სახეს.

დღევანდელ სტატიაში Homeis.ge გიზიარებთ რჩეულ პროექტებს საქართველოდან, რომლებშიც ბეტონი განსაკუთრებულ როლს ასრულებს.

1. ბინა თბილისში 

დეა მამაიაშვილის პროექტში ბეტონის საინტერესო გადაწყვეტა გვხვდება. დიზაინერის თქმით, თავდაპირველად ბეტონის მზიდი კედელი გარკვეულ დაბრკოლებას ქმნიდა, შემდგომ კი ის შთაგონების წყაროდ იქცა და ბინის სტილისტიკა განსაზღვრა. ბეტონის ფრაგმენტები კონტრასტულად ეხამება აგურისფერს, რაც ინტერიერს მიმზიდველობას სძენს, განათება კი ამ ორ ელემენტს მომხიბვლელობას მატებს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

2. მყუდრო ბინა ბეტონის ელემენტებით

მარიამ ძამაშვილის ნამუშევარში ბეტონის დეტალები ცენტრალურ ადგილს იკავებს. კედელსა და ჭერზე არსებული ბეტონი იდეალურად ერწყმის 3D დეკორატიულ კედელს, ბუნებრივი ხის იატაკსა და დახვეწილი დიზაინის ავეჯს. ბუნებრივი მასალების გამოყენებით სახლს სახასიათო და საინტერესო იერსახე ეძლევა და ჯანსაღი გარემო იქმნება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

3. „ბინა 96“  

ამ ინტერიერის განსაკუთრებული ელემენტი ბეტონის კიბეა, რომელიც მაცხოვრებლის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა სივრცეში და  წითელი მოაჯირები დაემატა, რამაც ბინას ორიგინალური და ავთენტური სახე შესძინა. სწორედ ბეტონის დეტალის დამსახურებით იქცა ბინა ესთეტიკურად უფრო მიმზიდველი და სახასიათო.

იხილეთ პროექტი დეტალურად

4. ინტერიერი კრწანისში

სტუდია „WOM“-ის ნამუშევარში ბეტონი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. პროექტი ხისა და ბეტონის საინტერესო სინთეზით გამოირჩევა და მასში ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო იქმნება. სახლში განსაკუთრებული ადგილია გაერთიანებული მისაღები და სასადილო ზონა, სადაც იატაკზე, ჭერსა და კედლებზე არსებული ბეტონი მასიური ხის მასალითა და დახვეწილი ავეჯითაა დაბალანსებული.

იხილეთ პროექტი დეტალურად

5. „ეგაძეების სახლი“ კიკეთში

ინტერიერის დიზაინ პროექტი, რომელიც მნახველის აღფრთოვანებას იწვევს, დიზაინერ რუსა თუმანიშვილს ეკუთვნის. სივრცე ბუნებრივი მასალებითაა მოწყობილი, იატაკზე და კოლონებზე ბეტონია გამოყენებული, კედლები კი დეკორატიული ფითხითაა დამუშავებული. აღნიშნულ პროექტში ბეტონი დომინანტურ როლს თამაშობს, თუმცა მწვანე ტონით, ფერადი დეტალებითა და ხის ავეჯით სივრცეში თბილი და სასიამოვნო ატმოსფერო იქმნება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

6. დუპლექსი ქობულეთის ქუჩაზე

ლალი შაშიაშვილის ნამუშევარში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს თეთრი კედლები, ბეტონის ჭერი, იატაკი, შუშის დეტალები და ბუნებრივი გამწვანება, რაც საბოლოო ჯამში, ინტერიერს აცოცხლებს. ბეტონი აქტიურად გვხვდება სააბაზანო სივრცეშიც, რომელსაც ლურჯი და ცისფერი ფილები ანეიტრალებს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

7. ინდუსტრიული სტილით შთაგონებული სახლი წეროვანში

ინდუსტრიული სტილისთვის ხშირად დამახასიათებელია ბეტონის ელემენტები, რომლებიც ინტერიერს მინიმალისტურ, თანამედროვე და დახვეწილ დიზაინს სძენს. მოცემულ პროექტშიც კედლები და იატაკი ბეტონის მასალითაა დამუშავებული, რაც სივრცის ერთიანობას უზრუნველყოფს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

8. ბინა ჭავჭავაძეზე

ნინი ჯღამაძის ნამუშევარში ბეტონის კონსტრუქცია, ხის მასალა და მიმზიდველი დიზაინის ავეჯი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. ბინა სადა და ნეიტრალურია, რაც ღია ფერის კედლებით, ბუნებრივი ხის იატაკითა და ბეტონის ფაქტურით  მიიღწევა.

იხილეთ პროექტი დეტალურად  

9. სტუდიოს ტიპის ბინა ფერადი აქცენტებით

რუსა თუმანიშვილის ამ ნამუშევარშიც აქტიურად გვხვდება ბეტონი, რომელსაც თეთრი ფერი და ფერადი დეკორაცია განსაკუთრებით ალამაზებს. ვინაიდან ბეტონი უხეში, მძიმე მასალაა, ფერებთან კომბინაციით სივრცეს ნეიტრალური, სადა სახე ეძლევა და განსაკუთრებული ატმოსფერო მიიღება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

10. სახლი წავკისში

„Tria Group“-ის პროექტში სახლის ერთიანობასა და სრულყოფილ სახეს ბეტონის იატაკი განსაზღვრავს, რომელიც სახლს დასრულებულ იერს სძენს. შეიძლება ითქვას, რომ ბეტონი ინტერიერში მთავარ ესთეტიკას და  ხასიათს განაპირობებს, ხის ელემენტებს და დეკორაციას კი საცხოვრებელში სასიამოვნო განწყობა შეაქვს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ტყით გარშემორტყმული სახლი საფრანგეთში – Plan Común-ის პროექტი

5 ფერი, რომელიც 2024 წელს ინტერიერის დიზაინში მთავარი ტენდენცია იქნება