in

როზეტები და ჩამრთველები სამზარეულოში – როგორ დავგეგმოთ მათი განლაგება

იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ არასწორად დაგეგმარებული ელექტროობის სისტემით გამოწვეული პრობლემები, როზეტებისა და ჩამრთველების განლაგების სქემას ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ აღნიშნული დეტალების დაგეგმვა რემონტის ეტაპზე ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ, თუ რა გჭირდებათ თქვენი სახლის კონკრეტულ სივრცეში ამ მხრივ.

დღეს ვისაუბრებთ როზეტებისა და ჩამრთველების განლაგების სტანდარტზე სამზარეულოს ოთახებისთვის.

როგორ დავთვალოთ როზეტებისა და ჩამრთველების სასურველი რაოდენობა? 

ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ სამზარეულოს ტექნიკას. ელექტროობის დაგეგმარებაც სწორედ თქვენ მიერ შერჩეული სახოფაცხოვრებო ტექნიკის მიხედვით უნდა მოხდეს. ამ მხრივ სტანდარტულ ნივთებად ითვლება ქურა, მოსამზადებელი პანელი, ღუმელი, მაცივარი და გამწოვი. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ სამზარეულოში [როგორც მინიმუმ] უნდა გვხვდებოდეს აღნიშნული ტექნიკისთვის საჭირო ელექტროობის სისტემა.

თუმცა, ამას გარდა, არსებობს ე.წ. ოფციური ტექნიკა, რომელიც ასევე შეიძლება დაგჭირდეთ. ეს არის მიკროტალღური ღუმელი, ორთქლის ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ელექტრო ჩაიდანი, ყავის მანქანა, ტოსტერი, ჩაშენებული განათება და ა.შ.

ბუნებრივია, რემონტის პერიოდში შესაძლოა ზუსტად არ ვიცოდეთ რამდენად გვექნება ტოსტერი რამდენიმე წელიწადში, ამიტომ უმჯობესია, რამდენიმე ზედმეტი როზეტი წინასწარ დავამონტაჟოთ.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირი იქნება შემთხვევები, როდესაც რამდენიმე საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩართვა და გამოყენება ერთდროულად მოხდება. ასეთი ანგარიშით, ჯამში დაახლოებით 7-8 როზეტი მხოლოდ სამზარეულო გარნიტურისთვის დაგვჭირდება. ამას ემატება კიდევ რამდენიმე ცალი როზეტი სასაუზმო მაგიდასთან, რადგან ამ ადგილას შესაძლებელია ტელეფონისა და კომპიუტერის დამტენის შეერთება ან სანათის დადგმა დაგვჭირდეს.

როზეტებისა და ჩამრთველების რეკომენდირებული სიმაღლე

როზეტების დაყენების რეკომენდებული სიმაღლე ჩაშენებული ტექნიკისთვის 30-60 სმ-ია. ზოგიერთი მათ ავეჯის ცოკოლში ამაგრებს, იატაკიდან 5 სმ. სიმაღლეზე. არ შეიძლება როზეტების დაყენება უშუალოდ ჩაშენებული ტექნიკის უკან. გამწოვისთვის გათვალისწინებული როზეტი უმჯობესია 50-60 სმ. სიმაღლეზე, სამზარეულოს კარადის თავთან მოვათავსოთ. ის გამწოვის მილმა არ უნდა დაფაროს. სამზარეულო მაგიდის სამუშაო ზედაპირიდან როზეტის 10-30  სმ. სიმაღლეზე მოთავსებაა რეკომენდირებული.

ზოგჯერ სამზარეულოში დენცქვიტები მტვერსასრუტისთვისაცაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში მათი განთავსება იატაკიდან 30-40 სმ. სიმაღლეზე უნდა მოხდეს.

სამზარეულოს საერთო ჩამრთველი ზოგჯერ შემოსასვლელში გააქვთ, ის კარიდან 10-15 სმ. -ს დაშორებით 75-90 სმ. სიმაღლეზე უნდა მოთავსდეს.

 

როგორ გადავწყვიტო გასაქირავებელი ბინის ინტერიერი – ანანო კახიანის გიდი

ტური Big Sean-ის ბევერლი ჰილსის სახლში