in

გამორჩეული სააბაზანო სივრცეები საქართველოდან – 8 საინტერესო პროექტი

აბაზანა განსაკუთრებული ადგილია სახლის ინტერიერში. თანამედროვე დიზაინში მას გამორჩეული ყურადღება ეთმობა, რადგან ის ყველაზე უკეთ გამოხატავს ინტერიერის ესთეტიკას, სისუფთავეს, სისადავესა და მიმზიდველობას. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანს საკუთარ თავთან განმარტოების, ზრუნვისა და სხეულის მოვლის საშუალება ეძლევა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ის მყუდრო, კომფორტული და გარეგნულად თვალშისაცემი იყოს, რათა ინტიმურობისა და სიმშვიდის შეგრძნება არ დაიკარგოს. ზოგჯერ რთულია სახლის ამ ნაწილის ისე დაგეგმარება, რომ მაცხოვრებლისთვის ის ფუნქციურადაც პრაქტიკული გამოვიდეს და ვიზუალურადაც მიმზიდველად გამოიყურებოდეს. სწორედ ამიტომ, დღეს შეგიგროვეთ განსაკუთრებულად დახვეწილი და ელეგანტური აბაზანის ნიმუშები, რათა წარმოდგენა შეგექმნათ, თუ როგორ შეიძლება გარდაქმნათ ეს ადგილი თქვენთვის გამორჩეულ სივრცედ.

1. ბინა ჭავჭავაძეზე თანამედროვე ამერიკული კლასიკის სტილში

ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბინის ინტერიერზე დიზაინერმა და დეკორატორმა ნანა თავდუმაძემ იმუშავა. დამკვეთს სურდა სივრცეში მისი საყვარელი „წყლისფერი“ ტონალობა გამოყენებულიყო და აბაზანაში კარის გაღებისას, პირველ რიგში, ლამაზი სარკე და ხელსაბანი გამოჩენილიყო. მუშაობის პროცესში ყველაზე რთული სველი წერტილის სასურველი განლაგებით დაგეგმარება აღმოჩნდა, რადგან გაყვანილობა და სხვა მოთხოვნები იმის საშუალებას არ იძლეოდა, რომ კარის გაღებისას თავდაპირველად სარკე და ხელსაბანი გამოჩენილიყო. ამიტომ, დიზაინერს კედლისა და კარის გადატანა მოუწია, რამაც შესაძლებლობა მისცა კარგი ზომის საშხაპე და გრძელი, ელეგანტური ხელსაბანი განეთავსებინა, უნიტაზი კი კარის უკან დაემალა. სივრცეს განსაკუთრებულ და საინტერესო ატმოსფეროს ფოთლებიანი შპალერი, ელეგანტური მარმარილოს ზედაპირი, პლინტუსები, მოოქრული ელემენტები, საშხაპეს ორიგინალური სახელური და ძველებური სანათი სძენს. ეს ყოველივე ინტერიერს ელეგანტურ, მდიდრულ და გასაოცარ იერს ანიჭებს, რომლითაც ნებისმიერი მნახველი იხიბლება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

2. სახლი ლისზე – სალომე გულორდავას ნამუშევარი

საკმაოდ საინტერესო დიზაინის მქონე სახლში, სააბაზანოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. პროექტის ავტორი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სველი წერტილების გეგმარებასა და დიზაინს, სწორედ ამიტომ, ეს სივრცე მნახველის ყურადღებას მაშინვე იპყრობს და არასტანდარტული, ფუნქციური და მიმზიდველი ვიზუალით ხასიათდება. სველი წერტილები მეორე სართულზეა განთავსებული და სხვადასხვა ზონებადაა დაყოფილი: საშხაპე სივრცე, აბაზანის სივრცე, ხელსაბანი და პირადი სივრცე, რაც ერთიანობაში მოჰყავს დიდ კარადასა და მოსასვენებელ სკამს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელსაბანი ნიჟარები ძირითადად შესრულებულია ბუნებრივი ქვის გამოყენებით და შექმნილია ინდივიდუალური დიზაინით ამ კონკრეტული ადგილისათვის.

იხილეთ პროექტი დეტალურად

3. სახლი კაკლებში – ელეგანტური ინტერიერი თანამედროვე კლასიკის სტილში

სახლის ინტერიერი, რომელიც მნახველს პირველივე დანახვისას ხიბლავს, თანამედროვე კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. სივრცის განსაკუთრებულ ზონას საუცხოო ვინტაჟური სტილის აბაზანა წარმოადგენს, რომელიც შავ-თეთრ ტონებშია გადაწყვეტილი. სველი წერტილი საკმაოდ დიდი ზომისაა და სხვადასხვა ადგილებად იყოფა: საშხაპე, სააბაზანო და ჰიგიენური ზონა, რომლებიც ცოცხალი მცენარეებითა და საინტერესო დიზაინ ობიექტებითაა დამშვენებული. სააბაზანოს გაფორმება მცენარეებით, სახლის ზოგად ხასიათს იმეორებს და ერთიანობისა და ბუნებასთან სიახლოვის განცდას ქმნის, რაც ატმოსფეროს სიმშვიდის, მყუდროებისა და ინტიმურობის შეგრძნებით ავსებს. აბაზანა შეიძლება ითქვას, რომ მინიმალისტურია, თუმცა თითოეული დეტალი და აქსესუარი ისეა მასში ინტეგრირებული, რომ ძალიან ელეგანტურ და მდიდრულ ვიზუალს აყალიბებს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

4. ბინა ფრანგული ნოტებით ავლაბარში

ავლაბარში მდებარე ბინის ინტერიერი კომფორტული, მყუდრო და ჰაეროვანი დიზაინით ხასიათდება. სივრცეში დომინირებს თეთრი ფერი და საკმაოდ მკაფიოდ იგრძნობა ფრანგული ნოტები მოდერნისტული დეტალებითა და დახვეწილი აქსესუარებით. სისადავით ხასიათდება აბაზანის ინტერიერიც, რომელიც მიუხედავად პატარა სივრცისა, საკმაოდ ფუნქციურად არის ათვისებული და პრაქტიკულ და მყუდრო გარემოს ქმნის. ინტერიერი სადა და ნაზია, რასაც თეთრ და ნაცრისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი  კედლები უზრუნველყოფს. სააბაზანოს განსაკუთრებულ იერს ჭადრაკისებური შავ-თეთრი იატაკი ანიჭებს, რომელიც იდეალურად ერწყმის დანარჩენ სივრცეს. ხელსაბანს, სარკესა და მცენარეებს კი დახვეწილი შტრიხები შეაქვს ოთახში.

იხილეთ პროექტი დეტალურად

5. სახლი თამარ მეფის გამზირზე – ძველისა და ახლის საუცხოო სინთეზი

სახლის დიზაინზე თავად  მეპატრონემ, გოგიკო საყვარელიძემ იზრუნა. მან ძალიან პატარა ცვლილებები შეიტანა ინტერიერში, განაახლა სამზარეულო და სველი წერტილები, სხვა დანარჩენი კი თითქმის ხელუხლებელი დატოვა. სივრცის მთავარი ხიბლი ისაა, რომ მასში ძველისა და ახლის ჰარმონიული შერწყმა გვხვდება. აბაზანაც სწორედ ამ მახასიათებლით გამოირჩევა, რადგან ერთმანეთს შესანიშნავად ეხამება 30-იან წლებში აგებული სახლის ძველებური ინტერიერი და მოდერნისტული სტილი. ერთ მხარეს დატოვებული ძველი აგურის კედელი და მეორე მხარეს მინიმალისტური საშხაპე ფერადი იატაკით, ორიგინალურ და გემოვნებიან გარემოს ქმნის და მასში ყველასგან განსხვავებული, ინდივიდუალური აქცენტები შეაქვს. საბოლოო ჯამში, იქმნება საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელი სივრცე, რომელიც გადატვირთული არ არის ზედმეტი დეტალებით და სისადავით, სიმარტივით ხასიათდება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

6. ინდივიდუალური სტილით გამორჩეული ბინა ძველ თბილისში

ამაღლების ქუჩაზე მდებარე სახლი თავდაპირველად „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში იყო. სწორედ ამიტომ, სახლის მეპატრონეს, დიზაინერთან ერთად, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია და ყოველივე საკუთარი გემოვნების მიხედვით მოაწყო. ბინაში თითოეული ზონა და დეტალი ინდივიდუალურ ხასიათსა და გემოვნებას გამოხატავს. განსაკუთრებული მიმზიდველობით სააბაზანო გამოირჩევა, სადაც ორიგინალური ატმოსფერო ნამდვილად იგრძნობა და ბინის სხვა ოთახების მსგავსად, აქაც ხაზი ესმევა ხელოვნებისა და ესთეტიკისადმი გამორჩეულ დამოკიდებულებას. ოთახში არსებული ხის იატაკი და კარადა თბილ, დადებით განწყობას ქმნის და იდეალურად ინტეგრირდება ნაცრისფერ კედლებთან. თეთრი, მინიმალისტური აბაზანა კი, სასიამოვნო კონტრასტს წარმოშობს. განსაკუთრებულ ყურადღებას ორიგინალური დიზაინის სანათიანი სარკე იქცევს, რომელიც მწვანე ფერის მოზაიკისებრ ფილაზეა განთავსებული და ინტერიერში უცხო, ვინტაჟური და ელეგანტური შტრიხები შეაქვს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

7. ბინა ტაბიძის ქუჩაზე

ტაბიძის ქუჩაზე არსებული ბინა მინიმალისტური ინტერიერით ხასიათდება, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა სივრცულ გადაწყვეტასა და ბუნებრივი განათების მაქსიმალურ შემოდინებასა ენიჭება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, იქმნება ფუნქციური სივრცე, რომელიც სწორი გეგმარებით გამოირჩევა და ტრადიციული მიდგომის ახლებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. სახლში განსაკუთრებულ ადგილს აბაზანა იკავებს, რომელიც შესვლისთანავე ხიბლავს მნახველს და პოზიტიური დამოკიდებულებით განაწყობს მას. სააბაზანო მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, სადაც თეთრი და ღია ნაცრისფერი დომინირებს, კონტრასტის მისაღწევად კი, განსაკუთრებული შტრიხი ყვითელ ფერს შეაქვს ყვავილისა და კედლის ვიზუალის დახმარებით.  მნახველის გამორჩეულ ყურადღებას სწორედ ეს კედელი იპყრობს, რომელიც ოთახში თბილ, ინტიმურ და ესთეტიკურ ატმოსფეროს ქმნის და სასიამოვნო აურას განაპირობეს. ყოველივე ეს მაცხოვრებლებს თავს კომფორტულად და მყუდროდ აგრძნობინებს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

8. ბინა ნიკოლაძის ქუჩაზე

ბინა თანამედროვე, ღია და დახვეწილი ინტერიერით გამოირჩევა, სადაც მინიმალურ ავეჯსა და ნეიტრალურ ფერთა გამას ვხვდებით. სივრცის ძირითადი ფერები შავი, ნაცრისფერი და თეთრია, წამყვან მასალად კი გამოყენებულია მარმარილო, მუქი ფერის ხე და თეთრი MDF. სახლის სხვა ზონებთან ერთად, აბაზანაც თავისი სისადავით, დახვეწილობითა და ელეგანტურობით ხასიათდება. მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი შავ-თეთრი სივრცე, ნეიტრალური და კლასიკური დიზაინის მიუხედავად, ძალიან სახასიათო, ინდივიდუალურ და მიმზიდველ გარემოს ქმნის, რომელიც მნახველს სიმშვიდითა და ჰარმონიულობის შეგრძნებით ავსებს და ქმნის ადგილის იმ შთაბეჭდილებას, სადაც საკუთარ თავთან განმარტოება და მასზე ზრუნვა განსაკუთრებულ რიტუალს წარმოადგენს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

5 მითი ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრების შესახებ

დეკორატიული რადიატორის უპირატესობები – 2023 წლის მთავარი ტრენდები